"მაღალმთიანი აჭარა ჩემი უკონკურენტო ფავორიტია" - როგორ აფასებენ მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობას ცნობილი ქართველი ბლოგერები
მთიანაჭარაში ცნობილი ქართველი ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ინსტაგრამსა“ თუ "ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, ბლოგერებმა გამომწერებს მაღალმთიანი აჭარის შეუდარებელი ბუნება გაუზიარეს, ამან კი საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერებმა კინტრიშის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა მოინახულეს. მათი შთაბეჭდილებების გასარკვევათ ჩვენ ბლოგერებს დავუკავშირდით:
ნათია ჩალაძე - ლილიუმის ბლოგი:
“მთიან აჭარაში ჩვენი მოგზაურობა 1 კვირა გაგრძელდა და 18 ლოკაციას მოიცავდა. მოვინახულეთ მტირალას პარკი, მაჭახელას და კინტრიშის ხეობები, მეძიბნას და მერისის ჩანჩქერები, ჩირუხი, ბეშუმი და ა.შ.
ეს იყო ჩემი მეორე მოგზაურობა მთიან აჭარაში და ისევე როგორც პირველად, მთა ჩირუხი კვლავ ჩემი ფავორიტია. დანარჩენ ორ ფავორიტში ბათუმთან ახლოს, ჩიტების გადაფრენის დაკვირვების ადგილი და ხაბელაშვილების 300 წლიანი ხიდია. ეს ხიდი ყველამ უნდა ნახოს, ჰარი პოტერის წიგნიდან გადმოსულს გავს და ულამაზესია.
მოვლილი მაქვს სრულიად საქართველო და მაღალმთიანი აჭარა ჩემი უკონკურენტო ფავორიტია.
- როგორი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა, გაეცანით თუ არა რაიმე ახალ ადათ-წესს, დააგემოვნეთ თუ არა რომელიმე აჭარული კერძი?
- მაღალმთიან აჭარაში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მათი მსგავსი სხვაგან არ შემხვედრია. აქ, როგორც კი სახლიდან დაგინახავენ, ოჯახის წარმომადგენელი აუცილებლად გამოვა გარეთ რომ ოჯახში ტკბილეულზე შეგიპატიჟოს. ერთად 7 ბლოგერი ვიყავით ამ ტურზე და ჩემი მეგობრებიც დამეთანხმებიან, მათთვის შენი სტუმრობა ზეიმია.
ადათ-წესებს რაც შეეხება, ერთ ოჯახში ყავაზე დაგვპატიჟეს, ოჯახის უფროსმა 7 დღის ბავშვი მყავს და სანამ შემოხვალთ, ასანთი უნდა შემოგატაროთო, ამით მის პატარას ავი თვალისგან იცავდა. ამ წესზე აქამდე არაფერი მსმენია, მთიანი აჭარა ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.
გურამ შეროზია, ბლოგერი:
- აჭარის მაღალმთიანი რეგიონი აქამდეც მქონდა ნანახი და არასდროს მეზარება კიდევ და კიდევ ნახვა! ტურისტული ადგილებიდან მე ჩირუხს, მწვანე ტბას და ხიხანის ციხეს გამოვყოფდი...
აჭარაში საოცარი მასპინძლობა იციან, იმდენ ოჯახში დავლიეთ ყავა, ბოლოს ცუდად ვიყავით, თუმცა ამდენ გულითად მოპატიჟებასაც უარს ვერ ვეტყოდით... მომწონს აჭარული კერძებიც, ჩემი ფავორიტია: ბორანო, სინორი, კაიმაღი და რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპური!
აუცილებლად უნდა ნახოთ მთელი რეგიონი, ვერ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ ადგილს. თუ დრო გექნებათ აუცილებლად ესტუმრეთ მთიანაჭარას.
სოსო ნებიერიძე, ბლოგერი:
"აჭარაში მოგზაურობისას საკმაოდ ბევრი ადგილი ვნახეთ: მტირალას ეროვნული პარკი, მერისის, მეძიბნას ჩანჩქერები, ლელთის ტბა, ჩირუხი, ხიხაძირი და სხვა. ყველაზე მეტად მომეწონა ჩირუხი, პირველად ვნახე მეძიბნას ჩანჩქერი და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ასევე გამოვარჩევდი ხიხანის ციხეს. შარშან ვიმოგზაურე მთიან აჭარაში და წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, სწორედ ამიტომ დაუფიქრებლად წავედი წელსაც...
აჭარაში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ყველა ცდილობს შეგიპატიჟოს და გაგიმასპინძლდეს, მათთან ურთიერთობა მოგზაურობის ყველაზე საინტერესო და კარგი ნაწილია. მოსახლეობასთან ურთიერთობისას გავეცანი ისეთ ადათ-წესებსაც, რომლის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი.
