"2018 წლის დასაწყისში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში - 69%-ით" - რა წერია ISFED - ის ანგარიშში - კვირის პალიტრა

"2018 წლის დასაწყისში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში - 69%-ით" - რა წერია ISFED - ის ანგარიშში

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში შესწავლილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომითი ანაზღაურების წესი 2016-2019 წლებში.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ანგარიშის თანახმად, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების ოდენობებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები და საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს მიერ დადგენილი ზღვრული თანხების ფარგლებში ადგენენ კონკრეტულ თანამდებობრივ სარგოს პოზიციების მიხედვით.

"2018 წლის დასაწყისში მოხდა თანამდებობრივი სარგოს ზრდა, მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარის შემთხვევაში ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში კი 69%-ით.

პრობლემას წარმოადგენს ის რომ საერთოდ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე ხდება სარგოს პროცენტულობის მატება, ან პერიოდულობა. პოზიტიური ტენდენცია არის ის, რომ ხდება პრემიის და დანამატის სიხშირის და მოცულობის კლება. უფრო ნაკლები სიხშირით და მოცულობით გაიცემა",-განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო დადგენილებით აწესრიგებს ფულადი სახსრების განაწილების წესს, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რაც მათ მიერ მოთხოვნის ფორმების წარმოდგენის შემდეგ განისაზღვრება, არ არის განსაზღვრული ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ერთგვაროვნების პრინციპის მიხედვით ფულადი სახსრების განაწილების წესს უფრო ნათელ და განჭვრეტად ჩარჩოებში მოაქცევს.