"ოდისევსის სინდრომი" მალე თქვენს თაროზე - კვირის პალიტრა

"ოდისევსის სინდრომი" მალე თქვენს თაროზე

პოპულარული რომანი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა

ახალგაზრდა ავტორის ნანი მანველიშვილის რომანი "ოდისევსის სინდრომი" მკითხველს სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანებზე, მათ ტკივილზე მოუთხრობს. ეს წიგნი უცხო ქვეყნებში გადახვეწილ ქალებზეა, რომლებიც სხვების შვილებს, დავრდომილ მოხუცებს უვლიან, რათა საკუთარი შვილები გამოკვებონ. ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე... წიგნის მთავარი გმირი გოგონა კატერინაა, რომელიც ნაადრევად დაოჯახდა, მაგრამ წლების შემდეგ ხვდება, რომ მას სხვა რამ სჭირდება, რაღაცის შეცვლა აუცილებელია, ამიტომ რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით სამშობლოდან მიდის.

"ოდისევსის სინდრომი" პროექტში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" მკითხველის რჩეული გახდა და ლიტერატურულ ასპარეზზე დიდი ტირაჟითაც გამოვიდა, ახლა კი, 23 ივლისიდან, უკვე პოპულარული რომანი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გამოვა.

პროფესიით ისტორიკოსი ნანი მანველიშვილი თავისი პირველი რომანისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობს:

- წიგნის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც მე თვითონ მომიხდა ათენში წასვლა. იქ სასწავლო პროგრამით მოვხვდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი. მათი ცხოვრება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო.

რომანის მთავარი გმირის, კატერინას პროტოტიპი ერთ-ერთი ემიგრანტი გოგონაა და ცხადია, მისი ამბავი ჩემი ფანტაზიით შევალამაზე. წიგნი არ არის მხიარული, უფრო სევდიანი და სენტიმენტალურია. ამ ქალებს განსხვავებული, მაგრამ საერთო ტრაგიკული ბედი აქვთ.

პირველ ნაწილში თხრობა თბილისში მიმდინარეობს, 1990-იან წლებში. კატერინა ადრეულ ასაკში იწყებს ოჯახურ ცხოვრებას, მეუღლე და შვილი ჰყავს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ დროა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ამას აიძულებს როგორც ეკონომიკური, ისე მისი პირადი მდგომარეობა.

კატერინას აფხაზეთის ომის დროს მამა დაეღუპა და როგორც ყველა დევნილი, ისიც იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თბილისში გადმოსულიყო. ერთადერთი ნათელი წერტილი და "თავშესაფარი" სიყვარული გახდა, თუმცა არც ის აღმოჩნდა ისეთი, როგორზეც ოცნებობდა. მალე ფინანსურ პრობლემებს მეუღლის მძიმე ხასიათიც დაემატა და კატერინა ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რომ ყველაფერი თავად გამოიგონა, ამიტომ წასვლაზე ფიქრობს... გარბის იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაიბრუნოს და შვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას.

ცხოვრება საზღვარგარეთ ფერადი ჩანს, რეალობა კი სულ სხვაგვარია და კატერინა არაერთ სირთულეს გაივლის. ახალ სიყვარულსაც შეხვდება და მორიგი დაბრკოლება სწორედ აქ ჩნდება - მას საზოგადოებასთან დაპირისპირება მოუწევს, ან საკუთარი ბედნიერება უნდა აირჩიოს, ან ხალხის ხმას დანებდეს, რომელიც არ მოუწონებს ამ საქციელს.

რაც შეეხება აფხაზეთს, პირადად მე ამ კუთხესთან შეხება არ მქონია. სოხუმელების მონაყოლით ვცადე აღმედგინა და გამეცოცხლებინა პერსონაჟები, გარემო, მაგალითად, "ამრა", რომელიც სოხუმში შეხვედრების ადგილი იყო.

- ნანი, თქვენ იყავით "პალიტრა L"-ის მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის მონაწილე და ხალხის რჩეული. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით შედგა თქვენი ლიტერატურული დებიუტი და თქვენი წიგნი მთელმა საქართველომ გაიცნო. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში პროექტის შემდეგ? - ასეთი პროექტები ძალიან დიდი კომფორტია საზოგადოებისთვის, ვისურვებდი კიდევ დიდხანს იარსებოს. პროექტში მონაწილეობა მოულოდნელად გადავწყვიტე და გამარჯვების დიდი მოლოდინი არც მქონდა, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა. საბედნიეროდ, ჩათვალეს, რომ ამ წიგნის დაბეჭდვა ღირდა და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო იყო. ამ კონკურსს ჩემს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით სასიამოვნოა შეხვედრები მკითხველთან. ბოლო დროს ცოტა შევფერხდით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ვიმედოვნებ, მომავალი წლიდან კვლავ განახლდება.

ახლა უკვე მეორე რომანის იდეაც მაქვს და იმედია, მკითხველი მასაც მალე იხილავს. მასაც ისტორიული კონტექსტი ექნება, საბჭოთა პერიოდი, რადგან ისტორიკოსი ვარ და ეს თემა ძალიან მაინტერესებს.

- თქვენს ძირითად საქმიანობაზეც გვიამბეთ.

- ამჟამად თსუ-ის დოქტორანტურაში ვსწავლობ, ისტორიის ბაკალავრისა და მაგისტრის წოდება მაქვს. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ და მალე ისტორიის ერთ-ერთ კურსსაც წარვუძღვები, ოღონდ სულხან-საბას უნივერსიტეტში. სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მოსწავლეებიც მყავს. ჩემი პროფესია წერაშიც ძალიან მეხმარება, ბევრი ისტორიული ფაქტი და მოვლენა საინტერესოდ ჯდება პარალელების გავლებისას. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია, დეტალებზე ორიენტირება, როდესაც შეგიძლია გამოიცნო ადამიანის ბუნება. ეს ავტორებს გვეხმარება, რომ პერსონაჟებს უფრო სრულყოფილი სახე მივცეთ.

- როგორც მკითხველს, რა ჟანრის ნაწარმოებები მოგწონდათ, ისტორიულის გარდა?

- ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მიხეილ ბულგაკოვმა, "ოსტატი და მარგარიტა" ჩემი საყვარელი წიგნია.

- თანამედროვე ავტორებიდან ვის გამოარჩევთ? - რამდენიმეს დასახელება შემიძლია, მაგრამ გამოვარჩევდი ნიკოლას მაჩაბელს, რომლის "ჩაინა კონტრასტებიდან" ძალიან საინტერესოდ იკითხება, კარგად ჩანს ავტორის სპეციფიკური იუმორი და მკითხველსაც ვურჩევ გაეცნონ. ასევე ძალიან მომეწონა ელის დოჯსონის "რაფლეზია".

- "ოდისევსის სინდრომი" ახლა უკვე ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოჩნდება პრესის სტენდებზე, როგორ ფიქრობთ, რას მოგიტანთ ეს, როგორც ავტორს? - რა თქმა უნდა, მოხარული ვარ.

ჟურნალი მთელ საქართველოში ვრცელდება, ეს ნიშნავს, რომ მკითხველთა რაოდენობა სამმაგად მეტი იქნება. ვისაც რომანზე წიგნის მაღაზიაში არ მიუწვდებოდა ხელი, დღეს უკვე შეუძლია ჟურნალთან ერთად შეიძინოს. ვფიქრობ, ეს ჩემი წიგნით მკითხველთა დაინტერესებას გაზრდის.

თამთა დადეშელი