"მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა"- რა ინფორმაციას ავრცელებს თსუ თამარ ბაჩალიაშვილზე - კვირის პალიტრა

"მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა"- რა ინფორმაციას ავრცელებს თსუ თამარ ბაჩალიაშვილზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს.

თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო.

მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა მოიპოვა Erasmus + სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრი გაატარა საფრანგეთში - უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში.

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარი ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა. ის ემზადებოდა საბაკალავრო პროექტის დასაცავად, რის შემდეგაც შეუერთდებოდა თსუ-ს 2020 წლის 3500 კურსდამთავრებულს. 25 ივლისს თსუ-ს 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ.

ინფორმაციისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული გოგონა, თამუნა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, თავისივე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა სახლიდან შაბათ დილას, 11:00 საათზე ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" გავიდა და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12:00 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირეს, შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ბოლოს კი, გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა. წყარო