მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ!
"თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ვალდებულება აიღო"
საქართველოს განათლების სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სავარაუდო არასწორი გათვლების გამო, წელს სკოლის მოსწავლეები შესაძლოა სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ. ეს, ერთი მხრივ, დააზარალებს განათლების სისტემას, მეორე მხრივ კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალს მიიღებს. თუმცა ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ...
წლების განმავლობაში სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და მიწოდებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა მთავარი საკითხი - მიიღებდნენ თუ არა ბავშვები სახელმძღვანელოებს. ჰოდა, თუ წელს ბავშვებმა წიგნები ვერ მიიღეს, ეს იქნება პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ვალდებულება აიღო.
წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 800 000 სახელმძღვანელოს ბეჭდვასა და ადგილზე მიწოდებაზე შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა გამოცხადებული იყო 8 750 000 ლარად. საბოლოოდ, კონტრაქტი გაფორმდა შპს "საქართველოს მაცნესთან", რომელმაც ამ უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების ვალდებულება დაახლოებით 8 500 000 ლარად აიღო. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და მისასალმებელიცაა. სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ეკონომია უნდა გასწიოს, განსაკუთრებით კორონაკრიზისის პირობებში, მაგრამ...
სპეციალისტების ინფორმაციით, რომელთა საქმიანობა წლების განმავლობაში სწორედ სახელმძღვანელოების ბეჭდვას უკავშირდება, "საქართველოს მაცნეს" მიერ შეთავაზებული ფასი არარეალურია. მეორეც - სპეციალისტებისვე განმარტებით, "საქართველოს მაცნეს" ქვეკონტრაქტორი პატარა წარმადობის 16 სტამბაა, რომელთაც არა აქვთ არც გამოცდილება და არც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ამხელა მოცულობის დაკვეთა შეასრულონ და თანაც ხარისხიანად. ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა.
აქვე ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა სპს კონსორციუმი - ქართული სტამბების გაერთიანება, რომელმაც მსხვილი ინვესტიციები განახორციელა სტამბების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შესაქმნელად, რათა სახელმძღვანელოების არც ბეჭდვის ვადები დამდგარიყო ეჭვქვეშ და არც ხარისხი.
დავუბრუნდეთ წელს შექმნილ მდგომარეობას - მოკლედ, საფრთხე იმისა, რომ მოსწავლეებმა სექტემბერში სახელმძღვანელოები ვერ მიიღონ, რეალურია. კერძოდ, სპეციალისტების ინფორმაციით, თუ ვთქვათ, აგვისტოში გაირკვა, რომ შეკვეთა ვერ სრულდება, ვერც ერთი ქართული მსხვილი სტამბა ასეთ მოკლე დროში მილიონობით სახელმძღვანელოს ფიზიკურად ვერ დაბეჭდავს. თუ ასე მოხდა, "ქართული ოცნება" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გრანდიოზულ პოლიტიკურ სკანდალს მიიღებს და დაკარგავს ამომრჩეველთა სერიოზულ რაოდენობას მოსწავლეების, მშობლების, ბებიებისა თუ ბაბუების სახით. გარდა ამისა, ოპოზიციას მიეცემა კიდევ ერთი არგუმენტი, რათა ხელისუფლება უუნარობაში დაადანაშაულოს.
ასეთ მოკლე პერიოდში მხოლოდ თურქეთში მდებარე უმსხვილესი სტამბები შეძლებენ სახელმძღვანელოების ბეჭდვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონაკრიზისის პირობებში მილიონობით ლარი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის ბიუჯეტში, მოხმარდება სხვა ქვეყნის ბიზნესის განვითარებას და იქ სამუშაო ადგილების შექმნას - ანუ ქვეყნიდან გავა დიდი ოდენობით ვალუტა იმ დროს, როდესაც, წესით, მთავრობა საქართველოში თითოეულ ლარს უნდა დასდევდეს. შესაბამისად, შესუსტდება ქვეყნის ეკონომიკა.
ძალიან გვინდა, რომ ვცდებოდეთ და ეს მხოლოდ გაგვიხარდება. პირიქით, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეკონომიისა და საბიუჯეტო სახსრების პრაგმატულად განკარგვისკენ. თუმცა ეკონომია და არასწორი გათვლები ყველამ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან და ხშირად გაიხსენონ ცნობილი გამონათქვამი, რომ ზოგიერთი შეცდომა დანაშაულზე მეტია.