"თამუნას საფრანგეთიდან ვიღაც ლექტორის შეთავაზებაც ჰქონია, მაგრამ უარი განაცხადა, ვფიქრობ, რაღაცის გამო, რაღაც შიშის გამო..."
"გთხოვთ, როგორც გულმოკლული დედა, იქნება სახელმწიფოც და მედიაც გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით გამოიძიონ ეს ძალიან ჩახლართული საქმე. ერთმანეთს ბარიერებს ნუ შეუქმნიან, იქნებ რაღაცა ვერსიამდე მივიდეთ... გემუდარებით, დამეხმარეთ, ისე არ ამომხდეს სული, რომ ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე ვერაფერი გავიგო..."
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. "კვირის პალიტრა" გოგონას დედას ესაუბრა.
თეონა თამაზაშვილი:
- ქალბატონო თეონა, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი... უკვე მერამდენე დღეა, გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რომელიმე თქვენს შეკითხვას თუ უპასუხეს, ან გამოძიების ვერსიები თუ გაგაცნეს? ან იქნებ თქვენ გაქვთ ვერსიები?
- ბევრი ვერსია მაქვს და ყველას განვიხილავ, მაგრამ მე არავინ მიკავშირდება. როგორც მითხრეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მაცნობენ, როგორ მიმდინარეობს ძიების პროცესი. მე არავის ვადანაშაულებ, მაგრამ გთხოვთ, როგორც გულმოკლული დედა, იქნება სახელმწიფოც და მედიაც გაერთიანდნენ და ერთობლივი ძალებით გამოიძიონ ეს ძალიან ჩახლართული საქმე. ერთმანეთს ბარიერებს ნუ შეუქმნიან, იქნებ რაღაცა ვერსიამდე მივიდეთ... განადგურებული ვარ. როგორ შეიძლებოდა, ჩემი კაფანდარა გოგო, რომელიც არავის არაფერს უშავებდა, ასე უღმერთოდ მოეკლათ. მე თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავ. ჩემს თამუნას სიცოცხლე უყვარდა და დიდი მიზნები ჰქონდა.
მეუბნებოდა, "ამაზონიდან" მთავაზობენ რაღაცას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შეთავაზება არ დავკარგოო. ამის მთქმელი ჩემი შვილი რატომ მოიკლავდა თავს?
გთხოვთ, გემუდარებით, ჟურნალისტებსაც და გამომძიებლებსაც, კონსენსუსამდე მიდით და დამეხმარეთ, ისე არ ამომხდეს სული, რომ ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე ვერაფერი გავიგო...
- გპირდებით, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღოთ. ოჯახსაც და მთელ ქვეყანასაც აქვს უფლება, იცოდეს, რა დაემართა 23 წლის განათლებულ და პერსპექტიულ გოგონას... თუ იცით, კომპიუტერის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა თუ არა რაიმე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმაროს? - არაფერი ვიცი. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ვერსიასაც კი არ მეუბნებიან, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. რატომ არ მიკავშირდებიან და რატომ არ მაყენებენ საქმის კურსში, ვერ ვიგებ. არ ვიცი, ვის სჭირდება ეს...
- თქვენ თვითონ ხომ არ გაქვთ ეჭვი, რა შეიძლება იყოს ამ დუმილის მიზეზი? საქმეს ხომ ჰყავს ერთი გამომძიებელი მაინც! წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დღეში ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ურთიერთობა ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდოს? - პირველი გამომძიებელი ჯიმშერ აფციაური იყო. ტელევიზიით გავიგონე, ის რომ ელაპარაკება მწყემსს. მწყემსი ეუბნება: "არა, ამათ დამიჭირეს" და მერე რაღაცა შეშაზე ელაპარაკება. მაშინვე დავურეკე, რა შეშაზე იყო-მეთქი ლაპარაკი. მიპასუხა, მე შვებულებაში ვარ, პრესცენტრს მიმართეთო. როგორ შეიძლებოდა გამომძიებელი, რომელმაც დაიწყო ეს საქმე, ახლა შვებულებაში გაეშვათ?!.. გამწარებულმა დედამ ასე ვიარო კარდაკარ პრესცენტრებში?! აღარც ძალა მაქვს... ან ეს რა პასუხია?! და ამაზე რატომ არავინ რეაგირებს?! არც ვიცი, ახლა ვის ხელში გადავიდა გამოძიება.
- თუ არ ვცდები, ეს გამომძიებელი სოფელ მაწევანის მკვიდრია, ისევე როგორც ის მწყემსი, რომელმაც მას შეატყობინა, რომ თქვენი შვილის ავტომობილი იპოვა. ისიც ირკვევა, რომ გოლთეთის გარდა (სადაც გოგონა იპოვეს), 18 ივლისს თქვენი შვილი იმყოფებოდა მაწევანში. როგორც ვიცი, თქვენ აპირებთ ჩახვიდეთ და დაელაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც ბოლოს ნახა თამუნა, ან მისი მანქანა შეამჩნია. - აღარც იმის იმედი მაქვს, მე რომ იქ ჩავალ, ვინმემ ჩემთან გასაუბრება მოინდომოს... რაღაცას ამბობენ, მერე კი რატომღაც უარყოფენ. არ ვიცი, ვის ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი.
- ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს ვინმე აიძულებს, გაჩუმდნენ?
