ვის მისცემს ხმას ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი?! - კვირის პალიტრა

ვის მისცემს ხმას ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი?!

"არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა უკავია ერთ ქვეყანაში, მეორე ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდეს"

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც "ქართული ოცნების" დამარცხებას და კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავენ, დღეს მთელ რიგ საკითხებზე ვერ რიგდებიან. მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ წინასაარჩევნო ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ოლქებსა და უბნებში კანდიდატების გადანაწილებაზე. როგორია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასტარტო პოზიცია წინასაარჩევნოდ, ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გვესაუბრება.

- ოპოზიციური ერთობა იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად შექმნილი დროებითი გაერთიანება. შესაბამისად, ერთობის დაშლა არც გასაკვირია და არც მოულოდნელი. ყველა პარტიას თავისი მიზნები და ამბიციები აქვს. ამიტომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ვიხილოთ არა გაერთიანებები, არამედ დამეგობრებული ან დაწყვილებული პარტიები, თუმცა ეს კავშირი იქნება ღირებულებებსა და იდეოლოგიურ თანხვედრაზე დაფუძნებული.

- ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავიანთი ამბიციების გამო საერთო მიზნის მისაღწევადაც ვერ ახერხებენ რიგ საკითხებზე შეთანხმებას, როგორ ითანამშრომლებენ კოალიციურ მთავრობაში? - მთავარია, საქართველოში შეიქმნას პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკური პარტიები იმთავითვე თანამშრომლობენ გარკვეულ პრინციპებზე (მაგალითად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, დეოკუპაციის პოლიტიკა, თავისუფალი სასამართლო, უკეთესი საინვესტიციო გარემო და ა.შ.) იმისდა მიუხედავად, თუ როგორი პროპორციებით გადანაწილდება ადგილები პარლამენტში. თუ ამ პრინციპებზე შეთანხმებას მოახერხებენ, ძალიან კარგი იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე ქვეყნისთვის. ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ თავიანთი ელექტორატი და იციან, რომ ისინი ყველა შემთხვევაში მისცემენ ხმას. ზოგიერთი მათგანი ამით კმაყოფილია, ზოგიერთი კი ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდისთვის იბრძვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთი მხოლოდ ადგილისთვის იბრძვის, ზოგიერთი კი მიზნისთვის. მიზნისთვის მებრძოლი პარტიები ცდილობენ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გული მოიგონ.

შეიქმნა ახალი პარტიებიც, რომლებიც საკუთარ ელექტორატს ეძებენ. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება "ქართული ოცნებიდან" წამოსული ლიდერების ჯგუფი, ასევე გიორგი ვაშაძე. ის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს.

- ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ეჭვიანი და ამავე დროს მომთხოვნია. - დღეს ამომრჩევლის დიდი ნაწილი ეჭვიანი და სკეპტიკურად განწყობილია. მათ აღარ უნდათ კიდევ ერთხელ გააკეთონ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. თუმცა ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები იმედგაცრუებული ამომრჩევლის გულის მოგებას. დღეს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულს მოიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლას, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის იტყუება.

- რამდენად შეძლებს ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე დაგროვებული დივიდენდების შენარჩუნებას? - "ქართულ ოცნებას" ისევ აქვს უპირატესობა იმის გამო, რომ პანდემიის პირველ ეტაპს წარმატებით გაუმკლავდა. თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა ხელისუფლება უკვე არსებული შედეგების კაპიტალიზაციას და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას.

- ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც დეკლარირებულად კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, ცდილობს თავად მოვიდეს უმრავლესობაში. - ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ქიშპობას უფრო მეტ დროს ანდომებენ, ვიდრე საერთო ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლას. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ეს სიახლე არ არის და არ მესმის, რატომ აპროტესტებენ სხვები.

- "ნაციონალურ მოძრაობას" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის უთანხმოება ხშირად სააკაშვილის სკანდალური განცხადებებითაც არის განპირობებული. რა პოლიტიკური რესურსი აქვს ახლა სააკაშვილს? - არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც ოფიციალური თანამდებობა უკავია ერთ ქვეყანაში, მეორე ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდეს. ეს ნონსენსია. ამ რეალობის გათვალისწინებით ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური რესურსი "ნაციონალური მოძრაობისთვის" ან ჩვენი ქვეყნისთვის.

ხათუნა ბახტურიძე