გიორგი ვაშაძე: "ყველაფერი გამოკვლეული მაქვს - მოსახლეობის 20%-მა მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას პრემიერის პოსტზე" - კვირის პალიტრა

გიორგი ვაშაძე: "ყველაფერი გამოკვლეული მაქვს - მოსახლეობის 20%-მა მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას პრემიერის პოსტზე"

"ჩემმა თანამებრძოლებმა ახლა გაიგეს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ჩემი მეუღლის ნათესავია?"

"მე მაქვს ჩემი სტრატეგია და მჯერა, გავიმარჯვებ. ყველამ თავის სტრატეგიას მიხედოს", - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც "ძალა ერთობაშია" დატოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გადაწყვიტა... გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ. "გადავწყვიტეთ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან შედგება: "ახალი საქართველო", "კანონი და სამართალი" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ სიღარიბე და დავაბრუნოთ ემიგრანტები", - აცხადებს ვაშაძე.

- დამსხვრეული ოცნებების პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის ყველაფერზე წავიდეს. დამსხვრეული ოცნებების ლიდერებმა გვითხრეს, რომ სამუშაო ადგილებს შექმნიდნენ და პირიქით, შეამცირეს; გვითხრეს, დენი და გაზი გაიაფდებაო და გადასახადმა 5 თეთრით მოიმატა. ლარის კურსზე აღარაფერს ვიტყვი. ქვეყნიდან ისევ მასობრივად გადის მოსახლეობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში 10 000-ჯერ შემცირდა სამუშაო ადგილები. ახლა თითოეული მოქალაქე მარტივი არჩევნის წინაშე დგას - ან აღმშენებლობა უნდა აირჩიოს, ან სიღარიბე.

- რომელიმე კვლევას ეყრდნობით, რომ თქვენ მაღალი რეიტინგი გაქვთ?

- ყველაფერი გამოკვლეული მაქვს... "რედისონ რისერჩის" კვლევებსაც შეგახსენებთ - მოსახლეობის 20%-მა მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ასე რომ, ყველაფერი წინ მაქვს. მე ვაპირებ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყო.

- თქვენი ყოფილი თანამებრძოლების ვერსიით, თქვენი ხელშემწყობი დაფინანსებაში ვანო ჩხარტიშვილია. - თუ ასეთი ჭორაობა ერთ სამუშაო ადგილს მაინც შექმნის, მზად ვარ, ამაში მეც ჩავერთო. მერწმუნეთ, ეს ბოდვა არავის აინტერესებს. ხალხს აინტერესებს აღმშენებლობა, საქმე და კონკრეტული სტრატეგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები და არ გვცალია ჭორაობისთვის. ბევრმა პოლიტიკოსმა ქვეყანა სწორედ იმით დააზარალა, რომ საქმის კეთების ნაცვლად ჭორაობდა.

- ანუ თქვენი მეუღლის ბიძის, ვანო ჩხარტიშვილის ფულით არ ფინანსდებით? - რა თქმა უნდა, არა. ეს აბსურდია, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ამბობს.

- დავაკონკრეტოთ, ამას სალომე სამადაშვილი ამბობს. - ჭორაობაში არავის ავყვები. ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ვერსიები მათ უფრო აზიანებთ. უკვე ათი წელია, ვისაც არ ეზარება, ყველა ამ თემას ატრიალებს. ვერაფერს იტყვი, ოპოზიციონერი ლიდერისთვის ტალახის სროლისთვის კარგი საბაბია. ჩემმა თანამებრძოლებმა ახლა გაიგეს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ჩემი მეუღლის ნათესავია? იმედია, მომავალში ასეთ უხერხულ განცხადებებს აღარ გააკეთებენ თუნდაც იმისთვის, რომ გამარჯვების საერთო ფორმულა არ დავაზიანოთ.

- ამბობთ, რომ გაქვთ სტრატეგია. ამას ამბობდა და ამბობს ყველა პოლიტიკური ძალა, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნის რა სტრატეგია გაქვთ? - ინდუსტრიული პარკებისა და წარმოების განვითარება, აიტი ქალაქების შექმნა და ახალგაზრდების დასაქმება ყველაზე მაღალანაზღაურებად სექტორში, სოფლის მეურნეობის განვითარება.

- როგორ აპირებთ სოფლის მეურნეობის განვითარებას? - აგროპარკების განვითარების საშუალებით.

- კრიმინოგენული ვითარების მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ? - ძალიან მარტივად. სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური დავალებების შესრულების ვალდებულებებისგან გავათავისუფლებთ და პოლიცია მართლა დაიწყებს მუშაობას. დღეს პოლიცია მხოლოდ "ოცნების" პარტიულ დავალებებს ასრულებს.

- პოლიტიკური დავალებების შესრულებაში რას გულისხმობთ? - მმართველი გუნდის ოპონენტების თვალთვალს, მუქარას, დაშინებას... ეს საკუთარ თავზეც გვაქვს გამოცდილი. აქტიურად გვითვალთვალებენ. თუმცა მე არ მეშინია. მალე მოუწევთ ამ ყველაფერზე უარის თქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორების ძალიან მკაცრ შეფასებას მიიღებენ.

ხათუნა ბახტურიძე