მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება - კვირის პალიტრა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაკეტილა, თუმცა მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გააქტიურდება თერმოსკრინინგი და ბაზრებში კონტროლი გამკაცრდება.

„როგორც მოგეხსენებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გართულებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სწორედ ამიტომ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები. კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ სოფლებში გავააქტიურებთ თერმოსკრინინგს. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, ბაზრებსა და ბაზრობებზე კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი, კიდევ უფრო გამკაცრდეს პროცესი და ინტენსიურ ფაზაში გადავიდეს თერმოსკრინინგი, შესაძლო სიმპტომების მქონე ადამიანები მყისიერად იქნენ გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებებში, ჩაუტარდეთ მათ ტესტები. ყველა ეს ღონისძიება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და რომელიც კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება მუნიციპალიტეტსა და აღნიშნულ ბაზრობებზე, მიზნად ისახავს მეტ კონტროლს, რომ რაიმე უფრო გართულებისკენ არ წავიდეს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, რა სახის შემოწმება ჩაუტარდებათ ადგილობრივებს, ამას ეპიდემიოლოგიური სამსახური ადგილზე გადაწყვეტს.

„ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. როგორც კი ამის საჭიროება გამოჩნდება, აუცილებლად შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება, გამოკვლევა და ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"