ირაკლი მეზურნიშვილი: "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი ყველაზე მშვიდია ჩვენს უახლეს ისტორიაში"
"ხშირია პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 წლის განმავლობაში არ განახლებულა კონფლიქტი, არ ყოფილა ტერორისტული აქტი. ამას არავინ ამბობს"
"ქვეყანაში ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები მშვიდ გარემოში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი. მისი ვერსიით, კრიმინოგენულ ფონს "ნაცმოძრაობა" და მასთან აფილირებული პარტიები ქმნიან და ამისთვის ყველაფერს იყენებენ, მათ შორის კრიმინალურ და უბედურ შემთხვევებსაც.
- რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი დაძაბული გარემო უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი აგებული არ იყოს ნეგატიურ ინფორმაციაზე, უნდა ვისაუბროთ მომავლის ხედვებზე, რაც ოპოზიციას არა აქვს. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი მიღწევა, ფუნდამენტური ცვლილებები ადამიანის უფლებების დაცვაში, ჯანდაცვაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური ფონი მძიმე არ არის. უმუშევრობა ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა და ამაზე დიდი მუშაობა მოგვიწევს.
- რატომ არ გაკეთდა ეს 8 წლის განმავლობაში?
- ჩვენ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ გვერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, აბსოლუტურად მოშლილი ინსტიტუციები... ნულიდან კი არა, მინუსებიდან დავიწყეთ მუშაობა. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმება. ჩვენ ავირჩიეთ სწორი პოლიტიკა და ვფიქრობ, ეს პრობლემაც მალე მოგვარდება. ვგულისხმობ პროფესიული კოლეჯების მასობრივ მშენებლობას, ახალგაზრდებს მივცემთ ვიწრო სპეციალობების დაუფლების საშუალებას. ქუთაისის უნივერსიტეტიც მიიღებს პირველ ნაკადს. განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჯანდაცვასა და განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მაგრამ ახლა რადიკალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ!
- საზოგადოების ნაწილის აზრით, დღეს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად გართულებულია. რა არის ამის მიზეზი? - ქვეყანაში ძალზე გაიზარდა აგრესიის ფონი. აგრესია მოედინება სოცქსელებიდან, ერთმანეთს ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, ემუქრებიან... სიტყვის თავისუფლება კარგია, თუმცა მას გვერდითი მოვლენებიც აქვს. სოციალური ქსელები უკვე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოფაზე.
ნახეთ, რა თემებს უძღვნიან პოლიტიკური ტოქშოუები გადაცემებს. ეს არის გადაცემები, რომლებსაც პოლიტიკური დივიდენდები მოაქვს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის. სიღრმისეულად არ ვაანალიზებთ, თუ რატომ მოდის ასეთი აგრესია სოციალური ქსელებიდან. აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ დანაშაულები, მაგრამ დრო უნდა დავუთმოთ პრევენციულ ზომებზე მსჯელობასაც.
სიძულვილის ენა ნორმა გახდა. ეს ხომ დაუშვებელია?!
- ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დესტაბილიზაციისთვის რუსეთი შეეცდება ყველაფერი გამოიყენოს, იქნება ეს სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი მინიშნებები არაერთგზის გაუკეთებიათ. რას ფიქრობს ხელისუფლება ამ საკითხზე? - შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებენ ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშებში უმაღლესად არის შეფასებული საქართველოს შს სამინისტროსა და სუს-ის მუშაობა.
მიუხედავად ამისა, ხშირია პროვოკაციები საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 წლის განმავლობაში არ განახლებულა კონფლიქტი, არ ყოფილა ტერორისტული აქტი. ამას არავინ ამბობს. არადა, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი ყველაზე მშვიდია ჩვენს უახლეს ისტორიაში. შსს ყველაფერს აკეთებს, რათა ნებისმიერი საქმე სწრაფად გამოიძიოს. რა თქმა უნდა, არის ხარვეზებიც. ამაზე პრემიერმაც ილაპარაკა. შსს-ს უძლიერესი ლიდერი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რეფორმები დაწყებულია და მალე შედეგსაც ვნახავთ.
ხათუნა ბახტურიძე