გია ვოლსკი: "მმართველ გუნდს ხელს აძლევდა რურუას გათავისუფლება" - კვირის პალიტრა

გია ვოლსკი: "მმართველ გუნდს ხელს აძლევდა რურუას გათავისუფლება"

"ოპოზიცია ცდილობს დესტრუქციულ ქმედებებს მიმართოს, რაც შეიძლება მეტად მოსცხოს ქვეყანას ჩირქი და შემდეგ ყველა პრობლემა ჩვენ დაგვაბრალოს. ეს არის რეალობა"

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთვის მიწერილ 6 ამერიკელი სენატორის წერილს "ფრონტერას" ლობისტების მუშაობის შედეგად მიიჩნევს. "სიახლე არაფერია, გრძელდება "ფრონტერას" ლობირება. სამწუხაროა, რომ არავის აინტერესებს, რა ხდება რეალურად. ჟურნალისტებს მხოლოდ კონგრესმენების განცხადებები და სკანდალები გაინტერესებთ. არადა, რეალობა სხვაგვარია", - ამბობს გია ვოლსკი. როგორია ვიცე-სპიკერის თვალით დანახული რეალობა, რას ფიქრობს პრემიერ გახარიასა და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარზე და რა მიაჩნია დღეს ქვეყნის მთავარ გამოწვევად, გია ვოლსკი გვესაუბრება.

- საკითხები, რომლებიც საქართველოს პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილეს, მხოლოდ არჩევნებს არ შეეხება. ოპოზიციას ერთი ამბავი აქვს ატეხილი, თურმე პომპეო საქართველოში არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებით არის დაინტერესებულიო. კი მაგრამ, ჩვენც ხომ ეს გვინდა? ცდილობენ ისეთი გარემო შექმნან, როცა ნებისმიერ თემაზე აშშ-ის კეთილ სურვილებს ორ ქვეყანას შორის გაუგებრობას დაუკავშირებენ, რაც პრაქტიკულად არ არსებობს. ნახეთ, როგორ გვაფასებენ სტრატეგიული პარტნიორები, რამხელა დახმარება გამოგვიყვეს, რამხელა პროგრესი გვაქვს ევროატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში და შემდეგ შეადარეთ, რას წერენ კონგრესმენები.

- კონგრესმენები წერენ, რომ შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. "ფრონტერას" გარდა, მათი წუხილი ანაკლიის პროექტის ჩაშლამაც ხომ არ განაპირობა?

- სახელმწიფოსთან ერთად ანაკლიის პორტის კონსორციუმის ვალდებულება გახლდათ ფინანსური რესურსების მოძიება. სახელმწიფომ ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულა. ხელშეკრულებაში დაახლოებით 40-ჯერ შევიდა შესწორება კონსორციუმის სასარგებლოდ, მაგრამ მან ვალდებულება მაინც ვერ შეასრულა. სამაგიეროდ, აშშ-ის სახელმწიფო კომპანია 100 მლნ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ფოთის პორტში. ასე რომ, ტყუილია, თითქოს აშშ-მა ხელი აიღო საქართველოში მსხვილი პროექტების ინვესტირებაზე. ანაკლიაც განვითარდება, როცა ფინანსური რესურსის მქონე კომპანია გამოჩნდება.

- ტამანის პორტის შემდეგ ანაკლიის პორტის აშენება დაგვიანებული ხომ არ იქნება?

- დაგვიანებული რისთვის? დიდი ტვირთები მოედინებოდა და ჩვენ ვერ მივიღეთ, თუ ყველა ტვირთს ტამანის პორტი აითვისებს? არც ასეა საქმე. ტვირთები ჰაერში კი არ ტრიალებს, ყველას თავისი პატრონი ჰყავს, ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ პორტებით არ განისაზღვრება. ტვირთების მოძრაობას ეკონომიკური შეთანხმება სჭირდება. ისე, ცნობისთვის, საქართველოში სამასამდე ამერიკული კომპანია ოპერირებს, სხვა ქვეყნის კომპანიებზე აღარაფერს ვამბობ.

- თქვენ ამერიკის ფინანსურ დახმარებაზე საუბრობდით, თუმცა, დახმარების აქტის მიხედვით, შესაძლოა 15% გაიყინოს რიგი მიზეზების გამო.

- ამერიკული დახმარება ბოლო დროს ოთხჯერ გაიზარდა. რაც შეეხება დახმარების აქტს, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს იმ ოდენობის დახმარებას გაუწევენ, რამდენიც ადრევე ჰქონდათ გადაწყვეტილი. უბრალოდ, შემდეგ განმარტებებში აღნიშნულია, რომ დახმარების 15% გაიყინება, თუ დემოკრატიული პროცესები იმ ტემპითა და მიმართულებით არ განვითარდა, როგორც საქართველოს ამ დრომდე ახასიათებდა. ჩვენ არ ვაპირებთ დემოკრატიული პროცესების შეჩერებას. ოპოზიცია ცდილობს დესტრუქციულ ქმედებებს მიმართოს, რაც შეიძლება მეტად მოსცხოს ქვეყანას ჩირქი და შემდეგ ყველა პრობლემა ჩვენ დაგვაბრალოს. ეს არის რეალობა.

- როდესაც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული, ეს დემოკრატიის განვითარების როგორ ხარისხზე მიანიშნებს?

- ალბათ, ბატონი რიშისა და კუბილიუსის განცხადებებს გულისხმობთ, რომლებიც გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების პოზიცია. ეჭვი მეპარება, რიში ან კუბილიუსი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას იცნობდნენ, რომელთა საფუძველზეც გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა. სააკაშვილის მმართველობისას ის წყვეტდა, ვინ დაეჭირათ და ვინ გამოეშვათ ციხიდან. გინდათ სიმართლე? მმართველ გუნდს ხელს აძლევდა რურუას გათავისუფლება, რადგან ის საკუთარ თავს პოლიტლიდერს უწოდებს. კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება დაინახავდა, ვინ არიან სინამდვილეში ჩვენი ოპონენტების ლიდერები. დასანანია, რომ სასამართლომ ჩვენი პოლიტიკური ინტერესი არ გაითვალისწინა და არც პრეზიდენტმა შეიწყალა.

ხათუნა ბახტურიძე