ბატატის ჯიშების შესანიშნავი ხუთეული - კვირის პალიტრა

ბატატის ჯიშების შესანიშნავი ხუთეული

"ფერმერმა ეს კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა და მის მოყვანას სამ წელიწადს სწავლობდა. ბატატის დიდი მოსავალიც საქართველოში პირველად მან

აიღო"

ცოდნა, გამოცდილება და შრომის სურვილი - ლაგოდეხელი 82 წლის ფერმერ შოთა ერიაშვილის შესახებ საუბარი ასე უნდა დავიწყოთ. პროფესიით ბიოლოგი სკოლაშიც მუშაობდა, ლაგოდეხის ნაკრძალში მეცნიერი მუშაკი გახლდათ. შინამეურნეობა ადრეც ჰქონდა, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ ფერმერობა დაიწყო. სიახლეებს არ უშინდება, უყვარს ინოვაციები. ჯერ კიდევ 1986-1987 წლებში კივის გამოყვანა დაიწყო, როცა ეს კულტურა მასობრივად არ იყო ჩვენთან გავრცელებული... ახლა მოჰყავს ბატატი და ამით უკმაყოფილო ნამდვილად არ არის.

შოთა ერიაშვილი:

"გადავწყვიტე ჩემთვის გამომეყვანა მას შემდეგ, რაც ერთ ადგილას ვნახე. ავაჭერი კალმები და გავახარე. რომ გაიგეს, მითხრეს, მოგვყიდეო და მივყიდე, რადგან 10 ძირზე მეტი მაინც არ მინდოდა. შემდეგ წელს კიდევ დავაკალმე, მესამე წელს კი 500-600 ძირამდე ავედი. ყოველი დაკალმებული ნაყოფსა და მოსავალს მესამე წელს მაძლევდა. კივი ეზოში 200 კვადრატულ მეტრზე მქონდა გაშენებული. რაც სათბური ავაშენე, რაღაცების შეცვლა მომიხდა", - გვეუბნება შოთა ერიაშვილი, რომელმაც სათბური ბატატს დაუთმო. ეს კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა და მის მოყვანას სამ წელიწადს სწავლობდა. ბატატის დიდი მოსავალიც საქართველოში პირველად მან აიღო (ამის შესახებ "მამულ-დედული" წერდა). საინტერესოა, კარგად დაწყებული საქმე დღეს როგორ ვითარდება.

- თავდაპირველად, 11 ბატატი ვიშოვე, ფანჯრის რაფაზე მოვიყვანე და იქიდან ნახევარი ტონა ავიღე. მერე 900 ცალი დავდე გასაღივებლად - ამისთვის საძინებელი გავათავისუფლე და სათბური მოვაწყვე... ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსი იყო და მორწყვისას სულ გამიშავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სათბურის გაკეთება, სადაც უფრო ბევრ ბატატს მოვიწევდით. მერე "ქეა"-ევროკავშირისგან მივიღეთ პატარა გრანტი.

- დიდი სათბურია? - იმხელა დაფინანსებაც არ მიგვიღია, რომ დიდი სათბური გაგვემართა.

სულ 70 კვადრატული მეტრია, ბილიკების გაკეთების შემდეგ კი 40 კვადრატული მეტრიღა დარჩა. მერე დიდი თაროები გავმართეთ და ფართობიც გაიზარდა. შარშან მოსავალი 15 ტონამდე მოვიდა.

- მოსავალს სანამ გაყიდით, სად აბინავებთ?

- თავიდან დასაბინავებელი ადგილი არ გვქონდა. ამიტომ ოთახში დავაწყვე 8 ტონა ბატატი, დანარჩენი კი სათბურში. მაგრამ სათბურის კედლები თხელია და 2-3 ტონამდე გაგვიფუჭდა, რადგან შესანახი ტემპერატურა ვერ დავიცავით. მოკლედ, აღებული თანხა უკან ჩავაბრუნეთ და აგერ, ხელოსნები საწყობის გაკეთებას გასულ კვირას მორჩნენ - საქათმე მოვშალეთ და მის ადგილას ავაშენეთ საწყობი (56 კვმ). ასე რომ, წლევანდელ მოსავალს კარგად დავაბინავებთ, რომ არ გაფუჭდეს, კონდიციონერსაც დავამონტაჟებთ და სათანადო ტემპერატურას დავიცავთ. ჰიპერმარკეტთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული და წელს მომხმარებელს უფრო ხარისხიანი პროდუქტით მოვამარაგებთ. ბატატის შემოსვლის აგროვადა 4 თვეა. ოქტომბრის 5-10 რიცხვისთვის მოსავლის ამოღებას დავასრულებთ.

