"ქართული საცხობების ბუმი: რატომ უყვართ პოლონელებს პური და ხაჭაპური?" - რას წერს პოლონური გამოცემა?
პოლონურ გაზეთ "ექსპრეს ბიდგოჟსკი"-ში ("Ekspres Bydgoski") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ქართული საცხობების ბუმი: რატომ უყვართ პოლონელებს პური და ხაჭაპური?", რომელშიც ქალაქ ტორუნში არსებული ერთ-ერთი ქართული საცხობის - "ნაზუქის" საქმიანობაა გადმოცემული (ავტორი - მალგოჟატა ობერლანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"ოო, როგორ ცხელა... აქ ტემპერატურა 70 გრადუსამდეა...", - ოფლს იწმენდს დავითი, ტორუნში არსებული ქართული საცხობის - "ნაზუქის" ხაბაზი. იგი თონეს ემსახურება, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, ძველ უბანში. თონე - მრგვალი ღუმელია, რომელიც ყოველი ქართული საცხობის აუცილებელი ატრიბუტი გახლავთ, შეიძლება ითქვას, მისი გული. და თონის პროდუქცია პოლონელებს ძალიან მოსწონთ!
პური პირდაპირ ღუმელიდან
ქართულ პურს ბრტყელი ღვეზელის ფორმა აქვს. სხვათაშორის, პური ჰინდის ენაზეც იგივენაირად - ქართულის მსგავსად გამოითქმება.. ქართული თონის სახელწოდებაც ინდური ღუმელისგან - "თონდორ"-ისგან მოდის. ასე რომ, ქართული სამზარეულოს ნაწილს ინდური ფესვები აქვს. პოლონელებს ძალიან მოსწონთ არა მხოლოდ სამხრეთკავკასიური პროდუქტის გემო, არამედ მისი მომზადებისა და ცხობის პროცესიც.
- არაფერი არაა იმაზე სასიამოვნო, როცა ახლადგამომცხვარი პურის არომატი მთელს ქუჩაზე იფრქვევა... და თვითონ ღუმელიც, საიდანაც მეპურე პურს იღებს", - ამბობს პაველი, რომელიც კოვალევიდან ტორუნში ცოლ-შვილთან ერთად ჩამოვიდა. სხვათა შორის, მსგავსი საცხობი კოვალევშიც არის და პაველი გახარებულია, რომ ტორუნშიც დააგემოვნებს ქართულ პურს და დატკბება მისი არომატით.
ქართველი ხაბაზი დავითი გამოცდილი პროფესიონალია - მას წინაპრებიც მეპურეები იყვნენ და ახლა იგი ხაბაზთა მეოთხე თაობის წარმომადგენელია. თავის სამშობლოში იგი ბევრ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. აქაც, პოლონეთში იგი ყველას მოსწონს. საერთოდ, პოლონელებს აღარ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი, პოლონური პურის გამოცხობას პირდაპირ პოლონურ საცხობში უყურონ. ისინი პურს მხოლოდ მაღაზიაში ყიდულობენ.
მოგწონთ ხაჭაპური და ნაზუქი?
ხაჭაპურის მრავალფეროვნებამ პოლონელების გული და გემოვნება დაიპყრო. ეს არის ყველიანი ღვეზელი. მასში შეიძლება იყოს აგრეთვე კვერცხიც, სხვადასხვა სახის ყველი, მაგალითად ისეთი, რომელიც იწელება. საქართველოს რეგიონების მიხედვით არსებობს "იმერული", "მეგრული" და "აჭარული" ხაჭაპური. უმჯობესია თბილი მიირთვათ, ყიდვისთანავე.
ქართულ საცხობებში შემპოგთავაზებენ ნაზუქსაც (ტკბილ პურს), ლობიანს და სხვა ღვეზელებს, მათ შორის ტკბილეულსაც.
"თითქოს ფასტ-ფუდს ჰგავს, მაგრამ ფასტ-ფუდი არ არის", - ამბობს ნატალია, ტორუნის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც საცხობის ყოველდღიური სტუმარია, - აქ უფრო ეგზოტიკა იგრძნობა... მე ჰამბურგერს ხაჭაპური მირჩევნია".
იმიტომ, რომ პურს ქართველები აცხობენ
ტორუნში ამჟამად დაახლოებით ათამდე ქართული პურის საცხობია, რომლებიც ბოლო ნახევარ წელიწადში გაჩნდნენ. პირველმა საცხობმა მუშაობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და თავიდანვე რიგები დადგა. ახლა, პანდემიის დროს კი, დისტანციური რიგები ძალიან გრძელია.
