წერეთელი ფიქრობდა, რომ ძეგლი აშშ-ში დაიდგმებოდა, მაგრამ... - რატომ თქვეს ნიუ იორკმა, ბალტიმორმა და მაიამმა კოლუმბის 80-მეტრიან ქანდაკებაზე უარი? - კვირის პალიტრა

წერეთელი ფიქრობდა, რომ ძეგლი აშშ-ში დაიდგმებოდა, მაგრამ... - რატომ თქვეს ნიუ იორკმა, ბალტიმორმა და მაიამმა კოლუმბის 80-მეტრიან ქანდაკებაზე უარი?

ესპანეთის გაზეთ "ელ იმპარსიალში" («El Imparcial») გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ძეგლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ: რასიზმი ქანდაკებების წინააღმდეგ და "კოლუმბის კვერცხი", რომელშიც, აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე ე.წ. "ანტირასისტული" საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ისტორიულ პიროვნებათა ძეგლების "ყოფნა-არყოფნის" საკითხია განხილული. ყურადღება გამახვილებულია ქართველი მოქანდაკის, სკულპტორ ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებულ ნამუშევრებზე, მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლის შესახებაც (ავტორი - მორის ჩიმორა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

"თუ თქვენ პუერტო-რკოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ ყოფილხართ, მაშინ ალბათ, არ გეცოდინებათ, რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ პატარა ქვეყანაში დგას ქრისტეფორე კოლუმბის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება. ამერიკის პირველაღმომჩენის ფიგურის სიმაღლე 81,7 მეტრია, ანუ ის უფრო მაღალია, ვიდრე ქრისტეს სტატუია რიო-დე-ჟანეიროში (30,1 მეტრი) ან თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში (33 მეტრი), პიედესტალების გარეშე. და თუ პიედესტალსაც მივათვლით, მაშინ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი სიმაღლით 126 მეტრს აღწევს - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალს. მასზე დიდი მხოლოდ ბუდას ქანდაკებაა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ლუშანის გაზაფხულის ტაძართანაა აღმართული (128 მეტრი). არ გაინტერესებთ, როგორ მოხდა, რომ კოლუმბის გიგანტური ძეგლი ტურისტებისთვის მაინცდამაინც ცნობილ ადგილზე არ დაიდგა? მართალცდა კოლუმბი პუერტო-რიკოს პატარა ქალაქ არესიბოში დგას, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს... არადა, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ადგილას გადმოსხდნენ ნაპირზე 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბი და მისი მეზღვაურები. თავდაპირველად ძეგლის დადგმა დედაქალაქ სან-ხუანის გარეუბანში სურდათ, მაგრამ ზომების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა - ხელი შეეშლებოდა ექმნებოდა თვითმფრინავების დაშვება-აფრენას ადგილობრივ აეროპორტში.

აშკარაა, რომ კოლუმბის ძეგლი უფრო კარგად ჩაეწერებოდა აშშ-ის რომელიმე ქალაქის ლანდშაფტში და უფრო ადრეც შეიძლებოდა დადგმულიყო - არა 2016 წელს არესიბოში, არამედ 1992 წელს, როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავს. სხვათა შორის, ძეგლი მაშინ უკვე მზად იყო.

ალბათ ასე ფიქრობდა ძეგლის შემქმნელიც - მსოფლიოში ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი გვარი რუსულად არ ჟღერს. საქმე იმაშია, რომ ზურაბ წერეთელი ქართველია, იგი საქართველოში - კავკასიის პატარა ქვეყანაშია დაბადებული, რომელმაც მსოფლიოს დიდი ადამიანები აჩუქა - პოლიტიკისა და კულტურის დარგში. მაგალითად: იოსებ სტალინი, გიორგი ბალანჩივაძე - ჯორჯ ბალანჩინი, ქართული წარმომავლობის მქონე მსოფლიოში გამოჩენილი ქარეოგრაფი, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობდა... და ბოლოს, თვითონ ზურაბ წერეთელიც. მას დიდი პატივს სცემენ როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. იგი მთელი ძალისხმევით ცდილობს და თავისი წვლილი შექვს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში.

