დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში? - კვირის პალიტრა

დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო მამაკაცი გაკოჭეს და ხეზე მიაბეს - რა მოხდა მარნეულში?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი მარნეულელი მამკაცი დააკავა, რის თაობაზეც "მარნეულის რადიო" იუწყება. საქმე შეეხება რამდენიმე დღის წინ სოფელში მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტს - საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის სოფელ კაპანახჩში რამდენიმე ადამიანმა ბოძზე მიაბა. როგორც რადიო "მარნეულს" ამავე სოფლის მკვიდრები უყვებიან, ბოძზე მიბმულ მამაკაცს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირი ჰქონდა. მომხდარს ქალის მამამთილი შეესწრო, რის შემდეგაც კაცი გაკოჭეს.

ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მიბმული მისი მშობლების მოსვლამდე იყო.

ოჯახის წევრების მტკიცებით, ქალის მამამთილს ნერვიულობის ნიადაგზე გული გაუსკდა და ის 19 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი: 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს" - წერია შსს-ს განცხადებაში

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.