ნინო წილოსანი: "ძალიან ბევრი დიდი შესაძლებლობის ქალი გვყავს "ოცნებაში" - კვირის პალიტრა

ნინო წილოსანი: "ძალიან ბევრი დიდი შესაძლებლობის ქალი გვყავს "ოცნებაში"

ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების საუბარს ქალთა უფლებებზე ფარისევლობად მიიჩნევენ, ქალთა კვოტირებას კი ფასონურ ცვლილებას უწოდებენ. ცნობისთვის: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილება - 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის იქნება, ხოლო 2028-დან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის. გვესაუბრება მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი.

- ის, რომ ერთეული ქალები აღწევენ წარმატებას, ეს არ უზრუნველყოფს ყველა ქალის შესაძლებლობების რეალიზაციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველას მიეცეს რეალიზების საშუალება. კვოტირება დისკრიმინაციის აღმოფხვრის სპეციალური ზომაა, რომელსაც ჩვენთვის ძალიან სამაგალითო უამრავი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი... ეს პროგრესული ნაბიჯი უკეთესი პოლიტიკური სივრცის შექმნას ემსახურება.

- იმის თქმა, რომ ქალს არ შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და სხვისი მიხმარება სჭირდება, ხომ არ შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს? - არავითარ შემთხვევაში. ამაზე საუბარი ხელოვნურია, მხოლოდ თემის დისკრედიტაციაა. ძალიან ბევრი დიდი შესაძლებლობის ქალი გვყავს "ქართულ ოცნებაში", როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. დარწმუნებული ვარ, სხვა პარტიებსაც ჰყავთ.

რეგიონებში უამრავი ქალი იგებს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ შემდეგ მინიმალურად არიან წარმოდგენილი საკრებულოებსა და საკანონმდებლო ორგანოებში.

- ეკა ბესელიას ალტერნატიულ წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომ პარტიული პროპორციული სიის ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს? - ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ გენდერული კვოტირების შესახებ. გუნდშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა. ვერსია, რომელიც ირაკლი კობახიძემ წამოაყენა, ის ოპტიმალური ვარიანტი იყო, რომელსაც ჩვენი უმრავლესობის წევრები უჭერდნენ მხარს.

- თქვენი მამაკაცი კოლეგების, განსაკუთრებით საკუთარი გუნდის წევრების როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?

- ის, რომ არ ჩაგრავენ და ბარიერებს არ უქმნიან, არ ნიშნავს, რომ ქალები თანაბრად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში.

ის ბუნებრივი ბალანსი, რაც პოპულაციაში არსებობს ქალებსა და მამაკაცებს შორის, აუცილებლად უნდა აღდგეს როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.

ეს ქვეყნის პოტენციალია. ჩვენი გადაწყვეტილება იყო გარდამტეხი მომენტი უკეთესი და პროგრესული ცხოვრებისთვის. მიხარია, რომ იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრი ვარ, რომელმაც ეს რეალობად აქცია.