ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში სასტიკად მოკლეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში სასტიკად მოკლეს?

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილია. შემზარავი ტრაგედია 18 ივლისს, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. 30 წლამდე ქალი სახლში ცივი იარაღით მოკლული იპოვეს.

მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს ოჯახში.

ოჯახის ახლობლების თქმით, მათ მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ვერსია განიხილება. მათი თქმით, სხეულს მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

"არ ვიცით, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, არც სავარაუდო მკვლელის შესახებ ვიცით რამე. რამდენიმე თვის წინ გადავიდა იმ ბინაში, მეგობართან ერთად. ის გოგო იმ საღამოს მუშაობდა და ბინაში არ იყო. მთელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულია, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აქვს მათ შორის სახის არეში. მოტივი არ ვიცით. ჯერ ჩვენ არ გავცნობივართ საქმის მასალებს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ბევრი მტკიცებულებაა ადგილზე, რაც გამოძიებას დაეხმარება. ელისოს კონფლიქტი არავისთან ქონია, კეთილი ადამიანი იყო ძალიან და ამიტომ არ ვიცით, რა შეიძლება მომხდარიყო, ეჭვიც არ გვაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო ", - აცხადებენ ახლობლები.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი მეუღლეს გაშორებული იყო. მას 12 წლის გოგონა დარჩა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ უკვე გამოკითხა გარდაცვლილის მეზობლები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა და ყვიროდა, თუმცა ადგილზე სამაშველო დაახლოებით ორი საათის მერე გამოიძახეს. მათ კარი გააღეს და ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ambebi.ge

იხილეთ ასევე: "მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გოგო ყვიროდა და შველას ითხოვდა" - ქუთაისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე რა დეტალები ხდება ცნობილი