რაც შეეხება აჭარულ კერძებს, შეუძლებელია აჭარაში იმოგზაურო და არ დააგემოვნო აჭარული ბორანო და კაიმაღი. ყველას ვურჩევ აიღონ ჩანთები და დაუფიქრებლად წავიდნენ მთიანი აჭარის აღმოსაჩენად, რეალობა მოლოდინებს აუცილებლად გადააჭარბებს.“
სალი წვერავა, ბლოგერი:
აჭარაში მოგზაურობისას ძალიან საინტერესო იყო მოსახლეობასთან ურთიერთობა, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ადამიანები არიან. ჩავერთე სხვადასხვა სახალისო ვიქტორინაში და დავაგემოვნე აჭარული სინორიც, რომელიც ძალიან გემრიელი იყო.
- რას ურჩევთ ტურისტებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ ნანახი აჭარის მაღალმთიანი კურორტები?
- ვფიქრობ, ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ადამიანმა იმისთვის, რომ შეიძინოს ახალი, დაუვიწყარი და დადებითი ემოციები.
მოგზაურობის დაგეგმვისას ყველას ვურჩევ, რომ აჭარაში ჩასვლისას მხოლოდ ზღვით ნუ დაკმაყოფილდებიან, რადგან უფრო მეტი სიამოვნება და აღტაცება აჭარის მთებში ელით. მთა ჩირუხი ჩემი საყვარელი ადგილია საქართველოში, ეს არ არის სოფელი - საზაფხულო საძოვარია, სადაც ხის ერთნაირი სახლები დგას და უთბილესი ხალხი ცხოვრობს. ეს ადგილი ყველაზე მისტიკურიცაა. ნისლი 5 წუთში გახვევს ხოლმე მთელს ჩირუხს და მერე ისევ მზე გამოდის... საოცარი სანახაობაა და გულით ვურჩევ ყველას, თუ აქვთ შესაძლებლობა ესტუმრონ ამ საოცარ მთას.
ზურა გელაშვილი, ბლოგერი:
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას ყველაზე მეტად ჩირუხი მომეწონა, შემდეგ ბეშუმთან მდებარე სოფლები მწვანე ტბის ბილიკზე და ბოლოს მწვანე ტბა...
პირველად ვიყავი მაღალმთიან აჭარაში. ჩემთვის ეს იყო დიდი თავგადასავალი, ყველაზე მეტად მომხიბლა ადგილობრივებთან კონტაქტმა. წარმოუდგენელიც კი არის იქ რაც ხდება, ეს უნდა ნახოთ ამას ვერ გადმოვცემ თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სტუმრებისადმი.
ახალ ადათ-წესებსაც გავეცანი და დაგემოვნებით ლამის ყველა აჭარული კერძი გავსინჯე. ბორანო ძალიან მომეწონა.
ტურისტებს ვურჩევ მეტი სპონტანურობა გამოიჩინონ: ადექით, ჩაალაგეთ ბარგი და გაიქეცით ჩირუხში... ჩირუხი ზედმეტად შემიყვარდა.
ნუ ელოდებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ან კომფორტს. ჩირუხში დაგხვდებათ სიყვარული, ურთიერთობები, საოცარი ბუნება, ნისლი, ნისლი და კიდევ ნისლი, რომელიც გაგაგიჟებთ იმდენად ლამაზად ერწყმის უსასრულო მთებს. ყველაზე სიცოცხლით სავსე სოფელია ჩირუხი, ყველა მხრიდან ისმის ბავშვების ჟრიამული, საღამოს კოცონსაც ანთებენ და ეს ლამაზი ბუნება უფრო მეტად ემსგავსება ზღაპრულ სამყაროს.
ოთო ნიკურაძე, ბლოგერი:
"აჭარაში არაერთხელ მიმოგზაურია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემთვის მთელს საქართველოში ერთ-ერთი უსაყვარლესი კუთხეა.
ბევრისთვის აჭარა მხოლოდ ბათუმთან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის კურორტებთან ასოცირდება, თუმცა აჭარა გაცილებით მეტია ვიდრე ზღვისპირა რეგიონი. ბათუმიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში იწყება თვალწარმტაცი ბუნება, ულამაზესი ხეობები, მთებზე შეფენილი სახლები.
აჭარის მთავარი ღირშესანიშნაობა ხალხია, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით. აჭარული სამზარულო ხომ ცალკე ხაზგასმის ღირსია.
მოგზაურებს ვურჩევ, გადაუხვიონ მთავარი გზიდან და მოინახულონ საზაფხულო იალაღები, სადაც ბევრად უკეთ შეიგრძნობენ ამ ყველაფერს. აუცილებლად სანახავი ადგილებიდან გამოვარჩევდი ჩირუხის მთას, მერისისა და მეძიბნას ჩანჩქერებს, ღომას მთას, ხიხანის ციხეს და შუამთის ტბებს.
ვიდეოს ავტორი: ოთო ნიკურაძე