კავკასიელ ქალთა ერთობა არგოხიდან
ახმეტის სამი სოფელი სასოფლო პროექტების მიღმა რჩება...
რუსთაველი ნატალია მამაგულიშვილი სამი წლის წინ ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში შემთხვევით აღმოჩნდა, დღეს კი იქ უკვე სახლი, ვარდების პლანტაცია და კოოპერატივი აქვს, რომელშიც სოფლის 15 მცხოვრები საქმიანობს. კოოპერატივში სხვადასხვა კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, მათ შორის - ოსები და ქისტები.
- არგოხში ახლობელს გავყევი საქმეზე და ამ სოფელმა დანახვისთანავე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ულამაზესი სოფელი ისე გხიბლავს, რომ შემდეგ მისი "სიუჟეტები" სულ თან გდევს. იმავდროულად, ის ორ მეზობელ სოფელთან - ფიჩხოვანსა და მაღრაანთან ერთად თითქოს განცალკევებული კუნძულია, სადაც პროექტები თითქმის ვერ აღწევს, ანუ როცა საქმე უცხოურ პროექტებს ეხება, მათ სიაში ახმეტის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ მთათუშეთი და პანკისის ხეობაა, ეს სოფლები კი ამ პროექტების მიღმა რჩება. ამიტომ ისინი იმ ადამიანების საპატრონოა, ვისაც უყვარს და მის პოტენციალს აფასებენ. არგოხის დანახვისთანავე ჩემი ყურადღება უზარმაზარმა საცურაო აუზმა მიიპყრო, რადგან ჯერ ერთი, აუზებს სოფლებში ნაკლებად ვხვდებით და მეორეც - სოფელი პატარაა, ამჟამად 285 კაცი ცხოვრობს, ამხელა აუზები კი დიდ ქალაქებშიც არ არის. როგორც ადგილობრივებმა მიამბეს, ომის დასრულების შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დაუნიშნავთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, რომელმაც აუზი საკუთარი ინიციატივით და სოფლის სახსრებით ააშენა, მაგრამ მიზეზია საინტერესო: ომის დროს ეს კაცი აღმოჩენილა გემზე, რომელიც ფაშისტებმა დაბომბეს. ალმოდებული გემიდან მის გარდა ყველა ჯარისკაცი გადახტა, განურჩევლად იმისა, ცურვა იცოდა თუ არა. ამ კაცმა ცურვა არ იცოდა, ამიტომ იფიქრა, რომ სულერთი იყო, ცეცხლმოკიდებულ გემზე მოკვდებოდა თუ აბობოქრებულ ზღვაში. მას ბედმა გაუღიმა და გემიდან მაშველებმა გადმოიყვანეს, მასთან ერთად კი ის ჯარისკაცებიც გადაარჩინეს, რომლებმაც ზღვაში ცურვით გაძლეს. გადარჩენილი ჯარისკაცი არგოხში სოფლის თავად დანიშნეს. მან თანასოფლელები შეკრიბა და უთხრა, რომ აუზის გაკეთებას აპირებდა - ასე იმიტომ ვიქცევი, რომ თქვენ, ყველა ჩემმა თანასოფლელმა, ცურვა იცოდეთო. აი, ასე აშენდა ეს აუზი. დღეს აუზს ზაფხულობით ბავშვები წმენდენ, მასში მდინარის ტოტს აგუბებენ და ჭყუმპალაობენ. ახლა უნდა ვცადო, ეს აუზი როგორმე გადავხურო, რადგან ქარი და წვიმა აზიანებს. ეს უკვე მომდევნო საქმე იქნება, რასაც არგოხში გავაკეთებ.
- ჩემი აზრით, სამი წელი ცოტა დროა იმისთვის, რომ უცნობ სოფელს შეეჩვიო.