ზურაბ წერეთელს ძალიან მოსწონს ესპანური კულტურა და დიდი ხელოვანები - სერვანტესი, პიკასო, დალი, ველასკესი... მას სურდა დონ კიხოტის ძეგლი შეექმნა, მაგრამ რადგანაც ახლოვდებოდა ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავი, გადაწყვიტა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოესხა ბრინჯაოსაგან. ზურაბ წერეთელი ფიქრობდა, რომ ძეგლი აშშ-ში, ამერიკის კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოში დაიდგმებოდა, საჩუქრის სახით, მაგრამ მისდა გასაკვირად, ძეგლზე უარი თქვეს ნიუ-იორკმა, ბალტიმორმა, მაიამმა და თვით კოლუმბუსმაც კი... შესაძლოა, ისეთმა ქალაქებმა, როგორიცა ნიო-იორკი, ბალტიმორი და მაიმი უარი იმიტომ თქვეს, რომ ანგლო-ამერიკელი ისტორიკოსები არასოდეს არ იწონებდნენ ამერიკის ესპანურ კოლონიზაციას და მას დადებითად არ აფასებდნენ, ხოლო თვითონ ქრისტეფორე კოლუმბს უფრო იტალიელად თვლიან, ვიდრე ესპანელად... გარდა ამისა, შესაძლოა არ მოეწონათ თვით განზრახვა, რომ "რუსი" სკულპტორის ქანდაკება აღიმართებოდა ამერიკის გულში - ნიუ-იორკში... თანაც, განა ვინმე დათანხმდებოდა იმას, რომ კოლუმბის ქანდაკება თავისუფლების ქანდაკებაზე უფრო მაღალი ყოფილიყო? ანდა შესაძლოა იმის გამოც, რომ ზურაბ წერეთელმა თავის ქმნილებას, ტურისტების მიზიდვის მიზნით, "არცთუ მთლად მოკრძალებული" სახელი დაარქვა - "ახალი მსოფლიოს დაბადება"?

(სხვათა შორის ნიუ-იორკში დგას ზურაბ წერეთლის ძეგლი "გლოვის ცრემლი" #2-მეტრიანი ფოლადის მონუმენტი), რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა კანის ფერს მნიშვნელობა არ აქვს - თეთრი იქნები, შავი თუ ყვითელი, ან ინდიელი, ყველას ცრემლი გამჭვირვალეა).

გასაგებია, რომ დიდი ქალაქებში "ისტორიული რასიზმის" იდეა მძლავრობს. მაგრამ კოლუმბუსმა რატომ თქვა უარი? იქ თურმე წინააღმდეგია ადგილობრივი ოპოზიცია - ძირძველი მოსახლეობის - ინდიელების სახით, რომლებიც იგივე მითებით ხელმძღვანელობენ, როგორიც "იანკებმა" (ამერიკელებმა) ჩაუნერგეს - თქვენი, ინდიელების პრობლემების მიზეზი ჩვენ, ამერიკელები კი არა ვართ, არამედ ქრისტეფორე კოლუმბი და მასთან დაკავშირებული ხალხიო.

პუერტო-რიკოელებს კი ზურაბ წერეთლის საჩუქარი ძალიან გაეხარდათ, რაც მათთვის ღირსების საკითხად იქცა. "ახალი მსოფლიოს დაბადება" კუნძულზე 1998 წელს ჩაიტანეს დაშლილი სახით და საცავში მოათავსეს. ის იმ კარაველას (გემის) სიმბოლოა, რომლითაც ქრისტეფორე კოლუმბი და მისი მეზღვაურები კუნძულზე მოვიდნენ.

18-წლიანი ლოდინის შემდეგ ძეგლის აწყობაში ზურაბ წერეთელიც მოანწილეობდა. რატომ ამდენი ხანი" პუერტო-რიკო მაინცდამაინც მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მოსახლეობამ მაინც შეძლო 20 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვება ძეგლის დიდ, 44-მეტრიან პიედესტალზე დასადგმელად.

