რომან გოცირიძე:"რატომ უნდა ჰქონოდა გიორგი ვაშაძეს პრემიერობაზე პრეტენზია, როდესაც "ნაცმოძრაობა" წამყვანი პარტიაა" - კვირის პალიტრა

რომან გოცირიძე:"რატომ უნდა ჰქონოდა გიორგი ვაშაძეს პრემიერობაზე პრეტენზია, როდესაც "ნაცმოძრაობა" წამყვანი პარტიაა"

"პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი კანდიდატები უფრო კონკურენტუნარიანები არიან"

"ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ გვარწმუნებდა, რომ რეალობას არ შეესაბამებოდა მოსაზრება ოპოზიციური ერთობის დაშლის შესახებ. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "ძალა ერთობაშია" ოფიციალურად დატოვეს "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პარტიის "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტებთან ერთად ახალი პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს. როგორია ახალი რეალობა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ ვისთან აპირებს ალიანსის შექმნას და როგორი იქნება მათი საბოლოო გადაწყვეტილება მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ, "ნაცმოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე გვესაუბრება.

- "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო". წავიდა ერთი პარტია, მაგრამ შემოგვიერთდებიან სხვები. "ძალა ერთობაშია" გაფართოვდება, ბლოკად გადაიქცევა და უფრო გაძლიერდება.

- რა გახდა უთანხმოების საგანი თქვენსა და გიორგი ვაშაძეს შორის? - პირდაპირ ვიტყვი: გაერთიანებაში ათი პარტია იყო. ვაშაძემ მოითხოვა იმაზე მეტი, რაც ყველა დანარჩენმა ერთად.

- მოთხოვნებში პრემიერობის კანდიდატობას გულისხმობთ, თუ სხვა მოთხოვნებიც იყო? - პრემიერობის კანდიდატობა მისი ერთადერთი მოთხოვნა არ იყო. ჯერ ერთი, არ ვიცი, რატომ უნდა ჰქონოდა ვაშაძეს პრემიერობის კანდიდატობაზე პრეტენზია, როდესაც "ნაცმოძრაობა" გაერთიანებაში წამყვანი პარტიაა.

პირველად განხეთქილების ვაშლად ეს საკითხი იქცა, თუმცა აბსურდულობის გამო მალევე დაიხურა. მეორედ უთანხმოების საგანი გახდა საპარლამენტო სია, რომელიც გასაწელი გარმონი არ არის.

კოალიცია ფართოვდება, ახალი სუბიექტები შემოგვემატებიან, "ნაციონალური მოძრაობაც" განახლებული იქნება ახალი სახეებით და ყველაფერს ვაშაძეს ხომ არ დავუთმობდით?

- "ევროპული საქართველოს" ლიდერები ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამბობს უარს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე რეგიონებში. - ოპოზიციას არასდროს დაუთქვამს პირობა, რომ ყველა საკითხში შეთანხმდებოდა. ჩვენ ხომ ერთმანეთის კონკურენტები ვართ? უბრალოდ, პირობა დავდეთ, რომ მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში პარტნიორები ვიქნებით.

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანდა. შედეგი უკვე მოვიმკეთ - პარლამენტი ფორმირდება 80% პროპორციული მანდატით. კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ, როდესაც თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შევთანხმდით. რეგიონებზე კი ყოველთვის ვამბობდით, რომ 22 ოლქში თითქმის ყველგან დავაყენებთ საკუთარ კანდიდატებს, რადგან მათ პირველ ტურში გამარჯვების ან მეორე ტურში გადასვლის მეტი შანსი აქვთ.G

გარდა ამისა, ვიცით, რომ ქვეყნის ბედს წყვეტს არა 30 მაჟორიტარი, არამედ 120 პროპორციული.

თუ რეგიონებში ჩვენი კანდიდატები არ გვეყოლება, საარჩევნო კამპანიას ხელს დავაკლებთ.

ამაში თბილისის მაგალითმაც დაგვარწმუნა - სიცოცხლე ჩქეფს გლდანში, სადაც ნიკა მელიაა კანდიდატი, და სამგორში, სადაც ხაბეიშვილი წარვადგინეთ. ამას ვერ ვიტყვით სხვა რაიონებზე. რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით პროპორციული სიით მანდატების მიღებას. თუმცა, თუ შევხედავთ, რომ ოპოზიციის კანდიდატს მოგების სერიოზული შანსი აქვს, არ დავუყენებთ ჩვენს კანდიდატს. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ჩვენი კანდიდატები უფრო კონკურენტუნარიანები არიან.

- მაჟორიტარი კანდიდატებიდან ორი ადგილი თავისუფალია. ერთ ადგილს თაკო ჩარკვიანი ითხოვდა და "ნაციონალებს" გამუნათებდათ, რომ მის მაგივრად ადგილი "ლელოს" და ალეკო ელისაშვილს შესთავაზეთ, რომლებიც თქვენს ლიდერ მიხეილ სააკაშვილზე მწვავე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან. - "ნაციონალები" ამ პროცესში არ ვერევით. დასანანია, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ დღემდე ვერ მოახერხა ამ ორ ოლქში ერთიანი კანდიდატის დასახელება.

რაც შეეხება "ლელოს" და ელისაშვილს, ჩვენ არ გამოვდივართ კრიტერიუმებიდან, წარსულში ვინ ვისზე რა თქვა. მაშინ ლეიბორისტულ ოფისში არ უნდა დავმსხდარიყავით.

- რატომ წარსულში? ხაზარაძე, ჯაფარიძე და ელისაშვილი ბოროტებად მიიჩნევენ ივანიშვილსაც და სააკაშვილსაც.

- მთავარია, ამბობენ, რომ ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან.

- შესაძლებელია, რომ დარჩენილ ორ ოლქში ისევ თქვენ დაასახელოთ კანდიდატები? - არა. კარგი იქნება, თუ პარტნიორ-კონკურენტები დროულად ჩამოყალიბდებიან ამ კანდიდატებზე.

ხათუნა ბახტურიძე