ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - 2000-მდე ადამიანი სოფლებშია ჩარჩენილი - კვირის პალიტრა

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი - 2000-მდე ადამიანი სოფლებშია ჩარჩენილი

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.

მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.

"ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

"ინტერპრესნიუსი"