ამით პუერტო-რიკოელებმა ღირსეული პატივი მიაგეს იმ ესპანელებს, რომლებმაც ინდილებს ევროპული ენები შეასწავლეს, ღვთისადმი რწმენას აზიარეს და ბოლოს, ადგილობრივ ინდიელებს დაუნათესავდნენ - კრეოლები გახდნენ. პუერტო-რიკოელები არ ივიწყებენ წარსულს, მათ ახსოვთ ცუდიც და უფრო მეტად კარგიც. მართლაცდა, შესანიშნავი მაგალითია ისტორიული მადლობისა და საკუთარი ღირსების გამოხატვისა... ზურაბ წერეთელმა კოლუმბის თემაზე კიდევ ერთი ნამუშევარი შექმნა, რომელიც ესპანეთის მასშტაბით ყველაზე დიდია - კვერცხის ფორმის 45-მეტრიანი ძეგლი, რომლის შიგნით კოლუმბის სტატუიაა მოთავსებული, რუკით ხელში. ლეგენდის თანახმად, ამერიკის აღმომჩენი იოლად აყენებდა კვერცხს ვერტიკალურად. ყველამ იცის, თუ რა ძნელია ამის გაკეთება პრაქტიკულად. ჰოდა, ესპანურმა კომპანიამ ზურაბ წერეთლის ჩანაფიქრი 1995 წელს რეალურად განახორციელა - 450-ტონიანი კვერცხი ვერტიკალურად დგას (თუმცა ამას ბევრი გარჯა და წვალება დაჭირდა!). მსგავსი ძეგლი პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინის წინაც არის აღმართული, თუმცა ის უფრო პატარაა.

სამწუხაროდ, აშშ-ში გაჩენილმა ვანდალიზმისა და ისტორიული ძეგლების მსხვრევის ტალღამ მეტ-ნაკლებად აჩვენა, რომ "ახალი სამყაროს ადამიანები" მთლად იდეალურები არ არიან. არ ჰგავნან ისინი იმ მონუმენტს, რომელიც ქართული წარმომავლობის მქონე რუსეთის მოქალაქემ, სკულპტორმა ზურაბ წერეთელმა მათი ღირსების საპატივცემელოდ შექმნა.

ტელევიზორში აჩვენეს, თუ როგორ ანადგურებდა კოლუმბის ქანდაკებას ფანატიკოსთა ბრბო ბალტიმორში. ძეგლი ქვისაგან არის გამოკვეთილი და ის ადვილად დაანგრიეს. თავის დროზე რომ აქ ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი დაედგათ, ქალაქი ამერიკის პირველაღმომჩენის გარეშე არ დარჩებოდა: "ნორმალური" ადამიანებისთვის კვლავ შესაძლებელი იქნებოდა ძეგლი ნახვა - ვანდალი ფანატიკოსების ბანდა ვერ დაანგრევდა 80-მეტრიან და 200-ტონიან ქანდაკებას, ფოლადისა და ბრინჯაოსგან დამზადებულს. ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილ კოლუმბს ადგილიდან მილიმეტრზეც კი ვერავინ დაძრავდა, იგი გაუძლებდა სიძულვილის და ნგრევის იმ გრიგალს, რომელიც 21-ე საუკუნის "განათლებულმა ადამიანებმა" პირველყოფილი, გამოქვაბულში მცხოვრები წინაპრებივით გამოავლინეს.

ზურაბ წერეთელს აქვს ნათქვამი: "ადამიანებმა ერთმანეთი უნდა ეძებონ და იპოვნონ. ამიტომაც მიმიზიდა კოლუმბმა, რომელმაც 500 წლის წინათ ევროპიდან ამერიკისკენ გზა გაკვალა. იგი თავისი დროის ახალი ადამიანი იყო, რომელმაც ევროპისთვის ახალი მსოფლიო იპოვა". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