"ეს სოციალური პაკეტი ნამდვილად იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"ეს სოციალური პაკეტი ნამდვილად იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება"

იყო თუ არა სოციალური დახმარების პაკეტი ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში ან რამდენად შეიძლება უზრუნველყოს მან ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, ამის შესახებ სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გვესაუბრება:

- როგორ ფიქრობთ, 200 ლარი 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი შეცვლის იმ მძიმე ვითარებას, რომელიც შეიძლება ამ ზამთარში გვქონდეს?

- ეს სოციალური პაკეტი ნამდვილად იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება. მესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის ის, რაც ბიუჯეტის რესურსების გათვალისწინებით შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ პანდემიის დასაწყისშივე ვივარაუდეთ კორონავირუსის მეორე ტალღა და რესურსები იმდაგვარად გადავანაწილეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მეორე ჯერზეც გვქონოდა მოსახლეობის დახმარების საშუალება. ვითვალისწინებთ, რომ ხალხს ძალიან გაუჭირდება ზამთრის დადგომასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი კომუნალურ გადასახადებზე. ამასთან, დავუფარავთ სწავლის საფასურს იმ სტუდენტებს, რომლებსაც 150 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ. დავეხმარებით იმ სტუდენტებსაც, რომელთაც გადაუხდელობის გამო შეჩერებული ჰქონდათ სტატუსი. ხშირად გვეკითხებიან, თუ საიდან მოვიზიდეთ ეს თანხები - დიდი ნაწილი, დაახლოებით 134 მილიონი, კოვიდფონდიდან მოდის, 100 მილიონი ბატონი ბიძინა ივანიშვილის შენატანია. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ შეიძლება ეპიდემიის მესამე ეტაპთანაც მოგვიწიოს გამკლავებამ და ამისთვისაც მზად ვართ.

- პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საკმაოდ დიდი სესხი გვაქვს აღებული.

- სესხი მხოლოდ პანდემიასთან საბრძოლველად არ აგვიღია. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემისა და სხვადასხვა მიზნისთვის თანხები. ასეთ სპეკულაციებს ავრცელებს ოპოზიცია, რომელიც საფრთხედ აღიქვამს ხელისუფლების "კოვიდთან" ბრძოლაში მოპოვებულ მაღალ რეიტინგს. შიშობენ, რომ ეს მათ საარჩევნო ხმებზე ნეგატიურად აისახება.

- პანდემიის დასრულების შემდგომ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა?

- ამიტომაც მსოფლიო დადგა არჩევნის წინაშე - პრიორიტეტი მიანიჭოს ჯანმრთელობას თუ ეკონომიკას. ზოგიერთმა ქვეყანამ ეკონომიკა ამჯობინა და უმძიმესი დარტყმა მიიღო ჯანდაცვაზე, ეს კი სარკისებურად აისახა ეკონომიკაზეც. ჩვენ ამ ორი ვარიანტიდან ჯანმრთელობა ავირჩიეთ. რა თქმა უნდა, პრობლემები გვაქვს, გვყავს სოციალურად დაუცველები, დევნილები, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ფინანსური დანაკარგის თავიდან ასარიდებლად ხალხს ვერ გავწირავთ.

- ხვალ რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, როგორ უზრუნველვყოფთ მოსახლეობას თუნდაც სურსათით?

- ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, გვაქვს გარანტიები, მოკლევადიანი გათვლები, ვმუშაობთ გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზეც. ასე რომ, აპოკალიფსური სურათის დახატვა არ არის საჭირო.

ხათუნა ბახტურიძე