"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი
"სიყვარული ყველაფერს გადაგატანინებთ. იცოცხლეთ, იყავით ჯანმრთელები. ომი არ გენახოთ. მოშენდით და მომრავლდით"
ჭიათურის სოფელ მენდაეთში ნოე მუმლაძე და მისი მეუღლე მარო ციცვიძე-მუმლაძე ცხოვრობენ. ტკბილ წყვილს საინტერესო ცხოვრება აქვთ გავლილი. წელს ისინი 100-100 წლისანი გახდნენ. შვილიშვილების ინიციატივით, ჯვარი ახლახან დაიწერეს. ამბობენ, ტკბილად შევაბერდით ერთმანეთსო. განვლილი დღეები თბილად ახსენდებათ და გვლოცავენ, ჩვენი ხნისა მოიყარენითო. მუხლი ძველებურად აღარ გვიჭრის, მაგრამ იმერული სტუმართმოყვარეობა და სიტყვა-პასუხი სისხლში გვაქვს გამჯდარიო, გვეუბნებიან და მწვანეში ჩაფლულ ეზოში ღიმილით გვეგებებიან.
ნოე მუმლაძე:
- 1920 წელს დაბადებულები ვართ და წელს 100 წლისანი გავხდით. ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში და დამიჯერეთ, მთავარი ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და პატიოსანი სახელია.
1937 წელს მამაჩემი რომ დააპატიმრეს, მე სკოლიდან გამომაგდეს. მოხუცი დედა მყავდა და ყველაფერში ვეხმარებოდი, ძალ-ღონეს არ ვზოგავდი. მერე ჯარში გამიწვიეს. მეც მიმეჩქარებოდა, ვფიქრობდი, იქ მაინც ვისწავლი რაღაცას-მეთქი. ბაქოში, საგზაო ბატალიონში გვიკრეს თავი. 1941 წელს ომი რომ დაიწყო, ვაგონებში ისე ჩაგვსხეს, არც ვიცოდით, სად მივყავდით. ჯერ თბილისში ჩამოგვიყვანეს, მერე - ლენინაკანში ხიდის მშენებლობაზე გაგვამწესეს. მშენებლობა რომ დამთავრდა, სტალინი, ბერია და ორჯონიკიძე ჩამოვიდნენ გახსნაზე. დაგვაწყვეს მწკრივში და მივჩერებოდით. იმის შემდეგ რამდენი ხიდი ავაშენეთ... დღედაღამ ვშრომობდი, მანდაეთში კი წელიწადში ერთი კვირით თუ გამიშვებდნენ.
- როდის იქორწინეთ? - ცოლი ადრე მინდოდა შემერთო, მაგრამ ომს თავისი წესები აქვს... მე და მარო ერთი სოფლიდან ვართ, ჩვენგან კილომეტრში ცხოვრობდა. ერთ-ერთი შვებულებისას, 1945 წლის 1-ლ მაისს, შევირთე ცოლად და 2-ში ისევ ჯარში წავედი. მერე ომიც დამთავრდა, მაგრამ აღარ მიშვებდნენ - კარგად მუშაობ, ოჯახი ჩამოიყვანე და აქ იცხოვრეო. იმდენი ვქენი, ბოლოს გამათავისუფლეს. 1945 წლის ივნისი იყო, სოფელში რომ დავბრუნდი.
მარო ციცვიძე-მუმლაძე: - ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ, შვიდი კლასი ერთად დავამთავრეთ. ბებია მყავდა ბებიაქალი და ნოეს დაბადებაშიც მიუღია მონაწილეობა. დედამისისთვის უთქვამს, ჩემი რძალია ორსულად და გოგო თუ გვეყოლა, შენ უნდა გამოგატანო რძლადო. მას უკან იტრიალა ამ სიტყვამ, შეგვახელეს... და აგერ უკვე 76 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. გაჭირვებაც ბევრი ვნახეთ და დალხინებაც.
ნოე: - ასაკი უფრო აშაქრებს სიყვარულს... გვიყვარდა ერთმანეთი და ახლაც ასეა. გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო.
მარო: - ვნერვიულობ ხოლმე, რომ შეაგვიანდება.
- როგორია თქვენი ერთი დღე? - აღარც ქათმები გვყავს, აღარც - ძროხები... ვეღარ ვუვლით. სამაგიეროდ შვილები და შვილიშვილები გვყავს ისეთი, პურს არ გვაკლებენ და წყალს.
- რამდენი შვილიშვილი გყავთ? ნოე: - ხუთი შვილი, შვიდი შვილიშვილი და 17 შვილთაშვილი გვყავს. ხნოვანობა არ მაკლია, მაგრამ კიდევ მინდა ჩემს შთამომავლობას ვუყურო. მათ რომ ვუყურებ, გული მეხსნება. გული არ ბერდება... გული მტკივა, რომ სოფელი დაიცალა. ახალგაზრდები ქალაქში გარბიან. ჩემს თავზეც ვამბობ - შვილებიც, შვილიშვილებიც თბილისში არიან.
- ისევ ძველებურად გიყვართ ერთმანეთი? მარო: - რავა არ მიყვარს! მაგის იმედი მაქვს. ვეტყვი ხოლმე, ერთად უნდა მოვკვდეთ-მეთქი.
ნოე: - ამ გვიან შვილიშვილებმა მოინდომეს, ჯვარი უნდა დაიწეროთო. ჰოდა, მე და ჩემი მხევალი 76 წლის შემდეგ უფლის წინაშეც კანონიერი ცოლ-ქმარი გავხდით.
- ახალგაზრდა წყვილებს რას ეტყვით?
- დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ. სიყვარულით იცხოვრეთ. სიყვარული ყველაფერს გადაგატანინებთ. იცოცხლეთ, იყავით ჯანმრთელები. ომი არ გენახოთ. მოშენდით და მომრავლდით.
- სიყვარული რა არის?
მარო: - მე და ნოე ვართ სიყვარული.