"ნასესხები" მოდა - კვირის პალიტრა

"ნასესხები" მოდა

"ბევრი დეტალი დაბრუნდა როგორც 70-იანი, ასევე 90-იანი წლებიდან. მოდურია პანამის ქუდი. ალბათ, წელს პლაჟზე ბევრ პანამიან დამსვენებელს ვიხილავთ"

ჭრელ-ჭრელი კაბები, ნათელი ფერები და პირბადე - ეს წლევანდელი ზაფხულის მოდის მთავარი ატრიბუტებია, თუმცა კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევა: დიზაინერებმა ბევრი რამ გასული საუკუნის 70-90-იანი წლებიდან "ისესხეს". ამის შესახებ სამოდელო სტუდიის ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი გვესაუბრება:

- 2020 წლის საზაფხულო მოდაში ყველაზე მეტად ფერები მომწონს: ხასხასა, ნეონის ფერები. აქტუალურია მწვანე, ვარდისფერი, ფორთოხლის ფერები. ზაფხულის მოდა კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩევა: ბევრი დეტალი დაბრუნდა როგორც 70-იანი, ასევე 90-იანი წლებიდან. მოდურია პანამის ქუდი, რომელიც ჩემს ბავშვობას მაგონებს. ალბათ, წელს პლაჟზე ბევრ პანამიან დამსვენებელს ვიხილავთ.

- ესე იგი, დიზაინერები მე-20 საუკუნეს დაუბრუნდნენ?

- შეიძლება ასეც ითქვას, რადგან რთულია ამ სფეროში რაღაც ახალი დაამკვიდრო, ამიტომ მოდა წარსულს ხშირად უბრუნდება. მაგალითად, 80-იანი წლებიდან გვიბრუნდება ტყავი, რომელიც შემოდგომის სეზონიდან უკვე აქტუალური იქნება.

- ამბობენ, რომ წელს გრძელი კაბაც მოდურია და მოკლეც. - დიახ, თუმცა კაბა ისე არ დაპატარავებულა, როგორც 70-იან წლებში იყო - მაშინ იმდენად მოკლე კაბები ეცვათ, როგორსაც დღეს ყველაზე თამამი გოგონებიც არ ატარებენ. ამ ზაფხულს მოდურია როგორც მინი, ასევე მიდი და მაქსი, ყვავილებიანი კაბები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო მკლავზე: როგორც შარშან, ახლაც უპირატესობა ფართოსახელოიან კაბებს ენიჭება. ასეთი სახელო ქალს საშუალებას აძლევს ზედმეტი წონა დამალოს. ფართო სახელო დიზაინერს დიდ გასაქანს აძლევს, ის შეიძლება იყოს მოკლე, საშუალო სიგრძის ან გრძელი. გოფრე და ლამაზი ფოჩებიც არ არის ახალი მოვლენა - ეს დეტალები წელსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ოღონდ ძალიან ფაქიზად: ფოჩებს ნებისმიერ კაბას და კოფთას ვერ მივაკერებთ და ეს დიზაინერის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ალბათ, მკითხავთ, რა უნდა ქნან იმ ქალებმა, რომლებსაც სადა ჩაცმულობა მოსწონთ? - საქმე ის არის, რომ ამ ზაფხულს ერთ ფერში გადაწყვეტილი სამოსიც მოდურია. აუცილებლად უნდა ვახსენო ტოპი და შორტი, რადგან ეს ზაფხულის სამოსია. ტოპი ძალიან ლამაზი და ქალურია, რაც შეეხება შორტს, ის ზაფხულის პერიოდში ყოველთვის მოდურია, თუმცა შორტსაც გააჩნია. წლევანდელი შორტები ისეთი შემოტკეცილი და მოკლე არ არის, როგორიც წინა წლებში იყო. წელს მოდურია არც ისე მოკლე შორტი, რომლითაც შეიძლება საქმიან შეხვედრაზეც წახვიდეთ. შეიძლება მასზე კოსტიუმიც მოირგოთ.

- აქსესუარებიდან რას გამოყოფთ?

