"თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის" - კვირის პალიტრა

"თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის"

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ყოფნა ლოგიკურია.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ საარჩევნო სიაში ისეთი ადამიანები ჩასვას, ვის მიმართაც კომპრომატები აქვს.

"დამსხვრეული ოცნებების პარტია ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რომ სიაში ისეთი ადამიანები ჩასვას, ვის მიმართაც აქვს კომპრომატები, რომელიც გამოჭერილი, დაჭერილი ჰყავს ხელით და თუ რაღაც თავისუფალ ნაბიჯს გადადგამენ, მათი კონტროლის მექანიზმი აქვთ. ამიტომ, მათ ჰყავთ კორუმპირებული ადამიანები და მოძალადეები სიაში. მათ ჰყავთ უმაქნისი, არაფრისმქნელი მძარცველები სიაში. ეს არის დამსხვრეული ოცნებების გუნდი, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს. ამიტომ, არ მიკვირს. თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან, ვის მოიყვანენ და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია იმ დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის, რომელიც ჩვენ წინაშეა",- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"