- ჩვენი წარმატების საიდუმლო? ჩვენ ორიენტაცია ტრადიციის დაცვაზე და პროდუქციის ხარისხზე გვაქვს აღებული. კლიენტებს უშუალოდ პოლონელები ემსახურებიან, მცხობლები და მზარეულები კი ქართველები არიან. ჩვენი პრიდუქტების ინგრედიენტები ნატურალურია - უმაღლესი ხარისხის საქონლის ხორცის ფარში, ხილი და ბოსტნეული მხოლოდ ახალი, სანელებლები საქართველოდან მოგვაქვს", - ამბობს ქშიშტოფ კაჩმარეკი, ტორუნში არსებული საცხობთა გაერთიანების მმართველი.
პოლონეთში სომხებიც მუშაობენ - მაგალითად, ცნობილია ვიგენ მარუკიანის საცხობები ვარშავაში, თუმცა სომეხი მეწარმეები ცდილობენ, რომ მათ საცხობებში ქართველების დომინირება იყოს: აბა, განა სხვა ვინმე გამოაცხობს უკეთესად ხაჭაპურს და თონეში უკეთესად ჩააკრავს პურს? პოლონელებს ეს მოსწონთ: რადგანაც ქართველი მცხობელია, ესე იგი, მას უნდა ვენდოთ, მისი გამომცხვარი პური ტრადიციული, ორიგინალური და გემრიელი იქნება.
განწყობა და დიდი სიმპათია
პოლონეთში განვითარებულ ქართული პურის მოდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხალხთა ურთიერთგანწყობა. ქართველები დღეს პოლონეთში მესამე ადგილზე არიან აღმოსავლელ [მიგრანტთა] შორის. "ჩვენ გვაერთიანებს ისტორიული მოვლენები, ასევე პოეზიის, სიმღერისა და ლამაზი ქალების სიყვარული", - ამბობენ ქართველები და ხშირად იხსენებენ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ყოფნას თბილისში, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. პოლონელების უფროსი თაობის წარმოდგენებში და ცნობიერებაში ქართველი გულღია, მხიარული და ვაჟკაცური ბუნების ადამიანია - ისეთი, როგორც ტანკისტი გრიგორი გრიგორევიჩ საკაშვილი იყო იანუშ პრჟიმიანოვსკის რომანიდან, რომლის მიხედვით საკულტო პოლონური სერიალი იქნა გადაღებული სახელწოდებით "ოთხი ტანკისტი და ძაღლი".
ტორუნში არსებული საცხობის "ნაზუქის" მეპურე დავითი პოლონელების სიყვარულს და პატივისცემას ყოველდღიურად გრძნობს. ასევეა მისი ცოლიც, ანჟელიკა. დავითი აქ მთელი ოჯახით არის ჩამოსული - შვილებით, დედ-მამით... მისი დაც და სიძეც, თავიანთი ოთხი წლის შვილით, ლოძში ცხოვრობენ და მუშაობენ.
როგორ გრძნობენ თავს ქართველები ჩვენთან?
"ოჯახის წევრები ერთად უნდა იყვნენ", - მოკლედ განმარტავს ანჟელიკა ოჯახის ცხოვრებაში მომხდარ რევოლუციას, რომელიც პოლონეთში მათი ჩამოსვლით გამოიხატა. თბილისიდან ისინი სამი წლის წინ წამოვიდნენ. ანჟელიკა მაშინ 39 წლისა იყო, მისი ქმარი დავითი კი - 40 წლის. ჯერ ლოძში მუშაობდნენ, შემდეგ კი ტორუნში დამკვიდრდნენ. ორივე აქ თავს კარგად გრძნობენ და სხვაგან წასვლას აღარ აპირებენ.
გასაგებია, რომ ისინი პოლონეთში უკეთესი ცხოვრებისათვის ჩამოვიდნენ. გვერდზე რომ გადავდოთ სენტიმენტები, აშკარაა, რომ პოლონეთში მუშაობა ქართველებისთვის მომგებიანია. "საქსტატის" ცნობით, 2019 წლის ივნისში საქართველოში საშუალო ხელფასი 1092 ლარია. მამაკაცები საშუალოდ 1294 ლარს იღებენ, ქალები 876 ლარს. როგორც ვხედავთ, კულტურულ-გენდერული ბალანსი დარღვეულია და ქალების დისკრიმინაცია საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. ქართველი ცოლ-ქმრის 24 წლის ქალიშვილს პოლონეთში უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა ექნება.
"საქართველოში ხაბაზის საშუალო ხელფასი 600-დან 1000 ლარამდეა. ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ტომარა ფქვილს დახარჯავ. ჩვენ ერთი ტომრიდან 25-30 ლარს გვიხდიდნენ. სამუშაო კი მძიმეა", - ამბობს ანჟელიკა.
რა თქმა უნდა, პურის მცხობლების შრომა არც პოლონეთში არ არის იოლი, რადგან თონეში ყველგან ცხელა... მაგრამ, როგორც ერთ ქართულ ანდაზაშია, "სანამ თონე ცხელია, პური მანამ უნდა ჩააკრა". ჰოდა, ქართველებიც აკრავენ და აცხობენ, ჩვენ კი პურისთვის ხელებს ვუწვდით", - წერს პუბლიკაციის ავტორი. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