"ახალგაზრდა ქალის განწირული ხმა ესმოდა ყველას, დიახ ყველას, თუმცა არავინ მიეშველა... მოკლეს განსაკუთრებული სისასტიკით"
ქუთაისში მომხდარი შემზარავი მკვლელობა სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალი დააკავეს.
შეგახსენებთ, 30 წლის ელისო ჩეჩელაშვილი 18 ივლისს საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი ნახეს.
დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ელისო ჩეჩელაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
როგორც შევიტყვეთ, დაკავებული ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის ადგილის დათვალიერების შემდეგ, პირველი ვისი სახლიც გაიჩხრიკა, ბრალდებულის საცხოვრებელი იყო, რომელთანაც თურმე მოკლული გოგო მეგობრობდა. სავარაუდოდ ძალოვნებმა კინოლოგების დახმარებით მიაგნეს დამნაშავის საცხოვრებელს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ სამართალდამცავები არ საუბრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელისო ბრალდებულთან მეგობრობდა.
შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და საზოგადოების გულგრილობას ხომ არ შეეწირა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე, ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, როცა მეზობლებმა მომხდარზე მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მეზობლები არ მალავენ, რომ ბინიდან ქალის განწირული კივილი კარგა ხანს ესმოდათ. გაიგეს ისიც, როგორ ითხოვდა შველას, მისი სიტყვებიც, მიშველეთ, მიშველეთ, მაგრამ არავის უცდია მისულიყო ბინაში და გაერკვია იქ რა ხდებოდა, ან უბრალოდ მაშინვე პოლიცია გამოეძახათ.
პოლიცია ამ ფაქტიდან ორი საათის შემდეგ გამოიძახეს, როცა ქალის ხმა აღარ ისმოდა და მეზობლები დაინტერესდნენ რა ხდებოდა ბინაში. ერთ-ერთმა მეზობელმა 112-ში დარეკა, შემთხვევის ადგილზე ჯერ მაშველები მივიდნენ, მერე პოლიციაც გამოჩნდა და ბინაში შესულებს უმძიმესი სურათი დახვდათ. ქალი სისხლის გუბეში იწვა და მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თუმცა მანამდე სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდა გოგოს დანით 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას არაერთი დაზიანება აღენიშნება კისრის, ყელის, გულმკერდის არეში. რატომ გაიმეტა ასე სასტიკად ბრალდებულმა მსხვერპლი, ეს გამოძიებით უნდა გაირკვეს.
დანაშაული 18 ივლისს, საღამო ხანს მოხდა. ცხრასართულინ კორპუსში, მესამე სართულზე ელისო ჩეჩელაშვილს და მის მეგობარს, ირინა ჭაბუკიანს ბინა 2 თვის ნაქირავები ჰქონდათ. ელისოს მეგობარი ირინა ტრაგედიის დროს სამსახურში იყო და სახლში დაბრუნებულს ეს უმძიმესი სურთი დახვდა. გარდაცვლილს ერთი შვილი დარჩა.
როგორც ჩანს, სახლში მხოლოდ დამნაშავე და მსხვერპლი იყვნენ. მეგობრები ამბობენ, რომ ელისო კონფლიქტური ადამიანი არ იყო, ამიტომ მათთვის სრული შოკია მისი მკვლელობა. ახლობლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლა ის დამნაშავეს.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე აქვეყნებს მკვლელობაში ბრალდებული ქალის ფოტოს წარწერით: "ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახალგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას, დიახ ყველას თუმცა არავინ მიეშველა... მოკლეს, დიახ მოკლეს. მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახალგაზრდა გოგო. რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკვლელობას ეზოდან უყურებდა? ხვალ დილამდე პასუხისგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ...დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- წერს იგი. (წყარო)
როგორც მეზობლებმა გვითხრეს, უბანში მკვლელობაში ბრალდებულს ვერას ეძახდნენ. მისი ქმარი გვარად გვანცელაძეა, ნასამართლევი პირი. ბინა დაგირავებული ჰქონდათ და ამიტომ კორპუსთან მდგარ დამხმარე ფარდულში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, სადაც ცხოვრების არანაირი პირობები არ იყო. ვერას უბანში ყველა იცნობდა, ასე დაუხლოვდა უბანში ქირით გადმოსულ ახალგაზრდა გოგოს. როგორც ჩანს ელისოს ეცოდებოდა იგი, ამიტომ სახლში აყავდა, საჭმელსაც აჭმევდა და აბაზანითაც იქ სარგებლობდა ვერა, რადგან როგორც ამბობენ, იქ სადაც ცხოვრობდა, სველი წერტილიც არ ჰქონდა.
kvirispalitra.ge გარდაცვლილის მეზობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
-ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ სახლში არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. მეზობლებმა დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაიგეს წივილ-კივილის ხმა. ზაფხულია და ღია ფანჯრიდან ესმოდათ ხმები. რატომღაც არავის გაუჩნდა სურვილი, რომ მაშინვე დაერეკათ პოლიციაში. სამწუხაროდ, სხვის კედლებში რაც ხდება, ეს არ არის მეზობლის საქმე. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე მეზობელი იყო შეკრებილი სადარბაზოსთან და ამბობდნენ, ბინიდან ქალი შველას ითხოვდა და ახლა ხმა არ ისმისო. ისეთი საეჭვო ვითარება იყო, მაშინვე მივედი იმ ბინაში, დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გააღო, ამის შემდეგ დავრეკეთ 112-ში. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო.
მოტივზე ჯერ არაფერს ამბობენ, იმდენად წარმოუდგენელია მომხდარი, 2 თვის გადმოსულმა მეზობელმა შეგიფარა, ყავას გასმევს, დაბანის საშუალებას გაძლევს, გასადილებს, და ის ასე სადისტურად გაუსწორდა. ვფიქრობ, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ეს კითხვა იმიტომ მიჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალს 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მოკლულის შვილი ნათლიასთან და ახლობლებთან ერთად, სწორედ მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა პოლიციის მოსვლას ველოდებოდით, დაურეკა დედას და არ პასუხობდა, მივხვდით არ იყო კარგი ამბავი ბინაში და ბავშვი ბებოსთან გავუშვი, რომ აგვეცილებინა მისთვის მძიმე სურათი.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
(სპეციალურად საიტისთვის)