- ასე გამოდის. სხვა რა ვიფიქრო, როცა ადამიანი ერთ დღეს რაღაცას ამბობს და მეორე დღეს გადათქვამს? ამიტომ მინდა თქვენ, ჟურნალისტები ჩახვიდეთ, ჰკითხოთ და გადაიღოთ კიდეც. იქნებ თქვენთან უფრო გულახდილები იყვნენ...
- თამუნას "ფეისბუკი" ინტერნეტსივრციდან წაიშალა, თუ გაქვთ ინფორმაცია, სად გაქრა თქვენი შვილის გვერდი?
- არაფერი ვიცი და ეს მაგიჟებს. ვოცნებობ, რაღაც ნათელი წერტილი მაინც იყოს, რომ ჩავებღაუჭო. ამიტომ მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს და გამომძიებელს, იქნება რაღაც გამაგებინოთ!
- თავიდანვე ამბობდით, რომ ბევრი შეკითხვა გქონდათ მის სამსახურთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ეჭვი გამძაფრდა. ისევ ფიქრობთ, რომ მისი გაუჩინარება, ბოლო პერიოდში გაღიზიანება, უხასიათობა, მის საქმიანობას უკავშირდება? - მე არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში ხდებოდა რაღაც. თამუნა ძალიან ჭკვიანი იყო. ვფიქრობ, მან რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, შეიძლება არა სამსახურის, არამედ სხვა საქმეზე და ამიტომ მოკლეს.
ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ ამ დღეებში წავიკითხე, რომ საფრანგეთიდან ვიღაც ლექტორის შეთავაზებაც ჰქონია, თამუნას ბინისა და სწავლის ხარჯსაც გადაუხდიდა, ოღონდ დარჩენილიყო, როგორც პერსპექტიული სტუდენტი, მაგრამ თამუნამ უარი განაცხადა, ვფიქრობ, რაღაცის გამო, რაღაც შიშის გამო... ისე უნდოდა ევროპაში სწავლა და მით უმეტეს - საფრანგეთში, წესით, ასეთ შეთავაზებაზე უარი არ უნდა ეთქვა.
რაღაცა იმედი მქონდა, ვიხვეწებოდი, კომპიუტერი გახსენით და რაღაცას გავიგებთ-მეთქი... არადა, ის ლადოც დაგვიკავშირდა, მერე კი მანაც ყველაფერი უარყო (გულისხმობს შსს-ს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილს, რომელმაც, ოჯახის ინფორმაციით, მათ უთხრა, პრობლემები აქვს თქვენს შვილსო - ავტ.). არ მინდა ისე მოვკვდე, ვერ გავიგო, რას შეეწირა ჩემი შვილი.
- სანამ წაიშლებოდა, რამდენჯერმე დავათვალიერე თამუნას "ფეისბუკი" და მივხვდი, დედა-შვილს ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ. დაბადების დღის მოლოცვისას გეუბნებოდათ, რომ ბედნიერი იყო მის ცხოვრებაში თქვენი არსებობით. როდესაც დედ-შვილს შორის ასეთი ურთიერთობაა, მათ მეტი იციან ერთმანეთის შესახებ. არასოდეს არაფერი უთქვამს? არ შეგიმჩნევიათ, რომ რაღაცის ეშინოდა, საფრთხეს გრძნობდა? - როგორ არა! ამას ყოველთვის ვამჩნევდი, მაგრამ ამის შესახებ არ მელაპარაკებოდა. სამსახურზე არაფერს მეუბნებოდა. ჩვენ შეგვეძლო ყველაფერზე გველაპარაკა, მაგრამ სამსახურზე - არა.
ერთხელ ვაკეში ვიყავით და ვთხოვე, მაჩვენე, შენი სამსახურის შენობა სად არის-მეთქი. აუ, დე, აქვე ახლოს არის და რაში გაინტერესებს... შენობაა, რა... აი, ასე მიპასუხა. ერთხელ კომპიუტერში შევნიშნე გაუგებარი რაღაცები და ვკითხე, რა არის-მეთქი. შეკვეთები მოგვდის, ასე ვინაწილებთ და ვაკეთებთო, - მეტი არაფერი უთქვამს.
- ბოლოს მინდა გკითხოთ, არასოდეს ულაპარაკია თავის ანაზღაურებაზე? ითქვა, რომ მას ანაბარზე სოლიდური თანხა აქვს... - არასდროს არაფერი უთქვამს და არც მე ჩავეძიე, რომ არ ეფიქრა, თითქოს მის ანაზღაურებაზე ვიყავი დამოკიდებული.
ვფიქრობ, ალბათ, ესეც კონტრაქტის ნაწილი იყო და არ უნდა გაეთქვა. ხომ არის ასე ზოგ კომპანიაში...
- თანამშრომლებს არ გამოუთქვამთ სურვილი, მოსულიყვნენ და რაღაცების გარკვევაში დაგხმარებოდნენ? - სანამ თამუნას ვეძებდით, დამიკავშირდა მისი უფროსი - თამუკა ჰქვია, მთხოვა, ტელევიზია ჩამერთო პროცესში. ტელეფონის ნომერიც კი გამომიგზავნა. ეს იყო და ეს.
გასვენების დღეს არ მახსოვს, ვინ იყო და ვინ - არა. ჩემთან არავინ მოსულა და არ დამლაპარაკებია.