ყვავს ორი კაკალი გააგდებინეს
ენერგოვაუჩერების შემდეგ ხელისუფლება ახლა უკვე სასურსათო ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის. 20-ლარიან ვაუჩერს მოსახლეობა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მიიღებს და ამ თანხით დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ნაწილის გადახდას შეძლებს. სასურსათო ვაუჩერი კი, 30-ლარიანი იქნება და ამ აქციის მთავარ მიზეზად, ბოლო დროს სურსათზე მკვეთრად გაზრდილი ფასები სახელდება.
უკვე ცნობილია, რომ მოსახლეობისთვის სასურსათო ვაუჩერების დარიგება მარტიდან დაიწყება და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, თითო ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს. ვაუჩერების გადაცვლა-განაღდება ბანკებში მოხდება. ენერგოვაუჩერის მსგავსად, შესაძლებელი იქნება ამ ვაუჩერის სხვა პირისთვის გადაცემა. უკვე ცნობილია, რომ ამ ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ხელისუფლების ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგება ასეთ პირობებში ვერაფერი შეღავათია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს თანხა ყოველთვიური პენსიის ნახევარია და მცირე შვება იქნება.
ექსპერტების აზრით, მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება სოციალური პროექტია და მცირე ეკონომიკურ ეფექტსაც კი არ მოიტანს.
ნანა ფაიქიძე (დიასახლისი): "ვფიქრობ, ეს ხელისუფლება დაგვცინის. საინტერესოა, თავად რისთვის ჰყოფნით 30 ლარი და რამდენ ხანს გაიტანენ თავს ამ თანხით. ეს უბრალოდ სატყუარაა, რომ უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს. გაზრდილი ფასების გამო ფულმა მსყიდველობითი უნარი დაკარგა, ადრე 30 ლარად კიდევ რაღაცის ყიდვა იყო შესაძლებელი, ახლა კი ერთი დღის სადილს თუ გასწვდება".
ოთარ შიუკაშვილი (პენსიონერი): "ყვავს კაკალი გააგდებინეო - ისე მოსდის ჩვენს ხელისუფლებას. 20- და 30-ლარიანი ვაუჩერები დიდი თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ სულ არაფერს ხომ სჯობია. დენის ვაუჩერით, მაგალითად, ამ თვის ელექტროენერგიის დანახარჯს სრულად გადავიხდი, მარტში თუ მოგვისწრო სასურსათო ვაუჩერმა, პურის ფულად მაინც გამოვიზოგავ. თანაც ამბობენ, რომ გაზაფხულზე სურსათზე ფასები კიდევ გაიზრდება და პურის გაძვირებასაც ელოდებიან. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, სულ მცირე, 30 ლარით ხალხისთვის პენსია გაეზარდათ. ფულის გაუფასურების გამო პენსიით იმდენივე პროდუქციის შეძენას შევძლებდით, რამდენსაც ადრე ვყიდულობდით".
ემზარ ჯგერენაია (ეკონომიკის ექსპერტი): "საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა მოსახლეობას იმ თვალსაზრისით, რომ სამომხმარებლო კალათა გაძვირდა, სოციალურად დაუცველ ფენებს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნათ თავის რჩენის თვალსაზრისით. ამიტომ ეს არის ერთჯერადი დახმარება, რომელმაც უნდა შეამსუბუქოს ის გაძვირების ტვირთი, რაც ინფლაციამ გამოიწვია. რაც შეეხება ბაზარზე დამატებითი ფულის გამოშვებას, ეს ყოველთვის ქმნის ინფლაციის რისკს და ეს აქციაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ინფლაციაზე, ამიტომაც მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება მოუწევს ეროვნულ ბანკს, რათა ამ დამატებითი ფულის მასის სტერილიზაცია მოახდინოს. ის, რაც მოსახლეობას თავისი ჯიბიდან უნდა გადაეხადა, მთავრობამ გადაიხადა. ის ფული, რომელიც ხელში ეჭირა მოსახლეობას, მოხმარდება სხვა საქონლის შეძენას.
30 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ არ იქნება ურიგო დახმარება, რადგან საუბარია პურისა და კიდევ რამდენიმე პროდუქტის გაძვირებაზე, ამიტომ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ამ ვაუჩერით გათვალისწინებული თანხა გაზრდილ ფასებს გადაფარავს.
ეს არ არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი აქცია, ერთჯერადი დახმარებაა. რაც შეეხება რეალური, ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკაში, იმ თვალსაზრისით, რომ გავზარდოთ წარმოება სოფლის მეურნეობაში, დასაქმების ხელშეწყობას მივცეთ სტიმული - ამას აბსოლუტურად არ ცვლის მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარება. ეს არის სუფთა სოციალური და ჰუმანიტარული აქცია, იმ დიდ საქმეს კი ალტერნატივა არ აქვს. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რატომ 30 ლარი და არა მეტი ან ნაკლები. გათვლა გაკეთებულია მხოლოდ და მხოლოდ ბიუჯეტის არსებულ საშუალებებზე".
დემურ გიორხელიძე (ეკონომიკის ექსპერტი): "30-ლარიანი ვაუჩერის დანიშნულება ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან შეძლებულ ადამიანსაც და გაჭირვებულსაც ერთნაირად ეხმარებიან. ასეთ პირობებში 30 ლარი არაფერს არ წარმოადგენს. გაეკეთებინათ აქცენტი განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებზე.
საერთოდ, მსგავსი რეკლამის გაკეთება ისეთი რამისთვის, რაც თავისი შინაარსით მცირედითაც არ წარმოადგენს შეღავათს ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისათვის, ჩემთვის გაუგებარია. 30 ლარი, შესაძლოა, რამდენიმე დღით ადამიანს პურის ფულად გეყოს. ამდენი ხმაური რა საჭიროა ამ თემაზე, არ მესმის!
20 ლარის ელექტროენერგიაც ამ ზამთარში გაჭირვებულ ადამიანს ოდნავ სულს მოათქმევინებს, მაგრამ არც ეს არის ისეთი დახმარება, რომელზეც ლაპარაკი ღირს. უფრო გონივრული იქნებოდა, გამოეყოთ რაღაც კატეგორია ადამიანებისა, ვისაც შედარებით მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდენ და ამას მართლა ექნებოდა აზრი.
აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი ხმაური არაფრის გამო. არავითარ ინფლაციურ პროცესებს ეს არ გაამწვავებს, გამორიცხულია. ეს ხომ ფული არ არის. ყოფილიყო 100, 200 ან თუნდაც 500 ათასი კაცი და მათზე გაეკეთებინათ აქცენტი. მილიონერსაც 30-ლარიანი ვაუჩერი მისცე და უკიდურესად გაჭირვებულსაც - სასაცილოა".
(სპეციალურად საიტისთვის)