"ვერსია, რომ ავტომანქანა "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, გამოირიცხა" - რას ამბობს დაკავებული მორაგბეების ადვოკატი?
ვერსია, რომ ავტომანქანა "ტოიოტა ქამრი" ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს დაეჯახა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.
მამულაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მას ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით საქმის მასალები გადასცეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეზე 10-მდე ახალი მოწმეა გამოკითხული.
როგორც ცნობილია, სწორედ "ტოიოტა ქამრი" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები ფიგურირიებენ გიორგი შაქარაშვილის საქმეში. აღნიშნული ორივე ავტომანქანა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ამ დრომდე დალუქულ მდგომარეობაში დგას. "ტოიოტა ქამრის" წინა ნაწილი დაზიანებულია.
"ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ "ტოიოტა ქამრი" ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ასევე დადგინდა, რომ მასზე აღდგენითი სარემონტო სამუშაოების კვალი არ აღინიშნება. ამასთან, ავტომობილზე დაზიანებები არის უკანა "ბამპერზე" და წინა "კრილოზე". "კრილოს" მარჯვნივ აღენიშნება მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები მკვრივი-ბლაგვი საგნით. ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს დაზიანება ადამიანთან შემხებლობით კი არა, არამედ სავარაუდოდ, მანქანასთან, ან სხვა მკვრივ ბლაგვ საგანთან მოქმედებით, შეჯახებით მოხდა, რითაც ჩვენი შეფასებით ის აბსტრაქტული ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული მანქანა გიორგი შაქარაშვილს დაეჯახა, გამოირიცხა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. მანქანას დაზიანებები ბევრად მანამდე ჰქონდა მიღებული, მისი ხანდაზმულობა განსაზღვრული არ არის, თუმცა, ეს დაზიანება ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის. ეს საქმეში არაფერს ცვლის, თუმცა, ის შესაძლო ვერსია გამოირიცხა და გამოძიებამ სხვა ვერსიებზე უნდა იმუშაოს.
ამასთან, დღეს საქმის სხვა მასალები გადმოგვეცა, თუმცა, ჯერ არ გავცნობივართ. საქმეზე ახალი პირებიც გამოკითხულები არიან, დაახლოებით, 10-მდე მოწმე. თუმცა, საქმესთან მათი შემხებლობის შესახებ არ ვიცით. ასევე, გვაქვს დამატებით ვიდეომასალებიც", - აცხადებს მამულაშვილი.
"ინტერპრესნიუსი"