მოგზაური სკუტერით - ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთ წერტილამდე 58 დღეში - კვირის პალიტრა

მოგზაური სკუტერით - ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთიდან უკიდურეს დასავლეთ წერტილამდე 58 დღეში

"ხშირად მეკითხებიან, რა "კაიფი" აქვს მარტო მოგზაურობასო? - მარტო უფრო კონცენტრირებული, ორგანიზებული ხარ, არავის სურვილსა და გრაფიკზე არა ხარ დამოკიდებული. დღეს საკუთარი სურვილისამებრ გეგმავ"

ჯაბა ჩარგაზიამ 21 ქვეყნის 44 ქალაქი ორმოცდათვრამეტ დღეში სკუტერით შემოიარა. შეადგინა მარშრუტი, მოიძია სახსრები და გზას გაუდგა.

"ევროპაში სკუტერით მოგზაურობა 2018 წლის მიწურულს გადავწყვიტე. ძალიან მინდოდა სხვადასხვა ქვეყნის, მათი ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ევროპელების ცხოვრების სტილის გაცნობა. დავიწყე ინფორმაციის მოძიება, როგორ შეიძლებოდა მემოგზაურა ეკონომიურად და თან ისე, რომ დიდი დრო არ დამჭირვებოდა. სკუტერი ზუსტად მიესადაგებოდა ჩემი მოგზაურობის იდეას. მარშრუტის შედგენა რუკაზე ყველაზე მარტივი იყო - ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთის წერტილიდან სამხრეთ ნაწილის გავლით უნდა წავსულიყავი ევროპის უკიდურეს დასავლეთ წერტილში, ლისაბონში (პორტუგალია) და უკან დავბრუნებულიყავი ჩრდილოეთ ნაწილის გავლით. მოგზაურობა ზამთარში დავიწყე. კლიმატური პირობები ერთადერთი წინაღობა იყო. ვიცოდი, რომ უნდა გავმკლავებოდი წვიმას, თოვლს, ქარს, ნისლს, მაგრამ არ შევშინებულვარ. ხშირად მქონდა ტექნიკური პრობლემებიც, სკუტერს შეკეთება სჭირდებოდა. საზღვრების გადაკვეთა არც ერთხელ არ გამჭირვებია. როცა სკუტერით მოგზაურობ, მესაზღვრე არ გთხოვს საბანკო ამონაწერს ან ნაღდი ფული რამდენი გაქვს ხელზე და ა.შ. ცხადია, რომ ადამიანი მხოლოდ მოგზაურობას აპირებს და არა სადმე დარჩენას. ასე გავიარე ევროპის 21 ქვეყანა საქართველოს ჩათვლით, სულ 15000 კილომეტრი. გარდა მოგზაურობისა, მინდოდა თავიც გამომეცადა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, გამეკეთებინა რაიმე განსაკუთრებული, რითაც ჩემი ოჯახი და ნათესავები იამაყებდნენ.

ყოველთვის ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდი, არასოდეს მქონია მოგზაურობის საშუალება. მხოლოდ სწორად შედგენილმა გეგმამ და სურვილმა ამიხდინა ოცნება - დღეს მე მოგზაური ვარ".

ჯაბა 300 კილომეტრს გადიოდა და საათში ერთხელ ისვენებდა. ყველაზე დიდი სირთულე თურქეთის უღელტეხილზე შეხვდა, რომლის გადავლაც ღამით, თოვლსა და ყინვაში მოუხდა. ლისაბონიდან ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში გადავიდა, ბილბაოსა და პარიზის შემდეგ ბელგიაში გაემგზავრა, იქიდან კი ჰოლანდიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, სერბეთში, ბულგარეთში, თურქეთში, საიდანაც ისევ საქართველოში დაბრუნდა.

"18 წლის ვიყავი, როდესაც მიმტანად დავიწყე მუშაობა, მერე სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი პროტოკოლის სპეციალისტად. შეიძლება ითქვას, ეს მოგზაურობა ჩემთვის ახალი სამყაროს აღმოჩენაა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ბევრი რამით ჩამოვრჩებით, ბევრსაც შეგვიძლია ტოლ-სწორადაც ველაპარაკოთ, ზოგიერთს აღვემატებით კიდეც. ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია თავს ევროპელები ვუწოდოთ. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მოგზაურობისას არაერთ საინტერესო ადამიანს შევხვდი, დავუმეგობრდი.

ხშირად მეკითხებიან, რა"კაიფი აქვს მარტო მოგზაურობასო? - მარტო უფრო კონცენტრირებული, ორგანიზებული ხარ, არავის სურვილსა და გრაფიკზე არა ხარ დამოკიდებული. დღეს საკუთარი სურვილისამებრ გეგმავ.

ახლა ერთი ოცნება მაქვს - ამერიკაში მოგზაურობა. კარგი იქნება, თუ 2021 წელს მოვახერხებ. უკვე ვეძებ სპონსორს. იმედია, ვიპოვი".

ზურა სოლომნიშვილი