"თავს უფლება მისცა მისთვის საბედისწერო წვეულებაზე მისულიყო, არ უყვარდა წვეულებებზე სიარული"
4-დღიანი ძებნის შემდეგ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე 19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე ნახე და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგის არ უყვარდა წვეულებზე სიარული და არც დრო ჰქონდა ამისთვის, რადგან სპორტით და ფეხბურთით იყო დაკავებული.
"ყველა შეშფოთებულია და განიცდის ამ დიდ ტრაგედიას. საუკეთესო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ძალიან ზრდილი, ნიჭიერი ფეხბურთელი გამოაკლდა ქვეყანას, ჩვენს გუნდს, მის ოჯახს, ჩვენი კლუბი არის ოჯახივით შეკრული და თითოეულ მათ წევრს, როგორც შვილებს ისე ვზრდით და ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. დღეს ბოლო იმედს კიდევ ვაჟღერებდი პირდაპირ ეთერში და ვთხოვდი ყველას, ვისაც შეეძლო დახმარება და თვითონ გიორგისაც პირდაპირი ეთერის საშუალებით მივმართე, თუ შესაძლებელი იყო, გამოჩენილიყო, მაგრამ ეს ბოლო იმედიც გამიქრა... პირდაპირ ეთერში შევიტყვე, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს. ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ვანუგეშოთ მისი ოჯახი და ლოცვებში მოვიხსენიოთ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, მშობლების თაობამ, ხომ არ მიგვიძღვის თითოეულ ჩვენგანს რაიმე წვლილი იმაში, რომ ჩვენი შვილები აგრესიულები არიან ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ და ფაქტობრივად, ასე უმიზეზო, უბედურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე.
ჩემი იმედი ეფუძნებოდა ერთ რამეს, გამოცდილი სპეციალისტებისგან ვიცოდით, რომ ძლიერი სტრესის დროს შეიძლება ადამიანმა მეხსიერება დაკარგოს, შეიძლება რამე ტრავმა მიიღოს, ჩვენ ხო არ ვიცით, იმ მომენტში რა მოხდა და რატომ დატოვა იქაურობა, ყოფილა არა ერთი შემთხვევა, რომ რამდენიმე დღის მერე გამოჩენილა ადამიანი და ამიტომაც მივმართე ეთერიდან, ხავს ვეჭიდობოდით, რაც უფრო დრო გადიოდა, ვფიქრობდით, რომ ვუახლოვდებოდით უბედურ შემთხვევას, მაგრამ ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებდით. იქ დაპისრისპირებული ახალგაზრდებიც აღიარებენ, რომ თვითონ გიორგი არ მონაწილეობდა არანაირ დაპირისპირებაში, მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო უნიჭიერესი ბავშვი, ამას მანამდეც ვამბობდი, ვიდრე ამ უბედურებას გავიგებდი, უკონფლიქტო, უსაყვარლესი ადამიანი იყო, ძალიან კარგი დედის და მამის გაზრდილი... ძალიან დასანანია, რომ შვილებს ვკარგავთ, არა ერთი ახალგაზრდა შეეწირა მსგავს გაუგებრობას.
ტარიელ ხიჩიკაშვილის ინფორმაციით, დაბადების დღეზე არ ყოფილან კლუბის წევრი სხვა ფეხბურთელები და მან არ იცის მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები.
"მოქმედი ფეხბურთელი იყო, მხოლოდ გიორგი, ისიც იყო დაპატიჟებული, დანარჩენი დეტალები არ ვიცი და ამაზე შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. ახლა მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზა გვეტყვის რა იყო ამ ფატალური შემთხვევის მიზეზი. ის, რომ დაძაბულობა იყო და დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის, ეს იცით და ამას მოჰყვა ეს უბედურება. ბუნებრივია, უამრავი შეკითხვა არსებობს და მე იმედი მაქვს, ყველაფერს გაეცემა პასუხი. კლუბიდან დაკითხვაზე ამ ეტაპზე დაბარებული არავინ არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუნდის არც ერთი წევრი იქ არ ყოფილა. გიორგი დაბადების დღეზე დაპატიჟეს და ამიტომ მოხვდა იქ, იგი იშვიათად ესწრებოდა ასეთ წვეულებებს... მოგეხსენებათ, ახლა რა მდგომარეობაა, მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებმა დაიწყეს შეკრება, სხვებს ჰქონდათ თავისუფალი დრო და თავს უფლება მისცა მისთვის საბედისწერო წვეულებაზე მისულიყო, მას არ უყვარდა წვეულებებზე სიარული და არც დრო ჰქონდა ამისთვის, მის დღის წესრიგს შეადგენდა ფეხბურთი და სპორტი", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა