"სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასა და რუსეთს აწყობთ დესტაბილიზაცია საქართველოში" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასა და რუსეთს აწყობთ დესტაბილიზაცია საქართველოში"

"სააკაშვილმა 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ჩაშალა ყველანაირი მოლაპარაკების ფორმატი, რომელსაც მხარს უჭერდა და აფინანსებდა როგორც აშშ, ისე ევროკავშირი"

"რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემოქმედია, რამზან კადიროვი კი ადამიანი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში დაწესებულ ქცევის ნორმებს არ ემორჩილება, და ეს მოცემულობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს... თუმცა მიჩნდება კიდევ სხვა ეჭვები და სხვა შეკითხვები", - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.

- ნახევარი საათი ვლაპარაკობდი, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს რუსეთს დესტაბილიზაცია და რატომ შეიძლება მოეკლა ქართველი ჟურნალისტი, მაგრამ ერთი ჟურნალისტი მაინც ჩამაცივდა, რუსეთს რატომ არ აკრიტიკებო. ბოკერიამაც დაგვაბრალა, თითქოს ამ საქმეში რუსებს არ ვადანაშაულებდეთ. შესაბამისად, მიჩნდება ეჭვი, ვიღაცებს ინფორმაცია ჰქონდათ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ და იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლება ამ ამბავს საჯაროდ არ გააკრიტიკებდა. მეორე საკითხია, რომ რუსეთს დესტაბილიზაცია ნამდვილად აწყობს, რადგან საქართველო ენერგორესურსების გადაზიდვის დერეფანი გახდა - ტანაპის პროექტი მაქვს მხედველობაში, რაც საქართველო-თურქეთის პროექტს უკვე გასცდა და საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით გაზსადენი იტალიაში ჩავიდა. ეს უზარმაზარი პროექტი რუსეთის ინტერესებს უპირისპირდება. გარდა ამისა, საქართველო არის აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის სანდო პარტნიორი.

ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს რუსეთს დესტაბილიზაცია. რუსეთის გარდა, არის ე.წ. სააკაშვილის კლასტერი, რომელსაც ასევე აწყობს საქართველოში არეულობა იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს, მოხდეს რევოლუცია და დაბრუნდეს ხელისუფლებაში. სააკაშვილის პოლიტიკურ ძალასა და რუსეთს შესაძლოა სხვადასხვა მიზანი აქვთ, მაგრამ უნისონში მოქმედებენ - ორივეს აწყობს დესტაბილიზაცია საქართველოში.

სააკაშვილმა 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ჩაშალა ყველანაირი მოლაპარაკების ფორმატი, რომელსაც მხარს უჭერდა და აფინანსებდა როგორც აშშ, ისე ევროკავშირი. ომის წინა პერიოდში, როდესაც უკვე აშკარა იყო, რომ რუსეთი შეტევისთვის ემზადებოდა, გაეროს უშიშროების საბჭოს არ შეატყობინა, ხალხი არ გამოიყვანა კონფლიქტური ზონებიდან. 7 აგვისტომდე გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთს არც აინტერესებდა ცხინვალის რეგიონი. შემდეგ ყველაფერი იმით დააგვირგვინეს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც აღიარებენ, რომ კონფლიქტი საქართველოს მიზეზით დაიწყო. ასეთი უზნეობის ჩადენა და შემდეგ ხელის სხვისკენ გაშვერა, პოლიტიკური ფანდია.

- მაგრამ გვაქვს ამერიკელი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილები და ანაკლიის ჩაშლილი პროექტი... - არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სერიოზული, პირადი ურთიერთობები აქვთ "ნაციონალებთან", თუმცა მათ შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც აღიარეს, რომ არ სჯერათ ივანიშვილის პუტინთან ფარული კავშირის. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ეს დამოკიდებულია მსხვილი ბიზნესის დაინტერესებაზე, რაც უნდა უზრუნველყოს კომპანიამ, რომელიც მის განხორციელებას მოჰკიდებს ხელს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენი მიზანია დასავლური პროექტების ჩაშლა რუსეთის სასარგებლოდ, მაშინ აშშ-ის სახელმწიფო კომპანია "ოპეკი" უზარმაზარ პროექტს რატომ ახორციელებს ფოთში ქართულ მხარესთან ერთად?! დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პროექტიც განხორციელდება.

ხათუნა ბახტურიძე