"ოპოზიციის გამარჯვება სააკაშვილის მხარდამჭერების გარეშე წარმოუდგენელია" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის გამარჯვება სააკაშვილის მხარდამჭერების გარეშე წარმოუდგენელია"

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ხოლო ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. ამ საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება.

- ბევრი ამბობდა, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარებზე ვერ შეთანხმდებოდა, მე კი ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მილოცავენ, თუმცა ბრძოლა ახლა იწყება, მთავარი ომი მოსაგებია. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გაგვეკეთებინა არა ის, რაც პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს უნდოდა, არამედ ის, რასაც ჩვენგან ელოდა ხალხი - შეთანხმებასა და თანხმობას.

- დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიციური ერთობა ხალხის სურვილი იყო? საზოგადოების ნაწილი იმანაც კი გააღიზიანა, რომ ნათელაშვილის ოფისში თავმოყრილი იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდნენ. - ავირჩიეთ ისინი, ვისაც საზოგადოება ენდობა, და არა ისინი, ვისთანაც შეკითხვები აქვთ. 6 მაჟორიტარულ ოლქში 5 სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელია. ასეთი მრავალფეროვნება არასდროს ყოფილა.

- დარჩენილი ორი ადგილისთვის ვეღარ შეარჩიეთ ისეთი კანდიდატი, რომელთანაც საზოგადოებას შეკითხვები არ ექნებოდა? - კარი ღია დავტოვეთ იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ჩვენ ვერ მოვიაზრეთ, ასევე საზოგადო მოღვაწეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთო ფრონტის ფორმირებაში. ალბათ, არავინ ელოდით, თუ კონკრეტული პარტიები უარს იტყოდნენ მაჟორიტარულ მანდატებზე. მათ საერთო საქმისთვის დაიხიეს უკან. აი, ეს ვაჩვენეთ საზოგადოებას ამ ორი ადგილის დატოვებით.

- კომპენსაცია ხომ არ მიიღეთ იმის გამო, რომ ოპოზიციურმა ერთობამ პრემიერის პოსტზე თქვენი კანდიდატურა არ მოიწონა? - ჩემი მაჟორიტარობის კანდიდატურა თავიდანვე განიხილებოდა, სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს ასე. მაჟორიტარობის კანდიდატმა სამჯერ და ოთხჯერ მეტი საქმე უნდა გააკეთოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატურას, მე მაშინ ვთქვი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი და ეს საკითხი დაისმება, ოღონდ ჯერ არა. ეს უნდა მოხდეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. კანდიდატი ვინ იქნება, გუნდურად უნდა გადაწყდეს. თუ გუნდი გადაწყვეტს, ვიკისრებ ამ პასუხისმგებლობას, თუ არ გადაწყვეტს, მათ სხვა არჩევანს დავუჭერ მხარს.

- ოპოზიციური ერთობის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? - თემატური თანამშრომლობა სასამართლოსა და განათლების საკითხებზე. მნიშვნელოვანია არჩევნების გაყალბების თავიდან აცილებისთვის თანამშრომლობა.

- სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნების ავანგარდში იქნება, დისკომფორტს არ გიქმნით? - ოპოზიციის გამარჯვება სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების გარეშე წარმოუდგენელია. მას მართლა ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ეს რეალობაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

ხათუნა ბახტურიძე