თავდაცვის ძალებს ახალი უფროსი ჰყავს, ძველი კი შეიძლება ახალი პარლამენტის წევრი გახდეს?
საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალებად სახელცვლიდან 19 თვეში მისი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თანამდებობას ტოვებს და თადარიგში გადის.მის ადგილზე ინიშნება მისი მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომელიც გენშტაბის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა.
მკითხველისთვის შეიძლება ცოტა დამაბნეველი ეს რეგალიები ქართულ არმიაში 2018 წლის ბოლოს გაჩნდა, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი შეეცვალა და თავდაცვის ძალები ეწოდა, მაშინდელი შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია კი თავდაცვის ძალების მეთაურად დამტკიცდა.
დარჩა გენშტაბის უფროსის თანამდებობაც და ის თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთმა მოადგილემ შეითავსა, სანამ ერთ წელში, 2019 წლის 25 დეკემბერს, ეს თანამდებობა დასავლეთის მიმართულების სარდლობიდან გადმოყვანილმა გენერალმა გიორგი მათიაშვილმა არ დაიკავა. დასავლეთის მიმართულებიდან მისი ისევ თბილისში, თავდაცვის ძალების სარდლობაში დაბრუნება მიუთითებდა, რომ იმ დროისთვის ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დროთა განმავლობაში ქვეყნის პირველი სამხედროს სავარძლის პატრონად სწორედ მისი კანდიდატურა შეარჩია.
ძნელი სათქმელია, გაირბინა თუ არა შავმა კატამ თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილსა და თავდაცვის ძალების უფროს ჩაჩიბაიას შორის, მაგრამ ფაქტია, რომ გენერალ ჩაჩიბაიას კანონი უფლებას აძლევდა, კიდევ რამდენიმე წელი შეესრულებინა თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობა, 48 წლის გენერალ-ლეიტენანტი კი თადარიგში გადის.
მეორე მხრივ, სამხედრო სამსახურიდან გენერალ-ლეიტენანტ ჩაჩიბაიას ადრეული წასვლა გასაგებია, რადგან ოფიცერი, რომელიც, ფაქტობრივად, სამჯერ ედგა სათავეში ქართულ არმიას (2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტამდე ის იყო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი; 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე - შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და 2018 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ივლისამდე - თავდაცვის ძალების მეთაური), უფრო დაბალ თანამდებობაზე ძნელი წარმოსადგენია.
მოარულ ხმებს თუ ვენდობით, გენერალ ჩაჩიბაიას მიერ სამხედრო მუნდირის სამოქალაქო კოსტიუმით შეცვლის მიზეზი შეიძლება შემოდგომაზე ახალ პარლამენტში ამჟამინდელი მმართველი პარტიის სიით კენჭისყრა იყოს, საქართველოს კონსტიტუციით კი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი.
მოქმედი გენერლების დიდ პოლიტიკაში გადასვლის არცთუ წარმატებული ცდის პრეცედენტი ყველას გვახსოვს - ორი წლის წინ თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდალმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ წარმატებულ სამხედრო კარიერას იმერეთის გუბერნატორობა ამჯობინა. კულუარებში იმასაც ამბობდნენ, რომ წარმოშობით საჩხერელ გენერალს ბიძინა ივანიშვილი ამზადებდა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შემცვლელად, თუმცა მერე რაღაც მოხდა და ცხრა თვის შემდეგ შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორობიდან ისევ თავდაცვის ძალებში დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ გერმანიაში საქართველოს სამხედრო ატაშეს პოსტზე, არადა, როგორც აღმოსავლეთ მიმართულების სარდალს, წარმატებული სამხედრო კარიერა ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კანონით ეკრძალება სამხედროების საქმეში ჩარევა, მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის პირადი ურთიერთობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. იმედს ვიტოვებთ, რომ ღარიბაშვილისა და მათიაშვილის ტანდემი ხელს შეუწყობს ქართული არმიის გაძლიერებას.
თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე გენერალ ჩაჩიბაიას სწორედ მისი მოადგილე, გენერალი მათიაშვილი რომ შეცვლიდა, ბოლო კვირებში აშკარად იგრძნობოდა, რადგან თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილის გვერდით ყველა ფოტო თუ ვიდეოკადრში სწორედ ის ჩანდა.