- უპირველესად, საყურეებს - წელს რგოლებია მოდაში. უკვე ბევრ გოგონას შევამჩნიე რგოლის ფორმის საყურეები, რომელიც ყველას ეგზოტიკურ იერს აძლევს.

წელს ასევე მოდურია ზურგამოღებული კაბა. შეგიძლიათ ძველ კაბას ზურგი თავად ამოაჭრათ ან მკერავს მიუტანოთ და მოდური სამოსიც მზად გაქვთ.

- რადგან ზღვის სეზონი უკვე ძალაშია, როგორი საცურაო კოსტიუმებია წელს მოდური? - საცურაო კოსტიუმიც ნეონის ფერებში უნდა იყოს, პლაჟზე ისე არაფერი ბრწყინავს, როგორც ნეონის ფერები. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, საცურაო კოსტიუმი მთლიანია თუ არა, ნეონის ფერებში გადაწყვეტილი ნებისმიერი ჩაცმულობა წელს აქტუალურია.

- ლამაზ კაბაზე სპორტული ფეხსაცმლის ჩაცმა ისევ მოდურია? - მოდა მოდაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი შთაბეჭდილებებიც გვაქვს: რაღაც მოგვწონს, რაღაც არ მოგვწონს და ეს გადამწყვეტია. მე ვგიჟდები სპორტულ ფეხსაცმელზე და მგონია, ის ნებისმიერ სარაფანს და კაბას უხდება. მოდიდანაც რომ გადავიდეს, მე მაინც ჩავიცვამ, რადგან ძალიან პრაქტიკულია. რა თქმა უნდა, თუ ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიხართ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ - ეს შეუცვლელი ნივთია, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან ისევე, როგორც თეთრი პერანგი, ჯინსი ან შავი მიდი ქვედაკაბა, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს.

- გვინდა თუ არა, პირბადეზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც წლევანდელი ჩაცმულობის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. თქვენ როგორი პირბადეები მოგწონთ? - პირბადის საჭიროება დიზაინერებმა კარგად გამოიყენეს და ბიზნესად აქციეს. მე ამის წინააღმდეგი სულაც არა ვარ, მაგრამ სამედიცინო პირბადე მირჩევნია. ვიცი, რომ წესების დაცვით არის დამზადებული და ბაქტერიებისგან დამიცავს. თბილისში ბევრს უკეთია ჭრელი, ხელით შეკერილი პირბადე, რაც არ მომწონს. მე თვითონ სადა, შავი პირბადე მირჩევნია, რაც შეეხება თვლებით მორთულ ჭრელ პირბადეებს, უფრო ფოტოსესიისთვის არის განკუთვნილი. ასეა თუ ისე, 2020 წლის ჩაცმულობა პირბადის გარეშე წარმოუდგენელია. დიდი იმედი მაქვს, ის მომავალ ზაფხულს აღარ დაგვჭირდება.

- მამაკაცების მოდაზე რას გვეტყვით? - მამაკაცებისთვის წელსაც მოდურია კლასიკური შორტი და პერანგი, ასევე ჭრელი, ფერადი პერანგები.

ძალიან მომწონს, როცა ასეთ სამოსს ასაკოვანი მამაკაცებიც იცვამენ და ქართველები ისე ჩაშავებულები აღარ არიან. ამის თაობაზე ტურისტები სულ წერდნენ ბლოგებზე და სოციალურ ქსელებში. ზოგს ისიც ეგონა, რომ შავი ჩვენი ეროვნული სამოსია. ბოლო წლებში ცოტა გავფერადდით და ეს კარგია - ფერადი სამოსი ადამიანს აახალგაზრდავებს და თუ ზომიერად, გემოვნებიანად იქნება შეხამებული, მამაკაცებმაც უნდა ჩაიცვან. ვერ ვიტყვი, რომ ყვავილებიანი, ჭრელი პერანგი 80-90 წლის კაცს მოუხდება, მაგრამ 30-40 წლის ასაკში რატომაც არა?

მთავარია, ის გვეცვას, რაც გვიხდება და რაშიც თავს კარგად ვგრძნობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე