"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოსაკითხ ორ პირს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ" - რას აცხადებს ადვოკატი?
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მცხეთის პოლიციის შენობაში გამოსაკითხ ორ პირს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. აღნიშნულის შესახებ გამოსაკითხი პირების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მიიღებენ თუ არა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.
მცხეთის პოლიციის შენობაში ორი მოწმის გამოკითხვა დაიწყო.
აღნიშნული პირები გამოკითხვაზე ხელმეორედ არიან დაბარებულები.
ალექსანდრე კობაიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ე.წ. ოქროს მოწმის ჩვენების საფუძველზე დაიბარეს.
გამოსაკითხი პირები შავი ფერის „ტოიოტა კამრის" მძღოლი და მგზავრი არიან, რომლებიც სათვალთვალო კამერამ ნატახტრის ტერიტორიაზე დააფიქსირა. სწორედ აღნიშნულმა მანქანამ დატოვა ერთ-ერთ მეტროსადგურთან ე.წ. ოქროს მოწმე.
ცნობისთვის, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
"ინტერპრესნიუსი"