რას ყვება "ტოიოტა ქამრის" ერთ-ერთი მგზავრი და ვინ არის ის 3 პირი, ვისაც შეიძლება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდონ ბრალი? - კვირის პალიტრა

რას ყვება "ტოიოტა ქამრის" ერთ-ერთი მგზავრი და ვინ არის ის 3 პირი, ვისაც შეიძლება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში დასდონ ბრალი?

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის 19-ტომიან საქმეში არის ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება, რითაც შესაძლოა "ტოიოტა ქამრის" სამ მგზავრს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენონ. მოწმე, რომელიც ამავე "ტოიოტა ქამრის" მგზავრია, პირდაპირ მიანიშბევს სავარაუდო დამნაშავეებზე. ლაპარაკია მორაგბე არჩილ გაგნიძეზე, ერთ არასრულწლოვანზე და ვახტანგ ჩიქოვანზე, რომელიც მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე დაუპატიჟებელი სტუმარი გახლდათ. დაბადების დღეზე სწორედ ჩიქოვანს სცემეს. არასრულწლოვნის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჩიქოვანმა, გაგნიძემ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა ა.ქ.-მ შაქარაშვილს მდინარის ნაპირამდე სდიეს, სავარაუდოდ, მათ გიორგი სასტიკად სცემეს და გონება დაკარგული ფეხბურთელი მდინარეში გადააგდეს. არასრულწლოვანის ჩვენების ფრაგმენტები ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა:

არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ჩვენებიდან:

"მდინარე არაგვის ხიდთან დავინახეთ 4 პირი. ვახო ჩიქოვანმა დაიძახა, ესენი არიან, ვინც მცემესო და ვასოს მანქანა გააჩერებინა. ყველანი გადმოვედით. ჩვენ დანახვაზე ბიჭები გაიქცნენ, გავეკიდეთ. ჩემი მეგობრები ეძახდნენ რომ გაჩერებულიყვნენ და თან აგინებდნენ. წინ გავრბოდი მე და ა.ქ. უკან მოგვყვებოდნენ დანარჩენები. ოთხივემ გადაჭრა გზა. დავინახე როგორ გარბოდა უკვე სამი პირი, ერთი საით წავიდა ვეღარ დავინახე. სამივეს გავყევით მე და ა.ქ. სამივე პირმა მაგისტრალიდან ხიდის ბოლოში გაუხვიეს მარჯვნივ, ვიწრო ასფალტიან გზაზე, სადაც ერთი გზის პირას მდებარე ჯიხურთან გაუჩინარდა, მეორე მის ქვემოთ არსებულ ბუჩქებში დაიმალა, ხოლო მესამემ, რომელსაც "შორტი" ეცვა, ვიწრო საავტომობილო გზაზე ჩაირბინა, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა.

რამდენიმე წამში მოირბინა ვახო ჩიქოვანმა, ვასომ, ნიკუშამ და აჩიკომ. ვახომ იკითხა, საით წავიდნენ, ვისაც მივსდევდით. ვუთხარი საითაც. ამის მერე გვითხრა მოგვეყვანა მანქანა. მანქანის მოსაყვანად წავედით მე, ვასო და ნიკუშა, ხოლო ადგილზე დარჩნენ ა.ქ. ვახო ჩიქოვანი და აჩიკო. რომლებმაც ჩაირბინეს ხიდის ქვეშ, რა მიმართულებითაც გაიქცა, ის ერთ-ერთი ბიჭი.

მანქანა მოვაბრუნეთ და მივედით იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ მივდევდით სამ პიროვნებას. იქ დაგვხვდნენ ვახო ჩიქოვანი, ა.ქ, აჩიკო და მათთან ერთად იყო უკვე ვიღაც ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც, როგორც გავიგე, იყო იმ ოთხიდან, ვისაც ჩვენ გავეკიდეთ და დაიმალა ბუჩქებში.

ის ყოფილა გურამ ამირხანაშვილი, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ტყუილად მივდევდით. ხოლო ის პიროვნება, რომელიც გარბოდა ხიდის ქვეშ, ჩიქოვანისგან გავიგე, რომ ასფალტიან ვიწყო გზაზე ხიდის ქვეშ ბოლომდე იყო ჩასული და ვერსად ნახა, ამის შემდეგ ამირხანაშვილს შევთავაზეთ თბილისში წაყვანა, რაზეც დაგვთანხმდა. გურამმა გვითხრა, რომ მასთან ერთად ვინც გარბოდა, ერთი იყო მისი მეგობარი - გიორგი, მაგრამ გვარი არ უთქვამს. ჩვენ შევთავაზეთ მოეძებნა თავისი მეგობარი და მასთან ერთად წავიყვანდით თბილისში, რაზეც გვითხრა, რომ არ მოძებნიდა და თბილისში გამოგვყვებოდა".

"ფორმულას" სიუჟეტის მიხედვით, არასრულწლოვნის ეს ჩვენება რადიკალურად განსხვავდება "ტოიოტა ქამრის" სხვა მგზავრების ჩვენებებისგან. ხუთივე ჩვენება იდენტურია, გურამ ამირხანაშვილის პოვნის შემთხვევის გარდა. აქ მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. ნაწილი ყვება, რომ ამირხანაშვილი მათთან თვითონ მივიდა, სხვები ამტკიცებენ, რომ ის ბუჩქებში იპოვეს.

იხილეთ ასევე: "მივმართავ შაქარაშვილის ოჯახს, ჩემი ცხოვრებაც ისევე დამთავრდა, როგორც გიორგისი"