აჭარის ლიდერი კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით? - ვინ არის აჭარის მთავრობის 31 წლის თავმჯდომარე და რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე? - კვირის პალიტრა

აჭარის ლიდერი კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით? - ვინ არის აჭარის მთავრობის 31 წლის თავმჯდომარე და რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობას ტოვებდა. აღნიშნული არ დაუდასტურებით ბათუმის მერიის პრესსამსახურში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია თავად კომახიძეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომახიძის შესაძლო გადადგომის მიზეზად მასსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შორის არსებული უთანხმოებაა, თუმცა ამაზე ღიად არავინ ლაპარაკობს.

ვინ არის თორნიკე რიჟვაძე?

2018 წლის ივლისში, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე პირი განიხილებოდა, მათ შორის იმჟამად "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი, თორნიკე რიჟვაძე, თუმცა  იმხანად 29 წლის ახალგაზრდის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შერჩევა, ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, თუმცა საბოლოოდ სწორედ ის შეირჩა.

ბუნებრივია მაშინვე გაჩნდა კითხვა, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი მის ასეთ დაწინაურებას?

კალაძის "პროტეჟე"?

ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად დასახელდა თბილისის ამჟამინდელ მერთან, კახა კალაძესთან ახლობლობა. რიჟვაძე სწორედ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დაწინაურდა ამ სფეროში. სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის იყო ენერეგტიკის მინისტრის მოადგილეც. დღემდე ბევრი მიიჩნევს, რომ ის კალაძის კადრია, შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" კალაძის გავლენების შემცირება შესაძლოა პირდაპირ აისახოს რიჟვაძის კარიერულ წინსვლაზე.

თორნიკე რიჟვაძე და კახა კალაძე

თავის დროზე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა კალაძემაც.

"თორნიკე რიჟვაძე ჩემი მინისტრობის დროს, ჩემი მოადგილე არ ყოფილა. მე რომ წამოვედი, ილია ელოშვილის მოადგილე იყო. თუმცა, მას ვიცნობ. ჩვენ დიდი ხანი გვიწევდა თანამშრომლობა, ის იყო ერთ-ერთი სერიოზული კომპანიის "ტატა ჯგუფის" მთავარი იურისტი და იმ პროექტებს ხელმძღვანელობდა, რომელიც განხორციელდა აჭარაში. დაახლოებით 400 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ამ კომპანიამ. რიჟვაძე არის უპატიოსნესი ადამიანი, მოწესრიგებული, განათლებული და ვფიქრობ, ასეთი ახალგაზრდები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას", - აცხადებდა იმხანად კახა კალაძემ.

მამის გავლენები

აღსანიშნავია, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე წლებია სამართალდამცავ უწყებაში მუშაობს და დღესდღეობით აჭარაში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. ის წლების განმავლობაში აჭარის პოლიციის ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის სამმართველოებში მუშაობდა და იკავებდა წამყვან თანამდებობებს. ამჟამად კი გახლავთ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თუმცა, როგორც აჭარაში ამბობენ, მისი გავლენებიც უნდა ვეძებოთ შვილის წარმატების უკან.

სხვადასხვა დროს, დავით რიჟვაძის სახელი არაერთ სკანდალს დაუკავშირდა, მაგალითად, როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, ის 2014 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით იყო ბრალდებული თავის კოლეგასთან, არჩილ ანთაძესთან ერთად. საქმე შეეხებოდა 2014 წელს, ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში შესულ შეტყობინებას - მოქალაქემ პოლიციას აცნობა, რომ მას ველოსიპედი მოპარეს. შეტყობინების ადგილზე გავიდნენ განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე და მისი მოადგილე დავით რიჟვაძე. ორივე თანამდებობის პირმა გადაწყვიტა, რომ ეს შეტყობინება შს სამინისტროს სტატისტიკაში არ უნდა ასახულიყო, როგორც დანაშაული - შეტყობინება გაფორმდა, როგორც ნივთის დაკარგვა.

დანაშაულის ჩადენა ორივე პოლიციელმა აღიარა. საქმეში ჩაერთო პროკურატურა, რის შემდეგაც ორივე თანამდებობის პირთან გაფორმდა განრიდება. ამის მიუხედავად, ბრალდებული არჩილ ანთაძე ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსობიდან ბათუმის განყოფილებაში უბნის ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, დავით რიჟვაძე კი, რომელიც ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში მოადგილედ მუშაობდა, ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსად დანიშნეს. (წყარო) თორნიკე რიჟვაძე და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი

თორნიკე რიჟვაძის დოსიე

თორნიკე რიჟვაძე 1989 წლის 25 მარტს, ხულოში დაიბადა. საქართველოს გარდა, მას განათლება მიღებული აქვს იტალიაში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ასაკის გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავია, როგორც მიღებული განათლება, ასევე სამუშაო გამოცდილება. მონაცემები აღებულია საიტიდან: adjara.gov.ge

განათლება:

2017 - ფლორენციის რეგულირების სკოლა - ენერგო სექტორის რეგულირება

2015 - დღემდე-ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დოქტორანტურა - Ph.D ,,ენერგეტიკის სამართალი"

