"არ ვიცით, რის ჩადებას აპირებდნენ, იარაღის თუ ნარკოტიკის... შესაძლოა იყო პოლიტიკური დაკვეთაც" - კვირის პალიტრა

"არ ვიცით, რის ჩადებას აპირებდნენ, იარაღის თუ ნარკოტიკის... შესაძლოა იყო პოლიტიკური დაკვეთაც"

"ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული კადრები ძალიან მძიმე სანახავი იყო, იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოქმედებდნენ სამართალდამცველები. ბოკერიას განმარტებით, ეს შესაძლოა პოლიტიკური დაკვეთა იყოს, რადგან ოჯახი, სადაც შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა, ცნობილია ხელისუფლებასთან ოპონირებითა და ოპოზიციის, მათ შორის, "ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერით.

"ძალიან მძიმე სანახავი იყო ის კადრები, რაც გავრცელდა გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ჯერ როგორ მოქმედებდა ზოგადად პოლიცია, შემდეგ აშკარა მცდელობაა გაყალბების, ნივთმტკიცების თუ მტკიცებულების ხელოვნურად, უკანონოდ შექმნის, "ჩადების“. არ ვიცით, რის ჩადებას აპირებდნენ, იარაღის თუ ნარკოტიკის. მთელი ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვებს, რომ აქ საბაბად იქნა გამოყენებული ის ისტორია, რაც არსებობდა ქალიშვილის ქორწინებასთან დაკავშირებით და შესაძლოა იყო პოლიტიკური დაკვეთაც, იმიტომ, რომ ეს ოჯახი ცნობილია თავისი პოლიტიკური პოზიციით, ხელისუფლების ოპონირებით, იმით, რომ მხარს არ უჭერს ივანიშვილის გუნდს და ოპოზიციის, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ სიმპატიით. ეს არის საჯაროდ ცნობილი ფაქტი. სრულიად გაუგებარია, თუნდაც ლეგიტიმური რომ იყოს ის შემთხვევა, ქალიშვილთან დაკავშირებით, რა შუაში იყო ჩხრეკა იარაღთან დაკავშირებით ან როგორ ატარებენ ამ ჩხრეკას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ხელისუფლებას, ამ წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ კი არა, არც იფიქრონ ამ მეთოდებით პოლიტიკური ბრძოლა, იმიტომ, რომ კატასტროფა მოყვება ამას მთელი ქვეყნისთვის თუ ამ მეთოდებით გააგრძელებენ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქმე ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკის ჩატარებას. შსს-ს ინფორმაციით, მოსახლეობამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში პოლიციას ხელი შეუშალა.

"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედება-ჩხრეკას, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ პოლიციას ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში.

ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე და 381 მუხლის პირველი ნაწილით",- აცხადებენ შსს-ში.

ამასთანავე, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-მასალა. ავტორების მტკიცებით, მარნეულის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი სახლში ჩხრეკის დროს პოლიციელმა ნარკოტიკული საშუალება "ჩადო“.