თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - რას ამბობს ექიმი?

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ევექსის" კლინიკაში განაცხადეს.

ექიმის თქმით, მამაკაცს ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ორი პაციენტია შემოყვანილი, შუახნის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. კერძოდ: არის მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, წელის ძვალის მოტეხილობა. შეყვანილი არის საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია.

რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილების დაჟეჟილობა. უტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გაწერასთან დაკავშირებით",- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ასევე დაშავებულ ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"