ანა ნაცვლიშვილი: "ხელისუფლებას არა აქვს უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს" - კვირის პალიტრა

ანა ნაცვლიშვილი: "ხელისუფლებას არა აქვს უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს"

"ქვეყანაში აღარ გვაქვს მშვიდობა, ფაქტობრივად, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ "ქართული ოცნების" პოლიტიკის ლოგიკური შედეგია", - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადმოიბარა უსამართლო სამართალდამცავი სისტემა, სასამართლო და თავის პოლიტიკურ ნებას დაუქვემდებარა. ცოტა ხნის წინ "ლელომ" მთავრობის ადმინისტრაციასთან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურისა და გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ამ საკითხებზე ანა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

- კრიმინალი კომპლექსური მოვლენაა და მას განვითარებულ ქვეყნებში ინტერდისციპლინური მიდგომებით იკვლევენ, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნის პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას არა აქვს პოლიტიკური ნება და უნარ-ჩვევები, რათა გაუმკლავდეს კრიმინალს. უფრო მეტიც, ხელისუფლება დაუსჯელობით ახალისებს ახალ კრიმინალურ ქმედებებსა და კრიმინალურ მენტალიტეტს. საპარლამენტო ტრიბუნიდანაც არაერთხელ მოგვისმენია უმაღლესი თანამდებობის პირების ძველბიჭურად საუბარი.

გვინახავს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ამ ინციდენტებს არც იძიებენ.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, შსს არც ცდილობს დანაშაულის დროულად და სრულყოფილად გახსნას. ნიკა სირაძის შემთხვევას შეგახსენებთ. ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობდა, რომ ჩოლოიანი არ იყო ერთადერთი, ვისაც შეხება ჰქონდა მოზარდთან. ლუკამ პოლიციაში დაკითხვის შემდგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედამ სატელევიზიო ეთერში დაასახელა რამდენიმე პირი, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. უამრავი კითხვაა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. აღარაფერს ვამბობ სარალიძის საქმეზე. მამუკა მდინარაძეს სათქმელი რომ აღარაფერი დარჩა, თქვა, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ყველგან ხდებაო. ეს დანაშაულის ნორმალიზებაა. ხელისუფლება პირდაპირ იხსნის პასუხისმგებლობას და გვეუბნება, დანაშაული ყველგან ხდება და მე რა გავაკეთოო. ეს წარმოუდგენელია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ესე იგი, სისტემა კანონს და ადამიანის უფლებების დაცვას კი არ ექვემდებარება, არამედ ემსახურება სიმართლის ჩაფარცხვასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებას.

მთავარი პროკურორი, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმის ჩაფარცხვის გამო, "ოცნებამ" ტაშისკვრით დააბრუნა თანამდებობაზე. ეს იყო მინიშნება, რომ დანაშაულს კი არ გამოიძიებენ, ჩაფარცხავენ. ნახეთ, რა დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს სამართალდამცავების მიმართ, ისინი არ ენდობიან პოლიციას. რატომღაც ხელისუფლება პრობლემად არ თვლის ამ ფაქტს. არადა, ძალიან ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის ის რეალობა, რომ სისტემურ ჩავარდნაზე არასდროს დგება პასუხისმგებლობის საკითხი.

- ხელისუფლება რიგ პრობლემებს აღიარებს და ამბობს, რომ მძიმე მემკვიდრეობის შედეგებს იმკის.

- მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წელს გვეუბნება, რეფორმებია გასატარებელიო. კი მაგრამ, 8 წელი რა აკეთეს?! მე არ ვფიქრობ, რომ პრემიერმა გახარიამ პრობლემა აღიარა. მან პრობლემას რეალური სახელი არ დაარქვა და არ გამოკვეთა პასუხისმგებელი პირი. იმასაც შეგახსენებთ, რომ გახარია თავად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მთელი ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებას ერთი ნაბიჯი მაინც რომ გადაედგა პრობლემების მოგვარებისთვის, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა. მათ თვალთმაქცობაზე შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებაც მეტყველებს. ან გომელაური რა ნიშნით დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად, პრობლემების მოგვარების ხედვა ჰქონდა, თუ რაში იყო საქმე?! "ნაციონალურ მოძრაობას" რომ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ეს ამართლებს მათ დანაშაულებრივ ქმედებებს? მეტსაც გეტყვით, "ქართულმა ოცნებამ" არათუ მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები არ გამოიძია, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ჩადენილიც არ გამოუძიებია. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ცვლილებების სურვილი არც გააჩნიათ.

- თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანას ერთი პირი მართავს, ამასთან, ახლახან აღნიშნეთ, რომ გახარიამ კონკრეტული პასუხისმგებელი პირი არ გამოკვეთა. თუ როგორც თქვენ ამბობთ, ქვეყანას ერთი პირი მართავს, მაშინ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას რა აზრი აქვს? ან რას ელოდებით, როდესაც გომელაურის გადადგომას მოითხოვთ?

- ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ ამ დანაშაულებრივ სისტემას მხოლოდ ერთი ან თუნდაც ორი პროკურორისა და მინისტრის გადადგომა უშველის. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას პირადი პასუხისმგებლობის პრეცედენტი, როდესაც ჩაფლავებული საქმისთვის პირს დაითხოვენ, ხოლო თუ დანაშაული გამოიკვეთება, ციხეში წავლენ.

დღეს ისეთი გარემოა, ჩვენ, დედები, შვილების განათლებასა და კარგი პირობების შექმნაზე კი აღარ ვლაპარაკობთ, არამედ უკვე მათი სიცოცხლე გახდა დასაცავი. ეს უკვე აუტანელი რეალობაა და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ხათუნა ბახტურიძე