- პროცესი იწყება სათბურში და შემდეგ ღია გრუნტში ინაცვლებს, ხომ ასეა?

- კი, ჯერ ნერგი გამომყავს, გადარგვის პერიოდში დღეში საშუალოდ 1000 ცალს ვჭრი, ვაფესვიანებ, მერე კი ღია გრუნტში გადამაქვს.

ბატატი რთულად მოსავლელი კულტურაა, ნერგი თუ არ გამოიყვანე, არ მოდის. რომ დარგავ, როგორც გოგრა და კიტრი, ისე იზრდება. მუხლთა შორისებში, ფოთლის "იღლიებში", მასაც გამოაქვს ფესვი. ნაკვეთში, სადაც საბოლოოდ გადაგვაქვს, მულჩირებას ვუკეთებთ - ჯერ მიწა იხვნება, ფხვიერდება და მერე მისაყრელად მზადდება. გავჭიმეთ წვეთოვანი სისტემაც, ცელოფანი დავაფინეთ და მის ნახვრეტებში ყოველ 40 სანტიმეტრში დავრგეთ.

- მორწყვა ინტენსიურად სჭირდება? - ეს დამოკიდებულია წელიწადზე, მიუხედავად ამისა, მორწყვა ხშირად უნდა. წვიმა რომ მოვიდეს, ცელოფანში ხომ ვერ ჩავა? ამიტომ წვეთოვანით ვრწყავთ. ყოველ წელს საუკეთესო ნიადაგი კი გვაქვს, მაგრამ მორწყვის მიუხედავად, წლეულს გვალვა ცელოფანს ახურებს და ცოტა შეაწუხა, თან ივნის-ივლისში წვიმა არ ყოფილა.

- ბატატმა რით მიიქცია თქვენი ყურადღება?

- ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. მისი 100-ზე მეტი ჯიში არსებობს. ისეთი სასარგებლოა, მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და ორი თვის პატარას მხოლოდ ბატატი აჭამოს, ბავშვი ჯანმრთელი გაიზრდება, რადგან ბატატი გაჯერებულია ყველა საჭირო ელემენტითა და ვიტამინით. მართალია, ძალიან ტკბილია, მაგრამ დიაბეტიანებს არ ავნებს. ჰიპერმარკეტში კილოგრამი 11 ლარი ღირს, ჩვენგან კი აქამდე 3,5 ლარად იბარებდნენ. უცხოეთიდან შემოტანილი ბატატი, არა სეზონზე, სხვა ქსელში 17,95 ლარადაც მინახავს.

- რამდენი ჯიშის ბატატი მოგყავთ? - ხუთი ჯიში გვაქვს: სტაფილოსფერი გულით, იისფერი, თეთრი (მას "გოჩა" ჰქვია და უფრო კარტოფილს ჰგავს, მეტ სახამებელს შეიცავს), სტაფილოსფერში ბევრი კაროტინია, იისფერი დიდი რაოდენობით ანტოციანინებს შეიცავს, სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებს.

- ხანდაზმული კაცი ხართ, მაგრამ ახალგაზრდული შემართებით შრომობთ... - 14-15 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. მას შემდეგ ერთი დღეც არ ვყოფილვარ უქმად, შრომას მიჩვეული ვარ. ჯდომა რა ხელს მომცემს?! სიცოცხლე მოძრაობაა. თუ არ მოძრაობ, გაჩერებული ხარ, რა სიცოცხლეა?!

ჩემი სახლიდან ლაგოდეხის ნაკრძალი 14 მეტრშია. ძალიან მიყვარს ბუნება, მთელი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, იქ მაქვს გატარებული. პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალ ნაკრძალსა და მათ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ვარ ნამყოფი, საქართველოში ხეობა არ დამიტოვებია, ფეხით არ მომევლო, ყველა უღელტეხილზე გადავსულვარ.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს და ახალგაზრდა მეურნეებს? - თუ ადამიანს მუშაობა უნდა, საქმეს იშოვის, უნდა დაუკვირდეს, რა ეხერხება და რისი სურვილი აქვს. თუმცა, თუ საქმეს მონდომებით არ გააკეთებს, შედეგს ვერ მიიღებს. ახლა, მით უმეტეს, საქმის კეთებისა და ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებას ინტერნეტიც იძლევა. გაჩერება არ შეიძლება, მუდმივი მოძრაობაა საჭირო.