რა უნდა გავითვალისწინოთ სამსახურის ძებნისას - კვირის პალიტრა

რა უნდა გავითვალისწინოთ სამსახურის ძებნისას

ბევრ ახალგაზრდას სურს მუშაობა, თუმცა უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოიძიოს სამსახური და რა დეტალებს მიაქციოს ყურადღება გასაუბრებისას. ჩვენ დავუკავშირდით HR გუნდის ხელმძღვანელს ქრისტინე ჩიქოვანს, რომელმაც გვასწავლა ხრიკები, რომლებიც დასაქმებაში დაგვეხმარება.

- ქალბატონო ქრისტინე, რა სახის საზაფხულო სამუშაო ჭარბობს წელს?

- საქართველოს დასაქმების პორტალებს სეზონური საქმიანობა არა აქვთ გამოყოფილი ცალკე კატეგორიად, რომლის საშუალებითაც სამსახურის მაძიებელი მარტივი ფილტრის საშუალებით იპოვის სასურველ ვაკანსიას. მე რამდენიმე კომპანიის პლატფორმას გავეცანი. მათზე უმეტესად ნახავთ როგორც დედაქალაქის, ასევე საკურორტო ზონების ბარების, კაფეების განცხადებებს, სადაც მიმტანებს, მზარეულებსა და დიასახლისებს სთავაზობენ ვაკანსიას, საბითუმო ვაჭრობის სექტორს მოლარე-ოპერატორები და გამყიდველები სჭირდებათ. ყველა სეზონზე საჭირო პოზიციებად გამოიკვეთა ვებდეველოპერი, გაყიდვების მენეჯერი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. ხშირია ვაკანსია კურიერებზე, რაც მიწოდების სერვისის განვითარებამ განაპირობა... პანდემიამ მსოფლიოს ცხოვრების წესის შეცვლისკენ უბიძგა. უკვე ყველასთვის მისაღებია ვირტუალური შეხვედრები ციფრული პლატფორმების გამოყენებით.

- ყველაზე მეტად რომელი კომპანიები დაზარალდნენ? - Futurelearn-ის კვლევის საფუძველზე დაზარალდა: 1. ჰოსპითალითი, გართობადასვენება (სასტუმროები, პაბები, სპორტდარბაზები), სადაც დასაქმებულებს 54%-ით შეუმცირდა ყოველთვიური შემოსავალი; 2. კვების ინდუსტრია - რესტორნების უმეტესობა პანდემიის დროს დაიხურა, ხოლო ვინც შეძლო მიტანის სერვისის დამატება, შედარებით შეინარჩუნა ბიზნესი; 3. საცალო ვაჭრობა, სადაც ვაკანსიების რაოდენობამ მსოფლიოში 80%-ით იკლო.

ინდუსტრიები, რომლებმაც გადაარჩინეს ეკონომიკა და რომელთა საჭიროება გამოაჩინა პანდემიამ: 1. ონლაინგანათლების პლატფორმები, 2. დაიხურა ecommerce-მაღაზიები, რომლებმაც თანამშრომლობა დაიწყეს ecommerce-პლატფორმებთან. მაგალითად, ქართულ პლატფორმებზე, როგორიცაა mymarket და myshop, მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა ნივთის ონლაინშეძენაზე. იგივე ითქმის ფარმაცევტულ კომპანიებზე. გაიზარდა ვიდეოთამაშების მოთხოვნა.

დღევანდელ სამუშაო ბაზარზე კონკურენცია მაღალია, შესაბამისად, სამსახურის ძიებისას თითოეულ დეტალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განვიხილოთ ის უმთავრესი დეტალები, რომლებიც თქვენს კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს. თავდაპირველად, ჩამოაყალიბეთ კარიერული მიზნები; შეარჩიეთ ინდუსტრია, სადაც ისურვებთ დასაქმებას; მუდმივად გაეცანით თქვენთვის სასურველ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს, ტრენდებს; გამოიკვლიეთ ყველა ის კომპანია, სადაც გსურთ დასაქმება; გააანალიზეთ, რა უნარების მქონე კანდიდატებს ანიჭებენ უპირატესობას. ამის შემდგომ დაიწყეთ ვაკანსიის ძებნა პლატფორმებზე. თუ იპოვით სასურველს, დეტალურად წაიკითხეთ ყველა ის უფლება-მოვალეობა და მოთხოვნა, რაც დამსაქმებელს აქვს. ამის შემდგომ დაიწყეთ თქვენი რეზიუმეს შედგენა ვაკანტური პოზიციის შესაბამისად. გახსოვდეთ, რეზიუმე უნდა იყოს მორგებული პოზიციაზე. კარგად მოემზადეთ გასაუბრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სოციალურ ქსელს, ვინაიდან თქვენი მომავალი დამსაქმებელი აუცილებლად დაინტერესდება თქვენი აქტივობებითა და შეხედულებებით.

გასაუბრებაზე დამქირავებელს დაუტოვეთ შთაბეჭდილება, რომ თქვენ მუდმივად ადევნებთ თვალყურს მის საქმიანობასა და განვითარების ეტაპებს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი საუბრის მანერას, კილოსა და არავერბალურ კომუნიკაციას; იყავით ხალისიანი და დამსაქმებელს დაანახეთ ენთუზიაზმი, ინტერესი...

- რამდენად მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე გასაუბრებისას? - სასურველია, საქმიან სტილში გეცვათ. უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალურ ფერებს: ნაცრისფერს, ლურჯს, შავს ან ყავისფერს, რათა არ გამოიწვიოთ დამსწრეთა გაღიზიანება. შავი ფერი თქვენს ლიდერობას, განსაკუთრებულობას გაუსვამს ხაზს; ლურჯი ფერი ნდობასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს. ეს ფერი გამსაუბრებელს აძლევს ინფორმაციას თქვენი გუნდურობის შესახებ. ნაცრისფერი გვეუბნება, რომ კანდიდატს აქვს კარგი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი, რომ დამოუკიდებლად შეუძლია მუშაობა.

ხათუნა კორთხონჯია