ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს - რა მოხდა სასტუმრო "პარაგრაფში" - კვირის პალიტრა

ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს - რა მოხდა სასტუმრო "პარაგრაფში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გოგოჭურის დაკავება სასტუმრო "პარაგრაფში“ ე.წ. საქმის გარჩევას მოჰყვა. საქმეში ფიგურირებს იარაღიც, რომელიც, როგორც ცნობილია, გოგოჭურს ჰქონდა.

"პარაგრაფში" ინციდენტი დღეს, გამთენიისას მოხდა და მინდია გოგოჭური ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაახლოებით, დილის 10:00 საათისთვის შეიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

დაზარალებული საქმეში მიუთითებს, რომ მინდია გოგოჭურმა მის მეუღლეს მიაყენა შეურაცხყოფა და სწორედ ამას მოჰყვა "პარაგრაფის" საპირფარეშოში "საქმის გარჩევა".

შეგახსნებთ, გოგოჭურის მეუღლე გიორგი მარგველაშვილის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილი, მაშო ჩიჩუაა.

სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, მიმდინარეობს ასევე ექსპერტიზა. როგორც დაზარალებული აღნიშნავს, მინდია გოგოჭურს იარაღიდან არ გაუსროლია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.

ეს მისი პირველი დაკავება არ არის, გოგოჭური განგსტერული თავგადასავლებით არის ცნობილი.

იხილეთ ასევე: "გოგოჭურს მფარველები ჰყავს, იცის, რომ არავინ მოსთხოვს პასუხს"