"რუსებს ბათუმში ბინები აქვთ ნაყიდი და აქედან რუსეთში ონლაინ მუშაობენ"
"რუსებს აქ უფრო იაფი უჯდებათ ცხოვრება... ჭამენ, სვამენ და რესტორანშიც ერთობიან ყოველ შაბათ-კვირას..."
"წელს ბათუმში დამსვენებლები არიან, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს არაფერია", - მიყვება ტაქსის მძღოლი და ბულვარისკენ მიმაქროლებს. ბათუმის ქუჩები მართლაც ცარიელია, თუმცა ამას განსაკუთრებით აქაურები გრძნობენ. მათ პანდემიაზე უფრო ფინანსური კრიზისის ეშინიათ. სუვენირების მაღაზიებს შარშან ტურისტები ეხვეოდნენ, ახლა კი ცელქი ბავშვები სტუმრობენ და მხოლოდ ათვალიერებენ.
"ბევრი მაღაზია დაიხურა, რადგან ვერ მუშაობდნენ. კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდიდით, კონსულტანტს ხელფასს ვერ ვუხდიდით, ამიტომ ხარჯი ყველანაირად შევამცირეთ. რამდენიმე ფილიალი ვისაც ჰქონდა, დაკეტა და მხოლოდ ერთი დაიტოვა. იმედი მაქვს, საზღვრები რომ გაიხსნება, მუშაობა დაიწყება და იქნებ ეს ერთი მაღაზია მაინც გადავარჩინო", - მიყვება ბულვარში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე თამარ ქადაგიძე, რომელიც სუვენირებითა და საზღვაო აქსესუარებით ვაჭრობს. კრიზისის მიუხედავად, ბათუმის მაღაზიებსა და კაფეებში ფასები არ იცვლება: ბულვარში წყალი (500 მლ) 3 ლარი ღირს, შეზლონგის დაქირავება 3 ლარიდან იწყება, განსხვავებული ფერი 5 ლარია, ქოლგის ქირაობისას კი კიდევ 3 ლარი ემატება. შეზლონგებს შორის დისტანცია დაცული არ არის, არც დეზინფექცია უტარდება. მთელი დღე მზეზე დევს და მზე ბაქტერიებს კლავსო, თავს იმშვიდებენ გამქირავებლები. ამის მიუხედავად, მათ მაინც ითხოვენ - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ დამსვენებელს ქვაზე წოლას შეზლონგი ურჩევნია. ზოგი თვითონ წმენდს სპირტით, ზოგი კი ცოტა ხნით ივიწყებს კორონავირუსის არსებობას. სანაპირო ზოლისგან განსხვავებით, სიმკაცრეა კაფე-ბარებსა და მაღაზიებში - თერმოსკრინინგი ტარდება და პირბადით სიარულსაც მკაცრად ამოწმებენ. აქაურები, ძირითადად, დამსვენებლებისგან იცავენ თავს - ეშინიათ, მათ არ ჩამოიტანონ ვირუსი.
საღამოობით კაფე-ბარები თითქმის ცარიელია, მაგრამ რამდენიმე რესტორანი კლიენტს ვერ აუდის - თითქოს ყველა, ვინც ბათუმში ჩავიდა, იქ იყრის თავს. რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ამის მიზეზი ფასი და ხარისხია. როგორც იტალიური რესტორნის თბილისელმა მენეჯერმა მითხრა, მისაღები ფასებისა და ხარისხის გამო რესტორანში მუდმივად ჰყავთ კლიენტი, თვითონ მენეჯერი კი თბილისში უმუშევარი დარჩა და ბათუმში გადმოინაცვლა.
"თუ ტურისტი არ იქნება და ვერ ვიმუშავებთ, წავალთ სახლში და ჩვენი სახსრებით გამოვკვებავთ ცხოველებს"
თბილისიდან ბათუმში სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდნენ როკი (თუთიყუში) და სიომაც (მაიმუნი), რომლებიც მანამდე რიყის განუყოფელი ნაწილი იყვნენ.