- ჩემთვის ასე არ აღმოჩნდა. თავდაპირველად მიწის ნაკვეთი ვიყიდე, რომელზეც 1000 ძირი ვარდი დავრგე, რომელმაც წლეულს უკვე სრული მოსავალი მომცა. შემდეგ კოოპერატივი დავაარსე. ყველაფერი გავაკეთე, რომ სოფლის კულტურის სახლი აღდგენილიყო. სხვათა შორის, გამაკვირვა ამ სახლმაც - ყველა სოფელში, სადაც კი კულტურის სახლი მინახავს, ლამის ქვებიც კი გაძარცულია, ამ სოფელში კი კულტურის სახლს გარედან ფანჯრები ჰქონდა აჭედილი, შიგნით კი ყველაფერი ხელუხლებელი იყო - ორასი სკამის ჩათვლით. არგოხში სხვადასხვა ეთნოსი ცხოვრობს, ბევრია სოციალურად დაუცველიც, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, სოფლის ქონება გაეტანა. დღეს ეს საოცარი სახლი უკვე აღდგენილია, კონცერტებსაც ვმართავთ, სადაც ხნიერი ადამიანებიც კი მოდიან. რაც მთავარია, სოფლის ბიბლიოთეკაც გვაქვს, ჩვენივე შეგროვებული წიგნებით. საბედნიეროდ, სოფელში ბავშვები ისევ არიან. მიხარია, რომ ამ ეტაპზე მათ ინგლისურს ჩემი ნაცნობი ამერიკელი მოხალისე ასწავლის.
- ყოჩაღი ყოფილხართ.
- ვიტყოდი, რომ ყოჩაღები ჩემი კოოპერატივის წევრები, ჩემი ქალები არიან. სულ 15 ვართ და ჩვენი ერთად ყოფნა ნამდვილად ცვლის სამყაროს. სოფელივით ჩვენს კოოპერატივშიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ქალბატონები მუშაობენ, რომლებთან ერთად ყოფნა დღესასწაულია.
ჩვენი კოოპერატივი სამკურნალო მცენარეების შეგროვებაზე მუშაობს. აქ უამრავია ასეთი მცენარე: მელისა, ცაცხვი, ვარდი, მინდვრის ყვავილები, რომლებსაც ვაგროვებთ, ვახმობთ და მერე ვყიდით...
- 15 წევრის შეგროვებული სამკურნალო მცენარე ნამდვილად არ იქნება ცოტა...
- ასეა, ბევრს ვაგროვებთ. მართალია, ამ საქმიდან სოლიდური შემოსავლით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ თანხა სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელსაც სხვა მეურნეობაც აქვს, მაინც მნიშვნელოვანია. წლეულს კოოპერატივის წევრებმა ჩემი ვარდის პლანტაციაც მოვკრიფეთ.
- ანუ ვარდის ყვავილსაც ჰყავს კლიენტი. - დიახ, ვარდის ყვავილს კოსმეტიკასა და კულინარიაში იყენებენ და რამდენიმე კომპანია შეისყიდის. ამასთან, დაკალმებით კიდევ 1600 ძირი ვარდი გავაშენეთ. სამწუხაროდ, მის რეალიზაციაში ხელი პანდემიამ შეგვიშალა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ესეც მოგვარდება. თან საქმიანობის გაფართოებას ვცდილობთ, მაგალითად, წლეულს ორი ინკუბატორი დავდგი, რომლებშიც 2000 სოფლის ქათმის კვერცხი მოვათავსეთ გამოსაჩეკად.ეს 2000 კვერცხი 10 დღეში შეგროვდა. მეზობელ სოფლებშიც ვაგროვებდით, საიდანაც კოოპერატივში წევრიც დაგვემატა. ეს წიწილების რეალიზაციის პირველი ცდა იყო, ვფიქრობ, წარმატებული და ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ.
არ დავმალავ, რომ სიძნელეები ხშირია, მაგრამ ჩვენ კავკასიელი ქალები ვართ და გვევალება, ყველა სიძნელეს გავუძლოთ.