2012-2013- სიტის უნივერსიტეტი, ლონდონი (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი) სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი. დისერტაცია: ,,Project finance: Does it really eliminate agency problems or promote opportunistic behavior? The Case of Eurotunnel"

2012- ლიჰაის უნივესტიტეტი, პენსილვანია, აშშ ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი - The Global Village for Future Leaders of Business and Industry; Exclusive Leadership Program

2011- 2014 ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით

2007-2011 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -სამართლის ბაკალავრი. 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე, პეპპერდინის უნივერსიტეტი, მალიბუ, კალიფორნია

2006-2007- პასო რობლეს საშუალო სკოლის დიპლომი, კალიფორნია, აშშ. (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) სტიპენდიანტი)

თორნიკე რიჟვაძე, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის ივლისიდან დღემდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

12.2017 - 07.2018 - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორი

24.07.2017 - 15.12.2017 - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

2013-2017 - შპს აჭარისწყალი ჯორჯია (TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო),იურიდიული დირექტორი (2015-2017), იურიდიული მრჩეველი (2013-2015)

2014-2016 - აჭარის ა.რ. მთავრობის ეკონომიკური საბჭო , მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში

2011-2012 - სს "ოუფენ რევოლუშენ ჯორჯია", აჭარის რეგიონალური მენეჯერი

2010-2011 - გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნეს კონსულტანტი/დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი

2007-2013 - სამეწარმეო და საკონსულტაციო საქმიანობა, დონორების დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტი(EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის (TAM BAS) პროგრამა)

2012-2013 - სტაჟირება ფინანსური ინოვაციების შემსწავლელ ცენტრში (CSFI), ლონდონი

2008-2009 - სტაჟირება სი-ეიჩ-ეფ ინთერნეიშენალ (CHF International, USAID programme)

თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს მეუღლე მაგდა მამულაძე და 2 შვილი თორნიკე რიჟვაძე მეუღლესთან ერთად

ახალგაზრდა ლიდერის ქონება

თორნიკე რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 30 სექტემბერს შეავსო.

თორნიკე რიჟვაძის საკუთრებაშია 68,76 კვ მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 61 000 აშშ დოლარადაა შეძენილი, ასევე 50 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი, რომელშიც 2014 წელსაა ნაყიდი და გადახდილია 65 000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" სახელფასო ბარათზე ერიცხებოდა 6054,18 ლარი, იმავე ბანკის საკრედიტო ბარათზე კი ერიცხებოდა 3554,44 ლარი, "თიბისი" ბანკის საბარათეზე 60,7 აშშ დოლარი, HSBC-ის მიმდინარეზე 5,81 ფუნტი სტერლინგი.

დეკლარაციის შევსების მომენტში რიჟვაძეს ნაღდი ფულის სახით დანაზოგად 5500 აშშ დოლარი და 4000 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, რიჟვაძე არის 25%-იანი წილის მფლობელი "შპს აჭარა ბერრის ლიმითედ საქართველო"-ში, რომლიდანაც შემოსავალში მითითებულია ნული ლარი.

რაც შეეხება საქმიანობიდან აღებულ ანაზღაურებას, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე 2018 წელს 7 თვის განმავლობაში აიღო 55177,72 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წელს 5 თვეში 24 463,64 ლარი.

თორნიკე რიჟვაძემ 2018 წელს კომერციული ფართის იჯარისთვის 5896,728 ლარი ჰქონდა შემოსავლის სახით, "საქართველოს ბანკში" იპოთეკური სესხისთვის მისმა გასავალმა 3869,48 აშშ დოლარი შეადგინა.

რიჟვაძის მეუღლის საკუთრებაშია 59,6 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში. 340,7 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი ხულოში, რომელიც 2010 წელს მემკვიდრეობით მიიღო. მემკვიდრეობით აქვს მიღებული 400 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი ხულოში. მისსავე მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry, რომელიც 2016 წელს 8 500 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ოჯახის სხვა წევრებს, მას ჰყავს და, ნონა რიჟვაძე, რომელიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობს და მშობლები. თორნიკე რიჟვაძე დასთან ერთად

მამის - დავით რიჟვაძის ქონება როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამა, დავით რიჟვაძე წლებია სამართალდამცავ უწყებაში მუშაობს. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 24 იანვარს შეავსო. მის საკუთრებაშია რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომელიც საჩუქრის სახით აქვს მიღებული 2011 წელს. მისსავე საკუთრებაშია 51კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში. თორნიკე რიჟვაძის დის სახელზეა გაფორმებული 61 კვ.მ ფართობის ბინა ბათუმში, რომელშიც 2018 წელს 50 000 დოლარად აქვს შეძენილი. მის სახელზეა გაფორმებული ორი მსუბუქი ავტომობილი "მერსედეს ბენცი" და ტოიოტა ქამრი", რომელშიც მთლიანად გადახდილია 27 000 აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში დავით რიჟვაძეს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 676,99 ლარი. "საქართველოს ბანკში" არსებული იპოთეკური სესხისთვის საანგარიშო პერიოდში მისმა გასავალმა 1102,06 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ანაზღაურებას, 2019 წელს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე აიღო 24 723,42 ლარი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში შესრულებული სამუშაოსთვის კი 793,8 ლარი.

(სპეციალურად საიტისთვის)