23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება - კვირის პალიტრა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მეზობლების მიერ გამართულ აქციაზე საქმის გამომძიებელი მივიდა. ის გოგონას დედას ესაუბრა.

მისი თქმით, სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები და მოწმდება ყველა საეჭვო ადგილი. როგორც მან აღნიშნა, სამძებრო სამუშაოებში ხვალიდან ვერტმფრენი ჩაერთვება.

"იქ ვარ დღე და ღამე, თქვენს მეუღლესთან მაქვს კავშირი. ყველგან შევედით, იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ვაშუქებთ. ათასი ოპერატიული- საგამოძიებო მოქმედება ტარდება. დრონები მუშაობს. ხვალ დილიდან უნდა ჩაერთოს ვერტმფრენიც. თქვენს მეუღლეს ყოველწუთიერად ვაყენებთ საქმის კურსში. მოწოდებული ვართ მოკლე დროში ვიპოვოთ ბავშვი. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ჩვენც მოგვაწოდეთ", - განაცხადა გამომძიებელმა.

გოგონას დედა, თეონა თამაზაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ამოიღო დროულად გამოძიებამ მისი შვილის კომპიუტერი.

"მე ვიცი, რომ იქ მივიდა ფურგონი მანქანა, გაირკვა ვინ იყვნენ? კომპიუტერი რატომ არ გახსენით?“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

გამომძიებლის თქმით, ფურგონთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა.

"კომპიუტერი არის "ეფლის", რომელსაც ადევს პაროლი, გკითხეთ, არ იცოდით, ვმუშაობთ ამაზეც", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის წინ სახლიდან ავოტმობილით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"