"საქართველოს ახლა აქვს შანსი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთს ძვირად დაუსვას"
"ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკური ნება რომ იყოს, ძალიან ბევრი რუსული აგენტურული ქსელი გამოვლინდებოდა"
ელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას. ოპოზიცია ამ თემაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ამერიკელი კონგრესმენების ერთმა ნაწილმა ბიძინა ივანიშვილი პუტინის ფარულ მოკავშირეობასა და საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ოპოზიციონერ ლიდერთა და ექსპერტთა ნაწილის აზრით, ივანიშვილი მიზანმიმართულად ქმნის რთულ სოციალურ ვითარებას, რათა მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები ნიშანდობლივად მიიჩნევენ ოპონენტების "ოცნების" ლიდერების შეურაცხმყოფელ განცხადებებს და ირწმუნებიან, რომ ყოფილმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი ლიდერები გოიმებად და ძროხებად სიძულვილის გაღვივების მიზნით მოიხსენია. თავის მხრივ, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ცდილობს ხალხის გაღიზიანებას სიცრუის ტირაჟირებით. ცოტა ხნის წინ, როდესაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის საქმე გახმაურდა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს საქმე ხელს აძლევდა ოპოზიციას.
"ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ისეთი განვითარება, რაც არასტაბილურობას გამოიწვევდა", - განაცხადა მან. ვის აძლევს ხელს ქართველი საზოგადოების დაპირისპირება, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს პრორუსულობაში ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ ნამდვილად პროდასავლურ ძალას თავად წარმოადგენენ, ამ საკითხებზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი გვესაუბრება.
- ფაქტია, გაბუნიას მკვლელობა დაგეგმეს გარე ძალებმა, შიდა ძალები კი ამის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. წინასაარჩევნო პერიოდისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ერთმანეთის დადანაშაულება რუსეთთან კავშირში ნაცადი ხერხია. ოპოზიციას ის უმაგრებს ზურგს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ერთი ნაწილი მმართველ გუნდს ადანაშაულებს რუსეთთან კავშირში. ხელისუფლებას სხვა ტაქტიკა აქვს - მართალია, დადასტურებული ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის ტერიტორიაზე მოკლა რუსული სპეცსამსახურების დაქირავებულმა მკვლელმა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება განცხადებას არ აკეთებს. ეს მხოლოდ ოპოზიციის კი არა, საზოგადოების გულისწყრომასაც იწვევს. სწორი იქნებოდა, რომ გერმანიის პროკურატურის განცხადებას ხანგოშვილის მკვლელობაზე ჩვენი ხელისუფლებაც გამოხმაურებოდა.
- ეს ხელისუფლების სტრატეგიულ მოთმინებად არის შეფასებული, რის შედეგადაც, მათი განცხადებით, ჩვენ უკვე 8 წელია რუსეთთან ომი არ გვქონია. - ამ 8 წლის განმავლობაში არაერთხელ გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა, ჩვენს მოქალაქეებს ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე იტაცებენ, ზოგჯერ კლავენ კიდეც... ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეს შეგახსენებთ. იმის შიში, თუ ხმას ამოვიღებთ, რუსები ტანკებით გადაგვივლიან, მართებულად არ მიმაჩნია.
- რა შეუშლით ხელს? - რუსეთი 2014 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დღემდე მძიმე ფასს იხდის როგორც მატერიალურად, ისე პოლიტიკურად. საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია.
მართალია, კრემლი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ სანქციები არაფერს ვნებს, მაგრამ რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ახალი სამხედრო ავანტიურის წამოწყებას რუსეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გამოვრიცხავ.
ჩვენს ხელისუფლებას მეტი აქტიურობა და თავმოყვარეობის დემონსტრირება მართებს. საერთაშორისო პოლიტიკაში ცნობილი ფაქტია - რაც უფრო წაუყრუებს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ჩაგვრას, მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობას, მით უფრო ნაკლებად გაითვალისწინებს შენს ინტერესებს მოწინააღმდეგე, მით უფრო, თუ ის რუსეთია.
საქართველოს ახლა აქვს შანსი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთს ძვირად დაუსვას, გერმანიასთან ერთად. ასევე, ძალიან ძვირად დაუჯდეს პუტინს, რომ მისი ვასალი, მკვლელების ბრიგადის ხელმძღვანელი კადიროვი საჯაროდ ემუქრება ჩვენი ქვეყნის ცნობილ ჟურნალისტს. გაბუნიას მკვლელობის მცდელობა ტერორისტული აქტის მცდელობაა. კრიმინალური მენტალიტეტის ხელისუფლებას რაც მეტს დაუთმობ, მით უფრო დაგჩაგრავს.
რუსეთი მზად არის ნებისმიერი კრიტიკული ბლოგის დაწერის გამოც კი დასაჯოს არათუ საკუთარი, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეც. თუ ამას სათანადო შეფასება არ მიეცა, პროცესი შესაძლოა შეუქცევადი გახდეს.
- საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები იძლევა თუ არა იმის ფიქრის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს რუსული ჰიბრიდული ომის შედეგებთან? - რუსული სპეცსამსახურები რომ საქართველოში ძალიან შედეგიანად მუშაობენ და კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს თუ ორგანიზაციებს ფინანსურ დახმარებას უწევენ, რათა შეაფერხონ დემოკრატიული განვითარება, ხელი შეუშალონ სტაბილიზაციას, ცხადია. შეგახსენებთ, რომ როდესაც მონტენეგრომ ნატოში გაწევრების გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა. ამის გამო დღესაც სასჯელს იხდიან რუსი და სერბი ორგანიზატორები. ბრიტანეთმა სულ ცოტა ხნის წინ გამოავლინა რუსული აგენტურული ქსელი, რომელიც ჰაკერული საქმიანობით დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნიდა როგორც ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში. მათი ბოროტმოქმედების მასშტაბი ძალიან დიდია. აქ კი ნოყიერი ნიადაგი აქვთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში პოლიტიკური ნება რომ იყოს, ძალიან ბევრი რუსული აგენტურული ქსელი გამოვლინდებოდა.
ხათუნა ბახტურიძე