წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს

მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თმურ ღვინჯილიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე, თემურ ღვინჯილია დუმილის უფლებას იყენებს.

"ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, ბრალს არ აღიარებს. თვითონ ამბობს, რომ ამ საქმესთან შეხება არ აქვს. მანქანაში სიგარეტი იყო, მაგრამ მცირე დროით ათხოვა ავტომობილი სხვას. როცა მანქანა მოვიდა და ჩაჯდა, აღმოჩნდა, რომ საქონელი იყო ჩადებული. ამის შესახებ არ ვიცოდიო, ამბობს თვითონ. მეორე პირიც არის დაკავებული ამ საქმეზე. ჯერ ჩვენებები არ წამიკითხავს, მომცემენ მასალებს“,- აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

"ინტერპრესნიუსი"