პროდუქციის ხარისხი გაკონტროლდება - კვირის პალიტრა

პროდუქციის ხარისხი გაკონტროლდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ინფლაციის ზრდამ საქართველოში 2011 წლის იანვარში, 2010 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12,3% შეადგინა. ინფლაციის მთავარ მიზეზად სურსათზე მომატებული ფასები სახელდება. პირველადი მოხმარების პროდუქტსა და სურსათზე ფასების მატება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ყოველგვარი სტატისტიკური მონაცემების გარეშეც თვალშისაცემი და შემაშფოთებელია. პროგნოზი კი, - არც თუ დამაიმედებელი (http://www.kvirispalitra.ge//economic/6634-sursathi-kidev-gadzvirdeba.html).

თუმცა ამჯერად არა პროდუქტის ფასზე, არამედ ხარისხზე გვსურს ყურადღების გამახვილება (ეს ის შემთხვევაა, როცა ფასის ზრდა, სამწუხაროდ, არ არის პროდუქტის ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციული).

მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი და კონსტიტუციური ვალდებულებაა.  "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო, 2006 წელი გარდამავალი პერიოდი იყო და კანონი 2007 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო. მაგრამ მისი მთავარი მუხლების მოქმედება 2006 წლის დეკემბერშივე შეაჩერეს. მათ შორის მეწარმეთა რეგისტრაციის, ინსპექტირების, გეგმიური და მოულოდნელი შემოწმების პროცედურები, მიკვლევადობა და ა.შ. 2010 წლამდე მეწარმეებს საშუალება მიეცათ მომზადებულიყვნენ და კანონის შესაბამისობაში მოეყვანათ თავიანთი წარმოება. 2010 წელს  ამ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სრულყოფილი სახელმწიფო კონტროლის აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს ეტაპობრივად განხორციელდება.

2011 წლის იანვარში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იწყება სურსათის მწარმოებელი კომპანიების მონიტორინგი. კონტროლს "სურსათის ეროვნული სააგენტო" განახორციელებს, რომელიც "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის" ლიკვიდაციის შემდეგ ჩამოყალიბდა.  სააგენტოს ამოქმედებამდე ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარი, ფაქტობრივად, უკონტროლო იყო, მომხმარებელი კი დაუცველი და არაინფორმირებული.

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რამდენად ქმედითი იქნება აღნიშნული სამსახურის საქმიანობა და რომელი საწარმოების კონტროლი განხორციელდება პირველ რიგში. რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მედიისა და მომხმარებლისთვის ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტის უსაფრთხოებასა და ვარგისიანობაზე.

ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ვერიკო გულუას.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს ორასამდე კომპანიის შემოწმებაა დაგეგმილი. რომელი კომპანიები შეირჩევა პირველ რიგში და რა მაჩვენებლები შემოწმდება?

- "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა ტიპის  სურსათის  მწარმოებელ საწარმოთა სახელმწიფო კონტროლი. ეს ყველა ტიპის საწარმოს შეეხება.  სახელმწიფო კონტროლის დროს საწარმოში სრული ინპექტირება ტარდება: მოწმდება დოკუმენტაცია, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სტანდარტების შესაბამისობა.

- რა პრინციპით მოხდა კომპანიების შერჩევა?

- კომპანიები შეირჩნენ მაღალი რისკის წარმოების მიხედვით. ასეთია ხორცისა და რძის პროდუქტების გადამუშავება (მათ შორის სასაკლაოები),  საკონსერვო წარმოება, ბავშვთა (მათ შორის ჩვილ ბავშვთა) კვება. აგრეთვე, ცხოველური წარმოშობის პირველადი წარმოება (მეცხოველეობის ფერმები).

- ჩატარებული კვლევის შედეგები,  განსაკუთრებით - ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ, იქნება თუ არა ხელმისაწვდომი მედიისთვის?

- საზოგადოებისთვის, მათ შორის, მედიისთვის, საჯარო იქნება სახელმწიფო კონტროლის ჩატარების საერთო შედეგები, პარალელურად დაცული იქნება მეწარმეთა ბიზნესინტერესები.

KvirisPalitra.Ge- რა შემთხვევაში ახორციელებს სააგენტო სურსათის ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას და რა სადამსჯელო ღონისძიებებია გათვალისწინებული დარღვევის აღმოჩენისას, ან რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში?

- სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში სურსათის ნიმუშის აღებას და ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას ახორციელებს შემდეგ შემთხვევებში: მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, საკვებით გამოწვეული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების და სხვა მასობრივი დაავადებების აღმოცენების შემთხვევაში.

ამასთანავე, ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სურსათის რეალიზაციას, დაექვემდებარა სახელწმიფო კონტროლს - ინსპექტირებას. შესაბამისად, თუ სურსათის რეალიზაცია ხორციელდება ჰიგიენის წესების დარღვევით, ბიზნესოპერატორს მიეცემა რეკომენდაციები, ხოლო მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები.

თუ საწარმოში აღმოჩენილი იქნება კრიტიკული შეუსაბამობა, საწარმოს შეუჩერდება რეალიზაცია მინიმუმ იმ დროით, სანამ მდგომარეობას არ გამოასწორებს.

- შეესაბამება თუ არა ჩვენი საკანონმდებლო ბაზა განვითრებული ქვეყნების მიერ შემუშავებულ სტანდარტს?

- სურსათის უვნებლობის სფეროში ქართული საკანონმდებლო ბაზა ძირითად ნაწილში შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ახლადამოქმედებული სააგენტო კეთილსინდისიერად შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას და ეკონომიკის და ვაჭრობის ლიბერალიზაციის ფონზე არ შეუშინდება წარმოებაში არსებული დარღვევების აღნუსხვას და საჭიროების შემთხვევაში - გახმაურებას.

ნინო ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)