"ერთ-ერთი, კა­ხას უკ­ნი­დან მი­ე­პა­რა და გუ­ლის მხა­რეს და­არ­ტყა დანა" - ახალი დეტალები ყოფილი პოლიციელის მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთი, კა­ხას უკ­ნი­დან მი­ე­პა­რა და გუ­ლის მხა­რეს და­არ­ტყა დანა" - ახალი დეტალები ყოფილი პოლიციელის მკვლელობაზე

19 ივლისს, ვაზისუბნის დასახლებაში სისხლიანი გარჩევას 32 წლის კახაბერ თეგეტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც თანაუბნელმა 28 წლის თ.ი.-მ თეგეტაშვილი ზურგისა და ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს.

კახა თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელია, ის 4 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებული იყო. მისი ოჯახი - ცოლი და ერთი ვაჟი უცხოეთშია. დაპირისპირების დეტალებზე და მკვლელობის მოტივზე ოჯახი არ ლაპარაკობს. თ.ი. ამჟამად დაკავებულია და მომხდარის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის თაობაზე Ambebi.ge-ს გარდაცვლის ახლობელი ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

- კახა ყოფილი პოლიციელია და ახლახან ჩამოვიდა საქართველოში. ვაზისუბნელია და ახლახან ახალი ბინა იყიდა ამავე დასახლებაში. ეს ამბავიც ამ ეზოში მოხდა. ღამით მეზობლები ეზოში სვამდნენ, საკმაოდ შეზარხოშებულები მაღალ ხმაზე ყაყანებდნენ და ჩხუბობდნენ. კახა ჩასულა და უთქვამს, ხმადაბლა ილაპარაკეთ, აქ ხალხი ცხოვრობს და ვწუხდებითო. ეს იუკადრისეს იქ მყოფება და ამას მოჰყვა კონფლიქტი. მერე ერთ-ერთი, გვარად, იუსპოვი კახას უკნიდან მიეპარა და ზურგში, გულის მხარეს დაარტყა დანა. სასწრაფო გამოიძახეს და ახალგაზრდა საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კახა ძალიან პოზიტიური, მხიარული და კარგი ადამიანი იყო. დასანანია, ასე ტყუილ-უბრალოდ, არაფრის გამო რომ გამოასალმეს სიცოცხლეს. ვიმედოვნებ, საკადრისად დაისჯება მკვლელი.

Ambebi.ge