დათო კვატაშიძე: - ერთი თვეა, აქ ვართ. თავიდან საერთოდ ვერ ვმუშაობდით, ახლა ცოტა იმატა დამსვენებელმა. თბილისში, რიყის პარკში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ ლისის ტბაზე გადავინაცვლეთ, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ვიდექით... აქ რომ ჩამოვედით, ჯერ 13-14 ივლისს ველოდით ტურისტებს - ამბობდნენ, 14-ში ჩამოვლენო. ახლა გადაიწია ამ თარიღმა... თუ ტურისტი არ იქნება და ვერ ვიმუშავებთ, წავალთ სახლში და ჩვენი სახსრებით გამოვკვებავთ ცხოველებს.
რაც აქ ვართ, ბევრი შეგვხვდა რუსი, ირანელი, ინდოელი - ყველა პანდემიის დროს ჩარჩენილი, თუმცა, ძირითადად, მაინც თბილისელები არიან და ისინიც ცოტა - ხალხს ფინანსური კრიზისი აქვს...
"ბინების ფასი 400 დოლარიდან იწყება და 2000-იც კი ღირს"
ტარიელ რომანაძე, ძირძველი ბათუმელი: - რუსებს აქ ბინები აქვთ ნაყიდი და აქედან რუსეთში ონლაინ მუშაობენ.
2012 წლის შემდეგ რუსებმა და ირანელებმა მასობრივად დაიწყეს აჭარაში უძრავი ქონების შეძენა და მუშაობა. უამრავ ირანელს ვიცნობ, აქაური ცოლები მოიყვანეს და მაკლერობა დაიწყეს. ირანელი და არაბი რომ ჩამოდის, თავისიანს უკავშირდება ბინის შესაძენად და, ფაქტობრივად, ადგილობრივს ართმევს სამუშაო ადგილს. სასტუმროს ტიპის სახლები, რომლებიც თურქების აშენებულია, სულ ირანელებით და არაბებით არის დასახლებული.
ბათუმში ბინების ფასი 400 დოლარიდან იწყება. 2.000 დოლარიც კი ღირს 1 კვმ ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, "ჰილტონის" გვერდით 1.200 დოლარი ღირს 1 კვმ. ერთ-ერთ კორპუსში ბოლო ორი სართული მთლიანად უკრაინელმა იყიდა და 3 მილიონი დოლარი გადაიხადა. იუსტიციის სახლთან ერთ-ერთ კორპუსში გერმანიაში მცხოვრებ, წარმოშობით ყაზახს 36 ბინა აქვს ნაყიდი და სასტუმროდ გადააკეთა. აქაურები, ძირითადად, მშენებლობაზე მუშაობენ, უცხოელები კი ქართველებს ქირაობენ მენეჯერებად და ადმინისტრატორებად. იმ ანაზღაურებით, რასაც ქართველ ადმინისტრატორს უხდიან, უკრაინელი და რუსი არ იმუშავებს, ქართველისთვის კი ეს კარგი გასამრჯელოა. რუსებს აქ უფრო იაფი უჯდებათ ცხოვრება. რუსეთში თავიანთი ბინები გაქირავებული აქვთ, იმ ქირით აქ, ბათუმში, ქირასაც იხდიან, კომუნალურებსაც, ჭამენ, სვამენ და რესტორანშიც ერთობიან ყოველ შაბათ-კვირას. ახლა რომელ ქვეყნებთანაც საზღვრებს ხსნიან (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია), იქიდან აჭარაში ტურისტები ძალიან იშვიათად ჩამოდიან. წელს პანდემიის კვალი ბათუმს ყველაზე მეტად ბინების გაქირავებაზე დაეტყო. ბინის მეპატრონეები იმის შიშით, რომ ტურისტი არ ჩამოვა, ან პანდემიის მეორე ტალღა დაიწება, ბინებს 20-30 ლარით ნაკლებად, ზოგი კი ნახევარ ფასადაც აქირავებს. ბათუმელები აგვისტოს თვეს იმედით შეჰყურებენ და სჯერათ, რომ მართალია, შარშანელისგან განსხვავებული, მაგრამ შემოსავალი მაინც ექნებათ.