"უთ­ქვე­ნო­ბის ტკი­ვი­ლი­ა­ნი ათი წელი ჩა­მო­ი­მარ­ცვლა, ჩე­მე­ბო. მე­ნატ­რე­ბით, მახ­სოვ­ხართ..." - კვირის პალიტრა

"უთ­ქვე­ნო­ბის ტკი­ვი­ლი­ა­ნი ათი წელი ჩა­მო­ი­მარ­ცვლა, ჩე­მე­ბო. მე­ნატ­რე­ბით, მახ­სოვ­ხართ..."

მუცოს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილი ცოლ-შვილის ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"უთქვენობის ტკივილიანი ათი წელი ჩამოიმარცვლა, ჩემებო. მენატრებით, მახსოვხართ, მტკივიხართ, მიყვარხართ... უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი!". (წყარო)

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

მხოლოდ თეონა ქუმსიაშვილისა და გელა დაიაურის უახლოესმა ადამიანებმა იციან, როგორ განიცდიდა თეონა მეუღლესთან განშორებას, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, როდესაც ქორწინებიდან ძალიან მალე, წყვილს ერთმანეთისგან შორს მოუწია ყოფნამ. გელა მაშინ შატილში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, თეონა კი ფეხმძიმედ იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინეს, თბილისში დარჩენილიყო. დრო შემოდგომიდან ზაფხულამდე უსაშველოდ ძნელი და ტკივილით სავსე აღმოჩნდა ორივესთვის... გელა დღემდე ინახავს წერილებს, რომლებსაც ბარში დარჩენილი თეონა სწერდა, რომლებიდანაც საოცრად დიდი სიყვარული და მონატრება იგრძნობა.

გთავაზობთ ამ წერილების ნაწილს ჟურნალ "გზის" არქივიდან:

"...შენმა ერთმა ლექსმა ისევ ამიჩუყა გული, კუნწ... მაინც რა ვარ ასეთი? როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."

***

"შენი ბარათები მასულდგმულებს და მაძლებინებს. თავს შენც გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, გელოდები და უზომოდ მიყვარხარ! გკოცნი, ჩემო ერთადერთო. მეც უკვე ძალიან მიჭირს უშენოდ. ფეხით წამოსვლაზე არც იფიქრო, კუნწულ. მენატრები, მაგრამ ცოტა ხანსაც გავძლებ. საერთოდ ვეღარ ვმღერი - თითქოს არც არასდროს მიმღერია. ძნელია თურმე უშენობა, მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩვენი პატარა... კარგია, რომ მეგობრები გსტუმრობენ და თავს მარტო არ გრძნობ".

***

"გამარჯობა, ჩემო სანატრელო. მართლაც, როგორი სანატრელი გამიხდი. დამიჯერე, ჩემი დილა ცრემლებით იწყება და ცრემლებით მთავრდება, თუმცა, უფალს მაინც მადლობას ვწირავ ასეთი სიყვარულისთვის; იმისთვის, რომ შენი თავი მაჩუქა; იმისთვის, რომ ერთ თვეში მაგრად ჩაგეხუტები... ვიცი, რა ძნელია უპასუხო წერილების წერა, მაგრამ ჩემთვის უფრო ძნელია, შენ რომ არ შეგიძლია პასუხის გაცემა. შენზე ვდარდობ. პატარაზე ხომ მოგიყევი, ძალიან ცელქი და მოუსვენარია. დედაშენი ხშირად მკითხულობს, კარგი ადამიანია, ყველაზე მეტად მისი ლაპარაკი მამშვიდებს. მუცოში რატომ მიდიხარ, უბრალოდ? ვერც მე გწერ გემრიელად, ყველას კომპიუტერთან უნდა ჯდომა. ხომ იცი, ახალი რომაა, ყველას უხარია... გეხვეწები, არ გეწყინოს, ბევრს თუ ვერ მოგწერ. შენს ბალიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყვარხარ! შენი ლექსები ძალიან მახარებს. რაღაცებს მეც ვჩხაპნი ხოლმე, მაგრამ მერიდება, რომ მოგწერო. ჩემზე არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი. იცის, უფალმა, როგორ მიყვარხარ და ყოველთვის შენს კარგად ყოფნას, ჩვენი ოჯახის სიმტკიცესა და ჩვენი პატარას ჯანმრთელობას ვევედრები მას. მიყვარხარ, მომწერე ხშირად, შენ ხომ სწრაფად წერ. გკოცნი ძალიან ბევრს!"

