ლევან გოგიჩაიშვილი: "პოლიცია გადაიქცა პოლიტიკური სისტემის, "ოცნების" ნაწილად" - კვირის პალიტრა

ლევან გოგიჩაიშვილი: "პოლიცია გადაიქცა პოლიტიკური სისტემის, "ოცნების" ნაწილად"

"სინამდვილეში გახარიას და გომელაურს ერთმანეთი ძალიან არ უყვართ. გახარიას ნება რომ იყოს, პირველი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერდა, გომელაურის გათავისუფლების ბრძანება იქნებოდა"

"ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ადგილი აქვს "პოლიტიკურ თამაშებს", რომელსაც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ეწევიან" - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერების საპასუხოდ, როცა მათ შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. კილაძემ ყოფილ თანაგუნდელებს კითხვით მიმართა, თუ რატომ არაფერი თქვეს მაშინ, როდესაც გუნდის წევრები იყვნენ. "მინდა ჩემს კოლეგებს საპასუხო კითხვით მივმართო: ბატონმა გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო თუ ადრეც ერეოდა? თუ ადრეც ერეოდა, მაშინ "ქართულ ოცნებაში" რატომ შემოვიდნენ და რატომ გახდნენ გუნდის წევრები 2016 წელს ან მანამდე? თუ გომელაური არჩევნებში არ ერეოდა, ნაკლებად სავარაუდოა, ჩარევა მერვე წლისთავზე დაეწყო. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ეწევიან. ახლა მათ სიტუაციას ასე აწყობს... მოდი, მეგობრებო, ჩამოვყალიბდეთ. თუ გომელაური ასე პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო როგორც სამართალდამცავი, ხმა მაშინ რატომ არ ამოიღეთ, როცა "ოცნებაში" იყვნენ?.. ხომ არა გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა ეს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია და მის უკან არაფერი არ არის სიმართლე", - განაცხადა კილაძემ. სოფო კილაძის შეკითხვებსა და კრიმინოგენულ ვითარებაზე ლევან გოგიჩაიშვილი გვესაუბრება.

- თუ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებულ სტატისტიკას გადავხედავთ, დღევანდელი ვითარება დიდად არ განსხვავდება წარსულისგან. შემაშფოთებელი სტატისტიკა კი არა, პოლიციის კრიმინალისადმი დამოკიდებულებაა. მე სხვაგვარად ვუყურებ კრიმინალთან ბრძოლას. ვფიქრობ, მხოლოდ შსს ვერაფერს იზამს. ამ პროცესში სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით უნდა იყოს ჩართული, ვინაიდან კრიმინოგენულ ვითარებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად, სოციალური სიდუხჭირე, გარემო ფაქტორები. ბევრი ჩვენი მოქალაქე ფიქრობს, რომ პოლიცია მოდუნდა. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ პოლიცია უარს ამბობს კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე.

- რას გულისხმობთ მოდუნებაში? ძველი ხელისუფლების დროს უფრო აქტიური იყო?

- არა, "ნაციონალური" მმართველობის პერიოდში პოლიცია ძალადობრივი რეჟიმის ნაწილი იყო. "ოცნების" მმართველობის პერიოდში პოლიციაში რეფორმები დაიწყო და ჩვენ სხვა მოლოდინი გვქონდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა, მოდუნდა. პოლიცია გადაიქცა პოლიტიკური სისტემის, "ქართული ოცნების" ნაწილად. როდესაც პოლიცია ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი ხდება, კარგავს თავის ფუნქციას და გადადის რეჟიმის მომსახურებაზე, რა დროსაც ხშირად კანონსაც არღვევს. ყველაზე ცუდი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთა "ოცნებამ", ხელისუფლების სამსახურში პოლიციის ჩაყენება იყო. დღეს შს მინისტრი ირაკლი კობახიძის თანაშემწეა, ის 24 საათის განმავლობაში არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული და აღარ ახსოვს მშობელი, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებდა. სირცხვილია, როდესაც დაკარგულ 23 წლის გოგონას პოლიციის მაგივრად მწყემსი პოულობს. პოლიცია პირდაღებული იდგა, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა.

ჩვენ გომელაურის გადადგომას ვითხოვთ, რადგან ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავს. არავინ მალავს, რომ გომელაური ივანიშვილის კარის მინისტრია.

- რა პასუხს გასცემთ სოფო კილაძეს, რომელიც გეკითხებათ, გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო თუ ადრეც ერეოდაო? - გომელაური 2016 წელს არ ყოფილა შს მინისტრი და წესით, ვერ უნდა ჩარეულიყო. თუმცა იქნებ კილაძემ უფრო მეტი იცის მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის არჩევნებში ჩარევაზე? აშკარად მაამებლობას ცდილობდა, მაგრამ ისეთი სისულელე თქვა, კიდევ უფრო დაამძიმა გომელაურის მდგომარეობა. რაც შეეხება პრემიერ გახარიას, მან რამდენიმე დღის წინ დატუქსა შს მინისტრი, მაგრამ შემდეგ კილაძესავით ჩვენ გამოგვეხმაურა და გვითხრა, გომელაური კარგი მინისტრია და მისი გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგასო. თუ ასეთი კარგი მინისტრია, რას ტუქსავდა? სინამდვილეში გახარიას და გომელაურს ერთმანეთი ძალიან არ უყვართ. გახარიას ნება რომ იყოს, პირველი დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერდა, გომელაურის გათავისუფლების ბრძანება იქნებოდა. გახარიას გარემოება აიძულებს ასე არეული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებას. ჯერ თავისი გულწრფელი პოზიცია დააფიქსირა, შემდეგ კი სიტუაციის გამოსწორება დაავალეს და მანაც ამ ფორმით სცადა.

- ხელისუფლება ამბობს, რომ თქვენ მკვლელობის გახმაურებულ საქმეებს მაშველი რგოლივით იყენებთ. - დიახ, ეგ განცხადება ვოლსკიმ გააკეთა. ზუსტად ასე ლაპარაკობდა "ნაციონალების" დროს ბოცო წიკლაური.

ძალიან ჰგვანან "ნაციონალები" და "ოცნების" ლიდერები ერთმანეთს. მაგალითად, ვოლსკი ბოცო წიკლაურს, ირაკლი კობახიძე აკო მინაშვილს, სოფო კილაძე კი ჩიორა თაქთაქიშვილს. მათი მორალური ღირებულებები იმდენად ერთნაირია, რომ გარეგნობითაც დაემსგავსნენ ერთმანეთს.

ხათუნა ბახტურუძე