მარნეულის სკანდალური ექსმერი "ოცნების" სიაში იქნება? - რა აკავშირებს თემურ აბაზოვს ივანიშვილების ოჯახთან? - კვირის პალიტრა

მარნეულის სკანდალური ექსმერი "ოცნების" სიაში იქნება? - რა აკავშირებს თემურ აბაზოვს ივანიშვილების ოჯახთან?

"მითხრეს და პირობა მომცეს, რომ 99% "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ვიქნები" - განუცხადა ვებგვერდ Actual.ge - ს მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა. მისივე განცხადებით, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ე ადგილზე იქნება. "ვფიქრობ, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 41-ზე მეტი დეპუტატი იქნება. თუ საბოლოოდ მოხდება ისე, რომ მმართველი პარტია ვერ შეძლებს 30-ზე მეტი დეპუტატის დასახელებას, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ცვლილებები მოხდეს. მაგრამ, რადგან, ახლა ფიქრობენ, რომ 40-ზე მეტი დეპუტატი მიიღებს მანდატს, მე 41-ე ადგილი მომანიჭეს", - განაცხადა აბაზოვმა.

მან palitranews- სთან საუბარშიც დაადასტურა იგივე, მისი თქმით, შეთავაზება მმართველი პარტიისგან მიიღო და დათანხმდა.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას მერე მოექცა, რაც 2018 წლის ივნისში მისი დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ყველაფერი ასე დაიწყო...

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია "მონიტორმა" ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტიდან გავიგეთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს. სტუდია "მონიტორთან" თემურ აბაზოვმა ამგვარი რამ უარყო, მეტიც, განაცხადა, - ვიდეო ნანახიც კი მაქვსო...

სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. აბაზოვთან ერთად საქმეში ფიგურირებდა პარლამენტარი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი.

პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ მას მერე, რაც ელჩინ ალახვერდიევმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციიდან სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" ვიდეოჩართვისას თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ის ჯერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის ოფისში დაიბარეს და სცემეს, შემდეგ კი წაიყვანეს მარნეულშივე, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარედ, სადაც მათ ელოდათ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავეს საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება, მაგრამ...

შემედეგ მოვლენები ასე განვითარდა:

აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას მერეც ძალაში დატოვა, რაც აბაზოვმა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვა მოითხოვა. თუმცა იგივე რუსთავის საქალაქო სასამართლომ აბაზოვი 2018 წლის დეკემბერში, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა.

2019 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბაზოვი ივანიშვილს შეხვდა, რის შესახებაც მარნეულის ექსმერი აცხადებდა, - თუ უნდათ ჩათვალონ, რომ საიდუმლო შეხვედრა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მე ამაზე პრობლემა არ მაქვსო... გაგრძელება