ინგა გრიგოლია: "არსად ვაპირებ აქედან წასვლას... შეაშინეთ ვინც შეგიშინებიათ, თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება" - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია: "არსად ვაპირებ აქედან წასვლას... შეაშინეთ ვინც შეგიშინებიათ, თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება"

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "ტვპირველთან" დაკავშირებულ მოვლენებზე მიმართვა გავრცელა:

"არ ვიცი, რის თქმას მოვახერხებ, მაგრამ შევეცდები, თუ ბევრს ვილაპრაკებ, თუ აზრების დალაგება გამიჭირდება მომიტევეთ, იმიტომ, რომ ძალიან ვღელავ, ჩემი კომენტარი იქნება ასეთი: ჩემი გზა "ტვპირველზე დაიწყო 5 წლის წინ, მაშინ, როდესაც "იმედიდან" პოლიტიკური დირექტივით გამომაგდეს და სრულიად უიმედო, უპერსპექტივო, საყვარელი საქმის გაგრძელების შანსებს მოკლებული დავრჩი ქუჩაში. მაშინ მეგონა, რომ ყველაფერი დამთავარდა, სწორედ, მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში წინადადება "ტვპირველისგან", რომელიც არც კი ვიცოდი ტელევიზორში სად უნდა მომეძებნა.

შევხდი ვატო წერეთელს, ადამიანს, რომლის მადლობელი ვიქნები სულ, ამ შანსისთვის. მან შემომთავაზა, - აი თავისუფლების ტერიტორია და გააკეთე, რაც გინდაო. ვიფიქრე, რისი გაკეთების რესურსი ჰქონდა მაშინ ამ საშინლად პატარა და უმასშტაბო ტელევიზიას და მოვიფიქრე პროექტი "დღის ამბები". დღეში  3-ჯერ ვიჯექი ეთერში წელიწადზე მეტ ხანს, 2-ზე, 4-ზე და 8-ზე. თავიდან ისეთი რთული იყო ეს ყველაფერი, ვერც კი წარმოიდგენთ. როცა რესპონდენტებს ვურეკავდი და ვთხოვდი გადაცემაში სტუმრად მოსვლას 2-ზე, 4-ზე, იბნეოდნენ, იმდენად ვერ წარმოედგნათ, გაგანია შუადღეს რანაირად შეიძლებოდა პოლიტიკური თოქ-შოუ. მერე პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ არ მომერიდება და ვიტყვი, რომ თითქმის ყველ არხმა გადააკოპირა...

აი, ასე დავიწყე მე "ტვპირველში ცხოვრება. დიახ ასე დავიწყე, ისევ ნულიდან, ისევ თავიდან მერვედ და დღეს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ არხის მფლობელს და უკვე დირექტორს ვატო წერეთელს შანსისთვის, რაც მან 5 წლის წინ მომცა, არა მხოლოდ მე. მადლობა მინდა გადავუხადო იმ თავისუფლებისთვის, რომელშიც ვმუშაობ არა მხოლოდ მე, მადლობა მინდა გადავუხადო ურთულეს დროს მხარდაჭერისთვის და პროფესიულად გაცოცხლებისთვის.

მერე ნელ-ნელა განვითარდით, ყველას წვლილი უზარმაზარია ამ ტელევიზიის ისტორიაში, ვისაც ოდესმე უმუშავია. ძალიან დიდია ყველას წვლილი და თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ - ჩემიც. აი, ამ სივრცეში, სადაც ახლა მე ვზივარ, არასოდეს, არც ერთი ჟურნალისტის თავისუფლება არ შეზღუდულა, არც არასდროს მოუთხოვია ვინმეს სტუმრების ან რესპონდენტებს შეთანხმება, ან მფლობელის ინტერესზე მუშაობა. ასეა დღესაც, ზუსტად ვიცი, ასე იქნება ხვალაც, ეს არის ჩემი პროფესიული ბედნიერება, ჩემი სრული თავისუფლება, ვაკეთებ იმას, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ვაშუქებ ისე, როგორც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ყოველგვარი ცენზურის, ტანჯვის გარეშე.

ვიცი, რომ გაინტერესებთ, დღეს რამდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა, ამიტომ აქვე ვიტყვი, მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას, "ტვპირველია" ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის მსგავსი თავისუფლების მქონე სხვა არხი იშვიათად მინახავს. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ კოლეგებზე, ძალიან მწყდება გული დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე, ძალიან მძიმე ჩემთვის ამ სიტყვების თქმა. რთულად გადავიტანე მათი წავლა, იმდენად რთულად, რომ სიტყვებს მართლა ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის სრულად გადმოსაცემად და ალბათ რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც ახლა მე განვიცდი, თავს არ მოგახვევთ ჩემს ადამიანურ დარდებს, ნერვიულობას, რაც ახლა ჩემშია, ეს ყველაფერი ჩემი გადასატანია, ჩემმა ასაკმა მასწავლა ემოციების და დარდის კონტროლი, მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს დიდ წარმატებას სხვა არხებზე, დიდი წარმატებას პროფესიაში. აქ დავასრულებ ამ თემას და აქ გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ ცხოვრებას, ჩემს საყვარელ ტელევიზიაში, მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია "ტვპირველი", რომელიც შვილივით მიყვარს, ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე, გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ ტროლები, ბოტები, მეფის კლოუნები, ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან. ერთხელ ვთქვი, ზუსტად ამ სტუდიაში ეს სიტყვები 2016 წლის 14 მარტს, როცა ლამის სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეთ, ვინც გამომიტანეთ, პირად ცხოვრების კადრებით რომ მემუქრებდით და ახლაც იმავეს გავიმეორებ, ზუსტად ამ სტუდიაში, შეაშინეთ. ვინც შეგიშინებიათ, თქვენი მუქარები მეტად მესასაცილოება, ძალიან დიდი ვარ ამისთვის, მე გულწრფელი საუბარი მიყვარს მაყურებელთან და გულწრფელად გეტყვით, შეცდომები ამ არხზეც დაგვიშვია და სხვა არხზეც, ამ შეცდომების გამო ცხარედაც გვიკამათია, გვიჩხუბია კიდეც და ალბათ კიდევ დავუშვებთ და გვაპატიეთ, თუ ყოველთვის ვერ ვართ უშეცდომოები, უშეცდომო ადამიანი მე არ მეგულება. გვაკრიტიკეთ, ოღონდ ამოშანთვით ნუ დაგვემუქრებით, თუ როდესმე ვიგრძნობ, რომ ჩემს თავისუფლებას რამე, ვინმე ემუქრება, ვინმე რამეს მაიძულებს, შეეცდება დამბლოკოს, ხელი შემიშალოს ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ასევე გეტყვით არ დავმალავ..." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველში" ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. არხზე სამუშაოდ მივიდა "მთავარი არხის" ყოფილი სახე ნოდარ მელაძე საკუთარ გუნდთან ერთად, ინგა გრიგოლიამ ტელეკომანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა, არხიდან კი ცნობილი სახეები - ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი და დიანა ტრაპაიძე, ერთმანეთის მიყოლებით წამოვიდნენ.