***

"გამარჯობა, კუნწულ. რა ხდება მუცოს ჭალაში? ხომ მშვიდობაა? კუნწულ, ისევ იმ ვაგონში ხომ არ დაგაძინეს? არ გამიცივდე, იცოდე. მომენატრა მანდაურობა. ხვალ წირვაზე მივდივარ სამებაში. მენატრები უზომოდ და ერთი სულით ველოდები შენს წერილებს. მომიყევი მუცოს ამბები. ნეტავ, ჩემთან იყო ახლა. როგორ აღარ მომწონს სამყარო უშენოდ. როგორი მოწყენილი დავდივარ, რომ იცოდე. ყოველ საღამოს ვკითხულობ შენს წერილებს ცრემლებით და მერე ვინ იცის, როდის ჩამეძინება ხოლმე ფიქრებით დაღლილს. ძალიან გვიყვარხარ მე და ამ ცელქ ბავშვს. მიყვარხარ და მენატრები, ღმერთმა იცის, როგორ..."

***

"გამარჯობა, კუნწულ, ხომ კარგად ხარ? ხომ მშვიდობით მოიარე მუცოს ჭალა? მე ისევ და ისევ მენატრები და მენატრები. დისკის ჩაწერა დავიწყე, საავტორო უფლებების შესახებაც გავარკვიე, რაც მაინტერესებდა. შენ რომ ჩამოხვალ, ერთად მოვიფიქროთ და დავგეგმოთ ყველაფერი. ჩვენი პატარა ამ წუთას, იცი, როგორ ფართხალებს? აქ ძალიან დათბა, უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის შენი ჩამოსვლა იქნება გაზაფხული. მენატრები, მიყვარხარ..."

***

"ძალიან მეწყინა, ასე უცებ რომ დამემშვიდობე. არა უშავს, თუ არ გცალია. ცოტა ცრემლებს დავღვრი და წყენაც გადამივლის. მაპატიე, ვიცი, ეგოისტი ვარ..."

***

"ძალიან მენატრები, უსაშველოდ. ეს თავის ტკივილები არ მეშვება, ტვინი მემატება ალბათ. გონებით შენთან ვარ. აქ კიდევ მეუბნებიან, რა გათიშული დადიხარო. ალბათ, უჩემობას მიეჩვიე კიდეც. არადა, როგორ არ მინდა, ასე იყოს. მე ვერ მივეჩვიე. ხანდახან მგონი, გაწუხებ თითქოს. ამდენი "მიყვარხარ", ამდენი "მენატრები"... მგონია, დაგღალე და ვერ ვხვდები. ახლა საშინელ ხასიათზე ვარ, ცრემლები მახრჩობს. ვიცი, უსაშველო წუწუნი მიყვარს, მაგრამ ვის ვუთხრა, თუ არა შენ. რაღაც სულ სხვანაირად მოგეკედლე და როგორ არ მინდა, ჩემით დაიღალო. მაპატიე, ზოგჯერ უცნაური აზრები შემიპყრობს ხოლმე. შენ ხარ ერთადერთი სიმდიდრე ჩემთვის, მეტი არაფერი გამაჩნია. და ზოგჯერ, როცა ცუდ რამეს წარმოვიდგენ, ვხვდები, თუ შენ ჩემ გვერდით არ იქნები, უბრალოდ, მოვკვდები! არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხანდახან მეშინია ამხელა ბედნიერების! ჩემზე არ იდარდო. ახლა, როცა ცოტა ვიბოდიალე, დავისვენე, მაპატიე. შენ მანდ შენი სიმარტოვეც გეყოფა, ამდენი წუწუნით კიდევ მე აქედან გაწყენ თავს. მგონი, გადამრია ამ სიყვარულმა! მიყვარხარ! უზომოდ კი არა, უფრო მეტად! გკოცნი..." გაგრძელება